სერგი – ნეკრესის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი
ნეკრესელი მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი
დაიბადა: 1959 წლის 13 აპრილს, ქ. რუსთავში.
ანგელოზის დღე: 8 ოქტომბერი –წმიდა სერგი რადონეჟელი ხსენება.
ბერად აღკვეცა: 13. 04. 1987წ.
დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 1987წ.
მღვდლად კურთხევა: 06. 11. 1988წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 12. 1992წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1995წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.
მისამართი: საქართველო, 2500. ქ. ლაგოდეხი, ზაქათალის ქ. #64
ფაქსი: (+995 32) 265 27 44
მობ.: (+995 599) 55 89 50
ნეკრესის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები)
კათედრა ნეკრესში, ლაგოდეხსა და ყვარელში, რეზიდენცია ლაგოდეხსა და ყვარელში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში.
1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა, გატაცებული იყო სპორ-ტით. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. როგორც თვითონ აღნიშნავს: “ერთი მორწმუნე მეზობელ ქალ მარიასთან დავინახე ბიბლია. მანამდე არ ვიცოდი როგორი იყო, ავიღე, გადავშალე და პირდაპირ ეს სიტყვები ამოვიკითხე: “ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ”… მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი… რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს.” (67, 2009, 3, 14).
1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად. როგორც მეუფე სერგი იხსენებს: “პირველად რომ ჩავედი საფარაში, ღუმელის დანთებაც არ ვიცოდი. 25 დეკემბერს ჩავედით. ვაჟა ძია იყო ყარაული, ის გვეხმაურებოდა. პირველი წირვა შობას ჩავატარეთ. იმ თოვლში დაახლოებით 50 კაცი ამოვიდა ფეხით. ძალიან დიდი სიხარული გვქონდა.” (67, 2009, 3, 15). მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. 25 დეკემბერს, კვირას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. არქიმანდრიტმა სერგიმ ასე დაიწყო თავისი სიტყვა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის წევრნო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო.
დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია და ჩემი განწყობილების გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ღმერთი, რომლის შემწეობამაც აქამდე მომიყვანა, ალბათ იმის ძალასაც მომცემს, რომ ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი.
თქვენო უწმიდესობავ, ჩემი ცხოვრების ამ მეტად საპასუხისმგებლო წუთებში მინდა გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან. თქვენ წასასვლელად ემზადებოდით და ჩემს მისაღებად დრო არ გქონდათ, მაგრამ წასვლა გადაიფიქრეთ და მიმიღეთ. ამ შეხვედრისას თქვენ მითხარით, ღმერთს ძალიან უყვარხართო. მაშინ, მართალი გითხრათ, თქვენი სიტყვების აზრს ვერ ჩავწვდი და უფრო ამპარტავნებით მივიღე, ვიდრე მადლიერებითა და სიხარულით, მაგრამ შემდეგ, როცა სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, ყოველდღიურად ვგრძნობდი და ვგრძნობ უფლის იმ ზღვარდაუდებელ სიყვარულს და წყალობას, რომლითაც იგი, მწყემსი კეთილი, ჩვენ, მისთა ცხოვართა, გვმწყემსავს.
მინდა ერთი ჩემი საიდუმლოება გაგანდოთ. ამ სიყვარულის შეგრძნებამ გამხადა ქრისტიანი და უფრო მეტიც, აღმიძრა სურვილი – სიყვარულითვე მეპასუხა, ხოლო როცა ვიგრძენი, რომ მე უღირსი ვერაფრით ვპასუხობდი უფლის სიყვარულს, გადავწყვიტე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება და გრძნობები მისთვის შემეწირა.
ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.
ჩემი ცხოვრების გზაზე მრავალი განსაცდელი შემხვედრია, მაგრამ როცა კი მოთმინებითა და მორჩილებით მიმიღია, გაღებული მცირე მსხვერპლის სანაცვლოდ უფლისაგან ყოველთვის ათასჯერ მეტი სიხარული მომნიჭებია.
