ილარიონი – მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ილარიონი
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი
დაიბადა: 1957 წლის 22 ნოემბერს, ქ. ხაშურში.
ანგელოზის დღე: 2დეკმბერი –ღირსი ილარიონ ქართველის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 02. 11. 1988
მღვდლად კურთხევა: 15. 02. 1999
ბერად აღკვეცა: 04. 11. 2000
ეპისკოპოსად კურთხევა: 03. 11. 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 11. 2011
მიტროპოლიტობა ებოძა: 01. 09. 2013
მისამართი: მესტია, თეთნულდის ქ. #2. საკათედრო ტაძარი.
მობ.: (+995 599) 28 29 22
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (მესტიის მუნიციპალიტეტი)
კათედრა მესტიასა და წვირმში, რეზიდენცია მესტიაში.
ვრცლად:
ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი, დაიბადა 1957 წლის 22 ნოემბერს ქ. ხაშურში. მამა – ნოდარ იოსების ძე ქიტიაშვილი იყო ხაშურის სავაგონო დეპოს ზეინკალი (ხარატი). დედა – ანა მიხეილის ასული ლომიძე – პურ-კომბინატის მოსამსახურე. მოინათლა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახ. საკათედრო ტაძარში მეორმოცე დღეს. ნათლობა შეასრულა მღვდელმა დავითმა. ნათლია იყო სრულიად სა¬ქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით V დევდარიანი, იმ დროს ურბნელი მიტროპოლიტი. დედმამიშვილები არ ჰყოლია. დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა 1974 წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში მუშა მოსამსახურედ. 1976 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელიც მოიხადა 1978 წელს. მუშაობა გააგრძელა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში. 1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკულ ფაკულტეტზე, რომელიც დამთავრა 1985 წელს. განაწილებით მიავლინეს ქ. ქუთაისის ქარხანა “ავანგარდში” საამქროს ოსტატად, სადაც მსახურობდა 1986 წლამდე. შემდგომ სამსახური გააგრძელა ხაშურის მინის ტარის ქარხანაში სპეციალობით, საამქროს უფროსად. 1987 წლიდან დანიშნეს ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის უფროსად.
1988 წელს დაოჯახდა, ჰყავს ქალ-ვაჟი. ამჟამად ყოფილი მეუღლე მსახურობს ხაშურის საკათედრო ტაძარში მთავარ მედავითნედ და მგალობლად.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1996 წლის დასაწყისიდან. იყო სტიქაროსანი ხაშურის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში, სადაც შეისწავლა მედავითნეობა. როგორც მეუფე აღნიშნავს, “ეს პერიოდი ჩემთვის იყო შინაგანი და საერთოდ სულიერი ფერისცვალების დრო. მონაწილეობას ვღებულობდი ეკლესია _ მონასტრების აღდგენით სამუშაოებზე, რომელიც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა. ჩემს სულიერ ცხოვრებაში, მის სწორედ ჩამოყალიბებაში ძალზედ დიდი როლი ითამაშა ორმა ადამიანმა, მიტროპოლიტმა იობმა, რომელიც ეპარქიაში ახალი დანიშნული იყო და იღუმენმა დავითმა, ამჟამად ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, რომელიც ჩემი პირველი მოძღვარი იყო. მთელი ჩემი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირე. 1998 წლის 4 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში მაკურთხა დიაკვნად. მანამდე რა თქმა უნდა, გავიარე ყველა საფეხური წიგნის მკითხველიდან დაწყებული. 1999 წლის 15 თებერვალს კი მღვდლად დამასხა ხელი და დამადგინა სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. თეთრ სამღვდელოებაში ვიმსახურე ორი წელი. როცა ვკითხულობდი და ვეცნობოდი ბერების ცხოვრებას, მსურდა მათთვის მიმებაძა და წმინდად მეცხოვრა და პირად ცხოვრებაში ოჯახთან ერთად გავატარეთ და დავამკვიდრეთ ასეთი წესი. შემდგომში მეუღლესთან შეთანხმებით ჩემი დიდი სურვილის გამო გადავწყვიტე ამა სოფლის ცხოვრების წესის დატოვება და ბერად აღკვეცა. 2000 წლის 4 დეკემბერს ქოზიფის მამათა მონასტერში მიტროპოლიტმა იობმა აღმკვეცა ბერად და მიწოდა სახელი ილარიონი”.
