და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა




























კითხვა: როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც ვერ ეუბნები მოძღვარს და გინდა რომ ეს ცოდვა მოიშორო, როგორ უნდა მოიქცე?როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც ვერ ეუბნები მოძღვარს და გინდა რომ ეს ცოდვა მოიშორო, როგორ უნდა მოიქცე?
პასუხი:
. . .









Untitled Document

ბეთანიის მონასტერი

თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.

XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, როგორც დიდი ფეოდალების - ორბელიანებისათვის აშენებული განსასვენებელი. ბეთანიის ტაძარი, სავარუდოდ, XII საუკუნის მიწურულს - XIII საუკუნის პირველ წლებში აიგო, წმიდა კეთილმსახური მეფის, თამარის ზეობისას. მის ადგილას უფრო ძველი და პატარა აგურის საყდარი იდგა, რომელიც X თუ XI საუკუნეს განეკუთვნებოდა. გადმოცემით, წმიდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმიდა მეფე თამარის ფრესკა. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის შესამოსელითა და ტაძრის მოდელით ხელში გამოხატულია ქტიტორის დიდი პორტრეტი - ეს არის სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. იგი სამეფო კარის სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა მეფე გიორგი III-ს. გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები ყოფილმა დიდებულმა, აწ კი სიმდაბლით აღვსილმა ბერმა სიმონმა (სუმბატ ორბელიანი) საგვარეულო საძვალეში - კარიბჭის ქვეშ მოთავსებულ აკლდამაში გაატარა და აქვე აღესრულა კიდეც.

მონასტერში იმის კვალიცაა შემორჩენილი, რომ ბევრჯერ მისულა იგი სრული მივიწყებისა და გაქრობის პირას. დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.

XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.

აი, სულ ეს ვიცით სავანის ისტორიიდან. არსებობს კიდევ ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ, რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ. ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია, და ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო, ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, მაგრამ ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძებნა და ხეობის ფსკერზე იპოვნეს ისინი, ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე. ყველად ერთხმად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს. შესაძლოა, ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშნველობა განსაკუთრებით, ჩვენი, ბოლო ჟამისათვის, როცა ბერ-მონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან.

უდიდესმა ქარიშხლებმა გადაუარა თავს ღვთის ამ სავანეს: სარწმუნოების უსასტიკესი დევნის 70-წლიან პერიოდში სწორედ მონასტრები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას: ბერ-მონაზონთა უმრავლესობა დახვრიტეს, გადაასახლეს, ცოცხლად დარჩენილნი კი უმძიმეს შეჭირვებასა და შეურაცხყოფას ითმენდნენ. მაგრამ უდიდესი განსაცდელის დროსაც ბეთანიის მონასტერი მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. აქ ძლიერად კაშკაშებდა ლოცვითი კანდელი - ორი ბრძენი სულიერი მოძღვარი - განუწყვეტლივ აღუვლენდა ღმერთს ლოცვა-ვედრებას. აქ არასოდეს შეწყვეტილა საღმრთო ლიტურგიის აღსრულება, ნათლობა, ჯვრისწერა, ღვთის სიტყვის ქადაგება.

საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება.
მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე). იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა და მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბეთანიაში დაჰყო, საიმედო თანამდგომთა გარეშე იღვაწა. 1894-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა, საკმარისად გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი, ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთიდან გამოძევების შემდეგ, 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა იქ არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძესთან) ერთად. ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ, შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი ყიო. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც უხდიდა. სინადვილეში კი აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში, ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა, ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ და ჯვარსაც სწერდნენ.

და სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც.

1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელმონაზვნადაც აკურთხეს. იგი ფრიად კარგი ბერი და მოძღვარი, შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, 1960 წელს კი ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადდა. თუმცა მისი ნაადრევი აღსასრული მხოლოდ ავადმყოფობის შედეგი როდი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მონასტერს ყაჩაღები დასცემიან და ფული და ოქრო მოუთხოვიათ, იყო ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც. ერთხელ ქალაქიდან მარტო მიმავალ მამა ბასილს ვიღაცეები დახვდნენ და საშინლად სცემეს, ისე, რომ იგი ძლივს მილასლასდა მონასტრამდე. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი მალე გარდაიცვალა. მამა ბასილი ნათესავებმა თეკლათის მონასტერში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.

ასე დარჩა მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო. სამწუხაროდ, იმ ხანებში არ გამოუჩნდა მას ღირსეული მიმდევრები და მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა!

მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს.