მწამს, რომ ასევე იქნება ჩვენი ერის ცხოვრებაშიც, დღეს ყოველ ჩვენგანს ცხოვრება გვიხდება მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც თავს საკუთარი ცოდვებით დავიტეხეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის სახიერება უსაზღვროა და რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია “და რა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რათა იდიდოს მამაჲ ძისა თანა” (იოანე 14,13) ამიტომ თუ ჩვენი სათხოვარი გულწრფელი იქნება და ჩვენი მსახურება თავდადებული, ღმერთი ჩვენსას აუცილებლად შეისმენს და სამაგიეროსაც უხვად მოგვაგებს. ამ მძიმე ჟამმა, რომელიც უფალმა დასასჯელად კი არა, გამოსაცდელად გამოგვიგზავნა, უნდა გამოგვწრთოს და განგვსწავლოს: “განგუსწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა სამართალითა და ნუ რისხვითა და გულისწყრომითა” (იერემია 10,24); ამ განსაცდელმა ჩვენს ერს მრავალი წლის მანძილზე დავიწყებული და უგულებელყოფილი უფალი და მისი მცნებები უნდა გაახსენოს, რადგან სწავლაჲ უფლისაჲ განაღებს ყურთა ჩემთა” (ესაია 50,5) ამიტომ თუ ჩვენ მას ღირსეულად ვიტვირთებთ და გავუძლებთ, ცოდვებისაგან განწმენდილნი დავით წინასწარმეტყველთან ერთად გავიმეორებთ: “კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე” (ფსალმ. 118,17) და რაც დაკარგული გვეგონა, ღვთისაგან ათმაგად დაგვიბრუნდება: “რომელი იგი მას ჟამსა არა ჩანს სიხარულისა მიზეზად, ხოლო უკანასკნელ ნაყოფსა მშვიდობისასა მისცემს მის მიერ გამოცდილთა მათ ცხოვრებად მათდა” (ებრ. 12,11).
დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი წმიდა ლოცვებით გამომირჩია და სამცხე-ჯავახეთის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრად დამადგინა. მე კარგად მესმის, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ვიწოდებოდე მღვდელ¬მთავრად იმ მხარისა, რომლის სახელიც ასე განაბრწყინეს იქ მოღვაწე წმინდა მამებმა; მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ღვთის, ერის და პირადად, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინაშე მაკისრია, მაგრამ ისევ და ისევ იმედი მაქვს ღვთის სახიერებისა, თქვენი წმიდა ლოცვებისა და ჩემი ხალხისა, რომელიც ისევე როგორც საფარის მონასტერში მოღვაწეობისას, ახლაც გვერდით ამომიდგება და მძიმე ტვირთის ტარებაში შემეშველება.
თქვენი მამობრივი მზრუნველობით გარემოცული, მე ისეთი სიხარულით მივდივარ ახალციხეში, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგანაც მჯერა, რომ ქრისტიანობის უდიდესი ძალა სწორედ იმ სიყვარულშია, რომლითაც იგი ადამიანებს ღვთისა და ერთმანეთის სამსახურისათვის აერთიანებს. მე მჯერა ისიც, თქვენო უწმიდესობავ, რომ ღვთის წყალობითა და თქვენი მესაჭეობით ერთსულოვნებით განმტკიცებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი ერის გაერთიანებასაც შეძლებს და მას ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დააყენებს.” (61, 1992, 12).
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა მეუფე სერგი.
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო ყოვლადუსამღვდელესოებავ, მეუფე სერგი, ქრისტესმოყვარენო მღვდელნო, ბერნო და მონაზონნო, დანო და ძმანო.
დიდ არს უფალი და საკვირველ არს განგება და საქმენი მისნი. ადამიანის გონება ვერ მიწვდება მის განგებასა და წყალობას. დღეს აღსრულდა ის, რაზეც ორასი წლის მანძილზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, – ერის საუკეთესო მოღვაწენი და კათოლიკოს-პატრიარქები, ამ ორასი წლის მანძილზე საქართველოს დღეს პირველად ჰყავს სრულად მღვდელმთავართა დასი, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ეპარქია არაა დარჩენილი მღვდელმთავრის გარეშე.
დღევანდელი წირვა, გარდახდილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს აღსრულდა ის, რაც 21 დეკემბერს განაჩინა წმიდა სინოდმა და კურთხევითა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსის სერგისა შეივსო სია ქართული ეკლესიის მღვდელმთავრებისა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, იგი ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა და მაჩვენებელი იმისა, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც გადარჩენისაკენ მივყავართ, ქრისტეს გზაა.