ამავე წელს დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის ტაძრის, ხცისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის, ხცისის იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. მამათა მონასტრის და ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების წინამძღვრად.
2001 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა იღუმენის ხარისხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად. 2002 წლის 2 ნოემბერს იღუმენმა ილარიონმა ეპისკოპოსად წარდგინებისას აღნიშნა:
“თქვენო უწმინდესობავ და უენტარესობავ, ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, მამანო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილნო!
ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებასა და საიდუმლოებას, უსაზღვროა წყალობა ღვთისა, რომელმაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამომირჩია მე, უღირსი მონა ღვთისა ეპისკოპოსად მესტიისა და ზემო სვანეთისა.
დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. კარგად ვიცი, რომ ეს პატივი არ არის ჩემი დამსახურება, იგი ღვთისაგან ნაბოძებია. ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.
დღეს, როდესაც ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელია წინააღმდეგობრიობის სული, რომლითაც გაჯერებულია მთელი სამყარო, როცა ასე მძაფრად არის დაპირისპირებული ბოროტი და კეთილი, როცა ცხვრის ქურქში შენიღბულნი ღვარძლს თესავენ ადამიანების გულებში, ჩვენი გადამრჩენელი და ღმერთთან მიმყვანებელი მართლმადიდებლობის მტკიცე დაცვაა. ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მოტანა შეუძლია მხოლოდ უფალს. წყაროს ყოველგვარი სიცოცხლისა და გამარჯვებისა. ამ პირობებში განუზომლად დიდია ეკლესიის მსახურთა როლი, რომელთაც უცვლელად უნდა მიიტანონ ღვთის სიტყვა ადამიანებამდე.
მოძღვარს და, მითუმეტეს, მღვდელმთავარს განსაკუთრებით უნდა ახასიათებდეს სიწმინდე, თავმდაბლობა და მშვიდობა. ვგრძნობ რა ამ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისა და ქართველი ერის წინაშე, ვეცდები, ვიყო ერთგული ჩვენი დედა ეკლესიისა, ვევედრები ღმერთს, რათა მომანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა.
კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი.
ამ უდიდეს მოვალეობას მე ვიტვირთავ თქვენი მამამთავრობისა და წმიდა სინოდის შემწეობის იმედით, მე მჯერა, რომ არ მომაკლებთ თქვენს მზრუნველობას.
განვიცდი დიდ სიხარულს, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეში, რომელიც გამორჩეულია თავისი სიწმინდეებითა და ტრადიციებით. ამ მხარეს დღესაც ბევრი ტკივილის გადატანა უწევს და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენს ერს და ეკლესიას დღეს ბევრი რამ უჭირს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს უმთავრესი – ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და ძალა ლოცვისა და ეს ლოცვა განსაკუთრებულია მაშინ, რაჟამს თქვენ გვლოცავთ.
უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალს, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ღვთისა და ჩემი მშობლიური ხალხის წინაშე.
ბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფე იობს, მეუფე დავითს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში, წმიდა სინოდის თვითოეულ წევრს იმ ნდობისათვის რომელიც ჩემდამი თქვენ გამოიჩენთ. შემაძლებინოს უფალმა, ღვთისაგან მონიჭებული მადლით ერთგულად ვემსახურო მართლმადიდებელ დედა ეკლესიასა და ქართველ ერს!
უფალო, ისეო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” (68, 2002, 11).
3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ეპისკოპოს ილარიონს:
“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსო ილარიონ!
“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენნი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლისა მიცემად საკვირველებათა შენთა”.
მართლაც, დიდი გამოუთქმელი და მიუწვდომელია განგება ღვთისა, რომელმაც აგირჩია შენ ეპისკოპოსად ღვთივკურთხეულისა მესტიისა და ზემო სვანეთისა. დღეს განსაკუთრებული დღეა კიდევ იმით, რომ არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ დიდისა, ილარიონ ქართველისა. სულ რამდენიმე დღის წინ კი კანონიზირება მოხდა ილარიონ ახლისა. აი, ეს სამი ღირსი დიდი მამა დღეს აღავლენდა ლოცვას, რათა უხვად გარდამოსულიყო შენზე მადლი სულისა წმიდისა. “უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი”. სამი ღირსი მამა ილარიონი არის საოცარი მაგალითი დიდი მოღვაწეობისა.
