გიორგი – ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგი
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – გური პორფირის ძე შალამბერიძე
დაიბადა: 25. 02. 1940 წელი. ბაღდადის რაიონი, სოფ. ფერსათი
ანგელოზის დღე: 06. 5; 23.11 – წმ.დიდმოწამე გიორგის ხსენება
დიაკვნად კურთხევა: 21. 09. 1971წ.
მღვდლად კურთხევა: 23. 11. 1971წ.
ბერად აღკვეცა: 13. 10. 1988წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 14. 10. 1988წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 21. 12. 1992წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.
ტელ.: (+995 32) 231 59 69
მობ.: (+995 599) 45 57 37; (+995 599) 14 33 30
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ქ. თერჯოლა, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები).
კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია ტყიბულსა და თერჯოლაში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონ სოფელ ფერსათში. საშუალო სკოლა დაამთავრა ფერსათში, შემდეგ თავისი ძმის – ცნობილი სასულიერო პირის ვიქტორ შალამბერიძის – რჩევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს. 1971 წლის 23 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ იგი აკურთხა მღვდლად და დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. სემინარიაში იგი კითხულობდა ღვთისმეტყველების საგნებს. 1971-1974 წლებში ღვთისმსახურებას აღსრულებდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში. 1974-1978 წლებში – ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკელსიაში. მამა გიორგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წლის 16 მარტს იგი დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ. 1980 წლის იანვრიდან 1988 წლის ოქტომბრამდე იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი.
1988 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეული იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. როგორც მეუფე გიორგი აღნიშნავს: “მე ახალგაზრდობიდანვე გულმა ეკლესიისაკენ გამიწია. ამ გზაზე აწგარდაცვლილმა დედაჩემმა დამილოცა მომავალი. ჩემი უფროსი ძმა ვიქტორ შალამბერიძე ცნობილი სასულიერო პირი იყო კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის დროს, მანვე წარმადგინა პატრიარქთან და ჩემი სურვილი გადასცა. უწმიდესმა მელქისედეკმა დამლოცა და მითხრა: “კარგია რომ სასულიერო პირად გახდომა მოგსურვებია, მაგრამ ჯერ კეისარს მიეცი კეისრისაო, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადე და მერე ვიფიქროთ ამ თემაზეო”. მეც აღვასრულე მისი კურთხევა. შემდეგ ვისწავლე ჯერ სემინარიაში, მერე კი პეტერბურგის (იმხანად ლენინგრადის) სასულიერო აკადემიაში. როცა სამშობლოში დავბრუნდი კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ჯერ ქუთაისის ეკლესიაში დამადგინა, დროთა განმავლობაში მცხეთაში გადმომიყვანეს სვეტიცხოველში… უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებამდე საქართველოში სულ 50-მდე მოქმედი ეკლესია იყო თითზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირებით. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი შრომა გასწია საქართველოს ეკლესიის ფეხზე წამოსაყენებლად. სწორი, გონივრული ტაქტიკა, ათეისტურ ხელისუფლებასთან წარმოებული ბრძნული პოლიტიკით ნელ-ნელა დაიწყო გავერანებული და გაუკაცრიებული ეკლესიების აღდგენა. გადიოდა წლები და საქართველოს ეკელსია ძალას იკრებდა. უფალმა მეც მრავალი კეთილი საქმის შემსწრე და უშუალო შემსრულებელი მამყოფა… ჩემთვის დიდი პატივი იყო მღვდელმთავრად გამორჩევა და ჭყონდიდის ეპარქიის ჩაბარება. XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეპარქია მთელ სამეგრელოს მოიცავდა. ამოდენა ეპარქიაში მოქმედი იყო: სენაკში მენჯის სავანე, თეკლათის დედათა მონასტერი, ქ. ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი და ახლადგახსნილი მარტვილის მონასტერი. ეპარქიაში ჩასვლისთანავე გადავწყვიტე ყველაფერი მეღონა იმისათვის, რომ ღმერთს დაშორებული ხალხი ეკლესიისაკენ შემომებრუნებინა. ოცნებად მქონდა ქცეული, რომ სამეგრელოს ყველა რაიონში თითო სასულიერო პირი და თითო მოქმედი ეკლესია ყოფილიყო. დავიწყეთ ნელ-ნელა ხალხში გასვლა, ჯერ კიდევ შემორჩენილ მორწმუნეთა გარს შემოკრება, ხელმოწერების შეგროვება ტაძრების გახსნის მოთხოვნით. უნდა ითქვას, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, სოფლის საბჭოსა და კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და შევიწროებისა მაინც შევძელით გაგვეხსნა ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, წალენჯიხის მონასტერი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია. ტაძრის ამოქმედება იოლი საქმე არ იყო. ჯერ ხალხში უნდა შეგროვილიყო ხელმოწერები, მერე ადგილობრივ რაიონულ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართავდნენ, იქიდან თხოვნას აგზავნიდნენ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან, რწმუნებული საბუთებს აგზავნიდა მოსკოვში საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომლის განწყობაზე იყო დამოკიდებული ნებისმიერი ეკლესიის ამოქმედება. თანხმობის შემთხვევაში პატრიარქსა და ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება ეძლეოდათ ახლად გახსნილ ეკლესიაში დაედგინათ მოძღვარი. ამის შემდეგ სხვა პრობლემები იწყებოდა. იმხანად ეკლესიები სახელმწიფოსაგან იბეგრებოდა ანუ რაიონულ საფინანსო ორგანოს წარმომადგენლებს შეეძლოთ, თუ მოქმედი ეკლესია სახელმწიფო გადასახადს ვერ გადაიხდიდა, ტაძრის დახურვა მოეთხოვა. ეკლესიის ერთადერთ შემოსავალს გაყიდული სანთლიდან მიღებული თანხა და მღვდელმოქმედებაში აღებული შემოწირულობა შეადგენდა. ახალგახსნილ ეკლესიებში ძირითადად გაჭირვებული მოხუცები დადიოდნენ… თითქმის 19 წელი ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი, ყველა ეკლესიასთან და სამრევლოსთან დიდი სიყვარული მაკავშირებს.” (66, 119-120). მეუფე გიორგის ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა სუჯუნის, სეფიეთის, ტყვირის, მაიდანის, მარანის, აბაშის ეკლესიები. 1992 წლის 21 დეკემბერს ეპისკოპოს გიორგის ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტობა. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი გიორგი დადგენილ იქნა ახლადშექმნილი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მმართველად. ახალი ეპარქია ისტორიული გაენათის ეპარქიის ნაწილს მოიცავს. მეუფე გიორგი ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა ახალ ეპარქიაში ეკლესია-მონასტრების აღორძინებას. მიტროპოლიტი გიორგი არის ღვთისმეტყველების დოქტორი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)