საოცარია და რთული მე-20 საუკუნე, რადგანაც იგი აღსავსეა წინააღმდეგობებითა და მოულოდნელი მოვლენებით. ჩვენ ისეთი მოვლენების მოწმენი გავხდით, რომელთაც ვერც კი წარმოვიდგენდით. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ეს ოცნება ღვთის მადლით აგვიხდა, მაგრამ უფალმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ ქართველობა სულიერად არ ამაღლდა და ფერი არ იცვალა, გამოცხადებული დამოუკიდებლობა ცარიელ სიტყვადღა დარჩება. ჭეშმარიტ თავისუფლებას ის მოიპოვებს, ვინც თავისი თავის უფალი გახდება, ანუ საკუთარი ვნებების დამორჩილებით თავს დააღწევს ცოდვის ტყვეობას. ამიტომ ერის თავისუფლების პროცესი ყოველი ადამიანის განთავისუფლებით უნდა დაიწყოს. დღეს კი თავისუფლება აქვს ყველას და ყველაფერი შეუძლია: ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. დღეს ქართველისათვის აღარაფერი დარჩა წმიდა და ხელშეუხებელი. იგი შეურაცხყოფს მღვდლებს, პატრიარქს და ეკლესიასაც კი. ეს ეშმაკის ტყვეობას ნიშნავს. თავისუფალი ისაა, ვინც ამ ბოროტ ძალას თავს დააღწევს და თავის გულსა და ვნებებს დაეპატრონება. ადამიანს ნამდვილად სჭირდება ვნებათა მომთოკავი სულიერი ძალა, სჭირდება მადლი ღვთისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ და ყველას გვაქვს ნაკლი, მაგრამ რწმენაც უნდა გვქონდეს, რომ ეს ნაკლი განვიცადოთ. ამიტომაც ევედრება ღმერთს დიდი მოძღვარი ეფრემ ასური: მომანიჭე მე განცდაY თვისთა ცოდვათა. კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი, საკუთარ ცოდვებზე თვალახელილი კაცი, სხვის გასაჭირსაც ადვილად დაინახავს და მოყვასისა და ღვთისაკენ სწრაფვით სულიერ ჯვარს შექმნის, რომლის გარეშეც ვერ მივა უფალთან და ვერ გახდება მკვიდრი სასუფევლისა. ამ სულიერი ჯვრის შესაქმნელადაა მოწოდებული ყოველი ადამიანი და მით უმეტეს მღვდელმთავარი.
თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობავ მეუფე სერგი, დღეს უხვად გადმოვიდა თქვენზე მადლი სულისა წმიდისა, დღეს თქვენ ხელი დაგადოთ არა მხოლოდ მღვდელმთავრებმა და მე, ცოდვილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ ზეციური საქართველოს მკვიდრმა მღვდელმთავრებმაც და პატრიარქებმაც, რომელთაც უხვად მოიწვიეს თქვენზე მადლი. ეცადეთ არ დაკარგოთ ეს მადლი, არამედ პირიქით, მიუმატოთ, ხოლო მოგემატებათ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვასა, მარხვასა და მოღვაწეობას გააძლიერებთ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მადლი პირველ რიგში თავმდაბლებსა და მორჩილებს ეძლევათ. ამას ჩემი გამოცდილებიდანაც გეუბნებით, – ერთადერთი გზა, მიმავალი უფლისაკენ, თავმდაბლობა და მორჩილებაა. თქვენი მოღვაწეობის გზაზე ბევრი გეყოლებათ ხოტბის შემსხმელიცა და შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ამას ნუ შეუშინდებით. როცა ქებას დაგიწყებენ, ეცადეთ, ამპარტავნება არ დაგეუფლოთ, ხოლო შეურაცხყოფამ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში არ ჩაგაგდოთ. ერთმა მორჩილმა მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ და მაძაგებენო, მოძღვარმა ურჩია, წასულიყო სასაფლაოზე, ჯერ ექო და შემდეგ, ელანძღა მკვდრები. ასეც მოიქცა, როცა უკან დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა: რა გითხრეს მიცვალებულთა, როცა აქებდიო, – არაფერიო, – უპასუხა მორჩილმა, როცა ლანძღავდიო? – ისევ არაფერიო. შენც ასე მოიქეცი და ცხონდებიო. თქვენც ასე მოიქეცით, მეუფეო სერგი და თავმდაბლობა გამოიჩინეთ არა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქისა და უფროსი მღვდელმთავრების წინაშე, არამედ თვით ყველაზე დიდი ცოდვილის წინაშეც კი. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რომელიც გარეგნული ქცევის ნორმას კი არა, შინაგან სათნოებას წარმოადგენს.
თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ მღვდელმთავრად, რომელმაც თქვენ, როგორც მოძღვარი, უკვე გაგიცნოთ და შეგიყვარათ საფარის მონასტერში მოღვაწეობის მანძილზე. ამ სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ დღეს აქ, სვეტიცხოველში გამართულ ისტორიულ წირვას, ბევრი მათგანი ესწრება. თქვენ მიდიხართ საქართველოს დიდებულ მხარეში, სადაც ოდესღაც ჰყვაოდა მაღალი სულიერი კულტურა. დღეს ამ მხარეს უჭირს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვითა და შუამდგომლობით სამცხე-ჯავახეთს კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება, იგი ხელახლა მოშენდება და მოძლავრდება. აი, ამ საშვილიშვილო საქმეში უნდა გამოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავრის როლი, თქვენ უნდა იზრუნოთ ამისათვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ეკლესიის მსახური თვითონ უნდა მივიდეს ხალხთან. თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თქვენი ეპარქიის ყველა სოფელსა და ყველა ოჯახზე; უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებს, ვის რა უჭირს, ვინაა დაცემული და გზასაცდენილი.