როგორც თქვენ იცით, ილარიონ დიდი ცხოვრობდა IV საუკუნეში. იგი წავიდა უდაბნოში, ლოცვა-კურთხევა აიღო ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონ დიდისაგან და შემდეგ შეუდგა სულიერ მოღვაწეობას.
დღეს შენც იწყებ მოღვაწეობას ახალ სულიერ საფეხურზე და ამას ეწოდება მღვდელმთავრის მოღვაწეობა. წმიდა მამები ამბობენ, რომ მღვდელმთავრის ტვირთი მოწამეობრივია, რადგან იგი პასუხს აგებს არამარტო თავის სულისათვის, არამედ იმ მრევლის და სამღვდელოებისათვის, რომელიც უფლის განგებით მას ჩაბარდა.
მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. იქ ცხოვრობენ ქართველები რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენ ხატებს, ჩვენ ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე. შენ მიდიხარ იქ, სადაც ძლიერია ქართული სული, სადაც ძლიერია მართმადიდებელი სარწმუნოება: მათ მხოლოდ ეკლესიურობა აკლიათ, მხოლოდ ეს უნდა ასწავლო შენ იქ მცხოვრებთ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო. მიზანს რომ მიაღწიო, საჭიროა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული, დიდი მოთმინება, დიდი თავმდაბლობა და მორჩილება. ეს თვისებანი უნდა აჩვენო იქ მცხოვრებ ხალხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხის სასწაულებრივი მოქცევა მოხდება.
მართლაც გამოუთქმელი და მიუწვდომელია გონება ღვთისა, რომელმაც გამოგატარა შენ ცხოვრების გზაზე და მოგიყვანა სვეტიცხოველში, რათა უფალს მოეცა დიდი მადლი მღვდელმთავრობისა. ეს არის უდიდესი მადლი, რომელიც ეძლევა ამ ქვეყნად ადამიანს, სასულიერო პირს. შენ უნდა გაუფრთხილდე ამ მადლს და არამარტო გაუფრთხილდე, არამედ განამრავლო და გააძლიერო იგი სულიერი მოღვაწეობით, შენი დიდი რწმენითა და სიყვარულით, უფალი, რომელმაც მოგიწოდა ამისათვის, მოგცემს ძალას, რათა ღირსეულად იტვირთო ის ჯვარი, რომელიც მოგეცა შენ დღეს დიდ სვეტიცხოველში.
მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ხელდასხმას ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენელნი და მორწმუნენი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, რომელნიც ლოცულობდნენ ჩვენთან ერთად, რათა უხვად გარდამოსულიყო შენზე მადლი სულისა წმიდისა.
ახლა კი მიიღე ეს კვერთხი, როგორც სიმბოლო ეპისკოპოსის ძალაუფლებისა და მადლისა, როგორც სულიერი საყრდენი შენს მსახურებაში და დალოცე მრევლი, ერი და სრულიად საქართველო, რომელიც მოელის შენგან დიდ მოღვაწეობას. ამინ.” (68, 2002, 11).
იგი ეპარქიაში ჩავიდა 2002 წლის 7 ნოემბერს, წარდგინება მოხდა მიტროპოლიტ იობის მიერ. ახლად დაარსებულ ეპარქიაში მდგომარეობა იყო მეტად მძიმე და სავალალო, რამეთუ:
1) ეპარქიაში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი სასულიერო პირი – მამა გიორგი (ჩართოლანი). იყო სამი მოქმედი ეკლესია. მთაში და კერძოდ, სვანეთში, დამკვიდრებულია ეკლესიასთან მიმართებაში მცდარი და დამახინჯებული შეხედულებანი, ასევე წარმართული რიტუალები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი.