ბეთანიელი მამების ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სავანე დროებით დაცარიელდა. დადუმდნენ საეკელსიო საგალობლები და ლოცვითი ღაღადი ტაძრის თაღებქვეშ; მტვრით დაიფარა კანკელი, ანალოღია, შანდლები; ბუჩქნარითა და ჭინჭარ-სარეველით დაიბურა საბოსტნეები და ბაღები; დაიჟანგა თუნუქის სახურავი და ძველ ფრესკებზე წვიმის წყალმა წვრილ ნაკადებად იწყო ჩამოღვრა. მონასტრის ნაგებობებს სავანიდან ორიოდ კილომეტრში მცხოვრები მოხუცი გლეხი დარაჯობდა: მან ხატები და წიგნები სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიტანა, იქვა დააწყო საეკლესიო ნივთებიც და ეს ყველაფერი ბოქლომით ჩაკეტა. უწინდებურად მოდიოდნენ ტურისტები, თუმცა ახლა - მხოლოდ იმისთვის, რომ დაეთვალიერებინათ მიგდებული, მაგრამ „საინტერესო არქიტექტურული ძეგლი“. შედეგში მონასტერში რესტავრატორები და არქიტექტორები მოვიდნენ და დაიწყო კვლევაძიებითი სამუშაოები ფრესკებზე, ჩაატარეს კედლების ქვით მოპირკეთების ნაწილობრივი რესტავრაცია, გადააკეთეს ტაძრის სახურავი, შეაკეთეს სახლი, სადაც ერთ დროს ბერები ცხოვრობდნენ, ახლა იქ მხატვრები და მუშები შესახლებულიყვნენ. ეკლესიაში წმიდა ტრაპეზი კუთხეში მიეწიათ და ზედ სხვადასხვა ძველმანები მიეყარათ; კანკელი და ხატები ტაძრიდან გაეტანათ და შიგა ნაწილი გაურანდავი ფიჭვის მორებისგან აღმართული ხარაჩოებით აევსოთ. ტაძრის ინტერიერი ბნელ და ნესტიან მღვიმეს წააგავდა. იგი ძალზე მოეწონათ ტყის ფრინველებსა და ცხოველებს. ტაძარში ჭოტებმა და ღამურებმა დაიდეს ბინა, და ღამღამობით ტაძრის კარებიდან და სარკმლებიდან ისმოდა აკუსტიკით გაძლიერებული მათი შემზარავი ყივილი.

ასე განვლო 15 წელმა... 1978 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავებელი. მხოლოდ 80-იანი წლების დასასრულისათვის, ბეთანიის მონასტრის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოებრივ წყობასა და საზოგადოებაში; შეიცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაიწყო ახალი ეკლესიებისა და მონასტრების ამოქმედება. მაგრამ ამ დრომდე საქართველოში ბეთანია რჩებოდა თავისებურად ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც სასიხარულო და მანუგეშებელი თავშესაფარი იყო ბევრი, ძალიან ბევრი მორწმუნისათვის.
პირველ წლებში სავანეში მხოლოდ წინამძღვარი და ორი მორჩილი ცხოვრობდა, დანარჩენი კი მხოლოდ სტუმრები იყვნენ, მომსვლელ-წამსვლელნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონასტერში დიდი ხნითაც რჩებოდა. შემდეგ კი უფრო სერიოზულად და თავდადებით განწყობილმა ქრისტიანებმა იწყეს მოსვლა, რომელთაც აღარ სურდათ უკან დაბრუნება.
ათეისტური იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების მთელი არმია აღიზარდა. და ძალზე ბევრნი, დღევანდელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, არქიმანდრიტები და თვით ეპისკოპოსებიც ოდესღაც თავიანთ გზას აქ - ბეთანიაში იწყებდნენ. მათ კარგად ახსოვთ ღვთისმშობლის შობის ეს სავანე და მასზე ძალზე თბილადაც საუბრობენ. ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრების ანთებულიყო. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა, და მათკენ მძიმე ავადმყოფური ძილისაგან გამოფხიზლებულმა ქართველმა ხალხმა იწყო ლტოლვა.
ჩვენ გვწამს, რომ აქ, ბეთანიაში ჩვენზე ღვთის დაუშრეტელი წყალობა გადმოდინდება, რომელიც აქ ყოველთვის უხვად ცხადდებოდა, და ღმრთისმშობლის საფარველის ქვეშ, აქ განსვენებული ორი წმიდა ბერის ლოცვით, სულიწმიდის მადლით, კვლავ აღორძინდება საქართველოში ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება.

ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

ელ. ფოსტა