მე იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფელში ამოქმედდება ეკლესია, კვლავ გაბრწყინდებიან ვარძიის, ზედა ვარძიისა და საფარისა და სხვა მონასტრები ბერ-მონაზონთა თავდადებული მოღვაწეობით.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
გეწეოდეთ წმიდათა მართალთა მამათა, რომელთა მოსახსენებელიცაა დღეს, და დიდთა წინაპართა ლოცვა. ამინ.” (61, 1992, 12).
1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. ნეკრესის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც “ქართლი ცხოვრება” მოგვითხრობს, IV საუკუნის II ნახევარში თრდატ მეფემ “ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღაშენა განსრულებით”, ხოლო მეფე ვახტანგ გორგასალმა ნეკრესში საეპისკოპოსო კათედრა დაადგინა. ისტორიულმა ძნელბედობამ თავისი კვალი დაამჩნია უძველეს ეპარქიას. XVII საუკუნის დასაწყისიდან შაჰ აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა, დაიწყო ქართველი ქრისტიანი მოსახლეობის არნახული შევიწროება, გამაჰმადიანება. “ინგილო” გამაჰმადიანებულს ნიშნავდა. XIX საუკუნეში საინგილოში მცხოვრები ქრისტიანი ქართველები ალავერდის ეპარქიაში შედიოდნენ… საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1925 წელს, შეიქმნა ბოდბის ეპარქია, რომელშიც გაერთიანებული იყო ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) ნაწილიც, მაგრამ XX საუკუნის 20-30-იანი წლების აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის წყალობით ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დაიხურა. სასულიერო პირები დევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1995 წელს აღდგა ნეკრესის ეპარქია, რომელსაც 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით ეწოდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. მეუფე სერგი 17 ნოემბერს ჩავიდა ეპარქიაში. ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო სახლი. როგორც მეუფე სერგი აღნიშნავს: “დღესდღეობით ხუთი მონასტერი გვაქვს. უმეტეს მათგანში ყოველდღე წირვა-ლოცვა აღესრულება. მონაზონთა რიცხვი იზრდება, იხსნება ორი მონასტერი: ხარების დედათა მონასტერი, რომლის მშენებლობა თითქმის მთავრდება და მონასტერი ველისციხეში. აღდგენილია ძველი ეკლესიები და ყოველ კვირას წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ნეკრესის მამათა მოანსტერში თოთხმეტი ადამიანია. ლაგოდეხში გვაქვს მამათა მონასტერი, სადაც მოღვაწეობს შვიდი ადამიანი. გრემის მონასტერში – ხუთი. ლაგოდეხის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერშიც ხუთნი არიან. რაც შეეხება ეკლესიებს, ლაგოდეხში სამი ეკლესია გვაქვს: ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი. იქ საკმაოდ ბევრი ხალხი დადის. ყაზანის ღვთისმშობელი სასწაულმოქმედია; სამების ტაძარი ბოლო პერიოდში აშენდა; არის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სადაც დედები არიან. მონაზვნების მოთხოვნით ამ ადგილას მონასტერი სტალინის დროს გაიხსნა. მოქმედი ტაძრებია ვარდისუბანში, ყარსუბანში, თელამაში, შილდაში, კუჭატანში, ახალსოფელში, გიორგეთში, ლელიანში, მთისძირში. ყვარელში გვაქვს ფერისცვალების, იოანე ნათლისმცემლის და დუბის ღვთისმშობლის ტაძარი. ახლა ვაპირებთ საკათედრო ტაძრის აშენებას. ეპარქიაში ფუნქციონირებს სასულიერო გიმნაზია, სადაც სწავლობს 200-ზე მეტი მოსწავლე. 2009 წლის სექტემბრიდან ეპარქიაში იხსნება სასულიერო სემინარია. თავიდან ყვარლის რაიონში ცივად შეგვხდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი კარგი და თბილი ადამიანი ცხოვრობს იქ, რომელნიც შინაგანად პატიოსანი და ძლიერია. იმედი მაქვს, ყვარელში მორწმუნეთა საკმაოდ სერიოზული კერა ჩამოყალიბდება.” (67, 2009, 3, 17).
2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. მეუფე სერგი თვლის – “ძალიან ძნელია ეპისკოპოსობა, მით უმეტეს ამ ბოლო ჟამს… ნათქვამია, ადამიანს შვიდი ეშმაკი დასდევს, მღვდელს – თორმეტი, ბერს – ოცდაცამეტი, ეპისკოპოსს – ათი ათასიო, მაგრამ უფალი დიდია.”
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)