მეუფე ილარიონი აღნიშნავს: “ეკლესიები იყო საერო ადამიანების ეგრეთ წოდებულ მამასახლისების ხელში. ეხლაც, სადაც არ არის სასულიერო პირები, ისინი განკარგავენ ეკლესიებს და პირადი ინტერესების და შემოსავლების წყაროდ აქვთ გადაქცეული. ასე ხდება სოფელ კალაში კვირიკეზე, უშგულში და სხვა სოფლებში, რაც ძალზედ ართულებს ეკლესიის ფუნქციის მნიშვნელობას. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რათა ტაძრებში შევსულიყავით და წირვა-ლოცვა ჩაგვეტარებინა, არ გვიშვებდნენ. ეკლესიები გადაქცეული იყო მუზეუმებად და უნდა აგეღო ნებართვა მუზეუმის დირექტორისაგან რომ გაეღოთ. ეკლესიებში იდგა რკინის სეიფები, მათში გამოკეტილი იყო, ძალზედ ცუდ პირობებში იმყოფებოდა უნიკალური სიწმინდეები, ჯვრები და ხატები, ბარძიმ-ფეშხუმები, საეკლესიო წიგნები, ხელნაწერები, რომელთანაც შეხების საშუალებას არ გვაძლევდნენ.
ეკლესიები გადაქცეული იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვისა და ღრეობების ადგილად, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდი შედეგებით მთავრდებოდა. ასეთ ფაქტებს სამწუხაროდ დღესაც აქვს ადგილი.”
ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, კერძოდ: ეპარქიაში აღარ წარმოადგენს პრობლემას ტაძრებში შესვლა და წირვა-ლოცვის ჩატარება. არის უკვე 16 მოქმედი ეკლესია. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. იკურთხა ოთხი სასულიერო პირი, აქედან სამი ადგილობრივი. სულ ხუთი სასულიერო პირია. ერთი დეკანოზი – მამა გიორგი (ჩართოლანი), იღუმენი ეგნატე (კურტანიძე), მღვდელ-მონაზონი თეოფანე (არღვლიანი), მღვდელი გიორგი (ნიგურიანი), მღვდელი ბასილი (ფილფანი). ეპარქიაში სოფ. ჭუბერში აშენდა ორი ეკლესია, ერთი სამნავიანი ბაზილიკაა, ანდრია პირველწოდებულის სახელობისა და ამავე სოფელში ერთნავიანი წმიდა ნიკოლოზის სახელობისა. ეპარქიას არ გააჩნდა საეპარქიო რეზიდენცია, ჩვენი თხოვნის შემდგომ გადმოგვცეს შენობა თავისი ტერიტორიით რაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული შენობა შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ და რეზიდენციის ტერიტორიაზე ავაშენეთ ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია 120 კვ. მეტრის ფართისა, წმ. ნიკოლოზის სახელზე. აგრეთვე სოფელ მულახში შენდება ამავე სახის წმ. სამების სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. აღდგა უღვირის მთავარანგელოზის სახ. ეკლესია. ეპარქიაში ამუშავდა და ჩაირთო საპატრიარქო რადიო, რამაც სულიერების მხრივ ძალზედ კარგი შედეგი გამოიღო და გამოიცა ეპარქიის გაზეთი “უძლეველი მხედარი”. დაფუძნდა მამა გიორგის (ჩართოლანი) ხელმძღვანელობით სასულიერო ქრისტიანული საგანმანათლებლო სკოლა, სადაც ისწავლება გალობა, ხეზე კვეთა, გობელენი, ქარგვა, ხატწერა, ფოლკლორი და ქორეოგრაფია. სოფ. ლატალში მოქმედებს თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, სადაც მამა ეგნატეს ხელმძღვანელობით შესრულდა დიდი სამუშაოები. ჩაიდგა საცხოვრებელი კელიები და სატრაპეზო.
თვითონ სოფელ ლატალში მიმდინარეობს იოანე წინასწარმეტყველის ტაძრის ტერიტორიაზე მცირე ზომის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. სოფელ ლატალში მამა ეგნატეს ხელმძღვანელობით არის მინანქრის სკოლა, სადაც ადგილობრივი მრევლია დასაქმებული და დაინტერესებული, არსებულ ტაძართან, სადაც მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები, არსებობს საკვირაო სკოლები. ახლო მომავალში უნდა გაიხსნას ილარიონ ქართველის სახელობის სასულიერო გიმნაზია. ზემო სვანეთში ორჯერ ჩატარდა ეკლესიის ინიციატივით სამეცნიერო კონფერენციები. მომავალშიც გვაქვს იმედი ღვთისა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევისა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სულიერი აღორძინებისა და წარმატებებისა,” – აღნიშნავს მეუფე ილარიონი.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)