სერაფიმე - ტიტულარული მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერაფიმე

ერისკაცობაში – თამაზ ილიას ძე ჯოჯუა
დაიბადა: 1961 წლის, 15 თებერვალს, ქ. სოხუმიში.
ანგელოზის დღე: 15 იანვარი – ღირსი სერაფიმე საროველის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 28. 08. 1992
დიაკვნად კურთხევა: 02. 10. 1992
მღვდლად კურთხევა: 26. 11. 1992
ეპისკოპოსად კურთხევა: 20. 04. 1995
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 11. 2000
მიტროპოლიტობა ებოძა: 18. 11. 2009
მისამართი: საქართველო 1200. ბორჯომი, სააკაძის ქ. #40.
ტელ.: (+995 367) 22 23 06; 22 48 80
მობ.: (+995 599) 50 04 87; (+995 599) 30 04 87

ვრცლად:

მიტროპოლიტი სერაფიმე, ერისკაცობაში თამაზ ილიას ძე ჯოჯუა, დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქ. სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესას-წაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმიდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.

1992 წლის 26 ნოემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. როგორც მეუფე სერაფიმე იხსენებს: „არასოდეს მიფიქრია ბერობაზე. 1976-1977 წლებში, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, რატომღაც დავიწყე საუბარი ამ თემაზე. მშობლებსაც ვუთხარი, რომ მონასტერში წასვლა მინდოდა. არ ვიცოდი, რა იყო მონასტერი, მაგრამ პატივისცემა და სიყვარული მონასტრისა და სულიერების მიმართ ყოველთვის მქონდა. ასე აღმზარდა დედამ… მყავდა მეგობარი, გიორგი ჭკუასელი, რომელსაც დღესაც ვმადლობ. ის მამა სერაფიმეს სულიერი შვილი იყო, მამა სერაფიმე (კიკონიშვილი) მაშინ შუამთის მონასტერში იყო. ჩემს მეგობარს როცა ჩემ გეგმებზე ველაპარაკებოდი, მამა სერაფიმესთან წასვლა მირჩია. მეც წავედი. ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა ზაქარია ძინძიბაძე. პირველი ბერი, ვინც გავიცანი იყო მამა სერაფიმე. მასთან 1991 წლის 1 მაისს მივედი, მივეცი აღთქმა, რომ მონასტერში დავრჩებოდი. შემდეგ გავიცანი მეუფე იობი (აქიაშვილი), რომლის კურთხევითაც წავედი მარტყოფის მონასტერში“.

1994 წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა. 1995 წლის 5 აპრილს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დაარსდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. ახლადდაარსებული ეპარქიის ეპისკოპოსად სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა გამოარჩიეს იღუმენი სერაფიმე.

1995 წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მირონის კურთხევის დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, იღუმენი სერაფიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა. 19 აპრილს იღუმენმა სერაფიმემ სიონის საპატრიარქო ტაძარში წარმოთქვა სიტყვა:
„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო! ვდგავარ ამ წმიდა ტაძარში თქვენს წინაშე და ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: რა უფლებით, რა კადნიერებით ვიღებ ამ დიდ ჯვარს? საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ დიდი მღვდელმთავრები – სულიერი მამები ერისა, რომელთა გვერდითაც მე ჭეშმარიტად მტვერი და ნაცარი ვარ. მაშ, თუ ვიცი ჩემი უღირსობა, რატომ არ ვაცხადებ უარს, რატომ არ ვბრუნდები ფარავნის ტბაზე, სადაც მშვიდად და წყნარად გავაგრძელებდი მოღვაწეობას ჩემს პატარა მონასტერში. ერთადერთი მიზეზი ჩემი თანხმობისა არის მორჩილება მისი უწმიდესობისა და წმიდა სინოდის წინაშე. წმიდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე მეტიაო. იერარქია უფალმა არა მხოლოდ სასუფეველში, დედამიწაზეც დაადგინა. იგი მორჩილებას გულისხმობს, მღვდელმთავარი კათოლიკოს-პატრიარქსა და წმიდა სინოდს უნდა ემორჩილებოდეს, მოძღვარი – მღვდელმთავარს, ბერ-მონაზონი და ერისკაცი – მოძღვარს. გარდა ამისა, ყოველ ადამიანს მორჩილება და პატიოსნება მართებს ერის სამსახურში. როცა იერარქია ირღვევა, სულიერებისა და სიმშვიდის ნაცვლად ერში შფოთი და მღელვარება ისადგურებს. ვინც ეკლესიას არ ემორჩილება, იგი ძე შეცთომილია, რომელსაც აუცილებლად მოიტაცებს ცხვრის ქურქში გახვეული მგელი. ერის კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ ლოცვასა და შრომაზეა დამოკიდებული. „რომელნი ესავენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი, არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს“ (ფს. 124,1), – გვასწავლის დიდი მეფე და წინასწარმეტყველი დავითი: ვერ გაძლიერდება ერი და ვერ გაბრწყინდება სრულიად საქართველო, თუ მთელი ერი არ შესთხოვს შემწეობას უფალს და თითოეული ქართველი არ იშრომებს პატიოსნად და დაუღალავად. გულსატკენი და დასანანია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ან საერთოდ არ ეკარება ეკლესიას, ან იშვიათად შემოდის ეკლესიაში, სადაც სანთელს აანთებს და შინ ვალმოხდილი ბრუნდება. ამ ადამიანებმა არ იციან მადლი და ძალა უფლის წმიდა და პატიოსან სისხლთან და ხორცთან ზიარებისა და მოუნანიებელი ცოდვებით დამძიმებულნი ატარებენ თავიანთ ცხოვრებას. ობობას ქსელის მსგავს საცდურში გახლართულნი ადვილად ტყუვდებიან და დაბრმავებულნი ბოროტებისა და ძალადობის მსახურნი ხდებიან. გამოსავალი ერთია – ეკლესიაში მისვლა, შემეცნება იმისა, რას წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოება, რას გვაუწყებენ წმიდა მამები, რას გვასწავლის თავის ქადაგებაში უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი მოძღვარი. ის ვინც ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, აუცილებლად იპოვის სიმშვიდესა და სიხარულს, განსაცდელსაც სიმდაბლით მიიღებს, რამეთუ გულით შეისმენს უფლის სიტყვებს: „რომელნი სთესვიდნენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ“ (ფსალმ. 125,5). სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ახალი სენი შემოიჭრა – მწვალებლობა. ქართველები, რომელნიც ორიათასი წლის მანძილზე ჭეშმარიტ რწმენას ემსახურებოდნენ, დღეს კათოლიკები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბუდისტები, კრიშნაიდები ხდებიან. ხშირად ჰუმანიტარულ დახმარებას ამოფარებული უცხოელები თავიანთ ცრუ სარწმუნოებას ქადაგებენ და ზოგიერთ ქართველს ლუკმა პურის ფასად ყიდულობენ. გავიხსენოთ, რას ბრძანებს პავლე მოციქული: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?“ (რომ. 8,35). ეპისკოპოსი გაბრიელი XIX საუკუნეში ქადაგებდა: „არ არის არცერთი შეკითხვა მწვალებლების, რომელსაც ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს, რამეთუ ჭეშმარიტ რწმენაში, ჭეშმარიტ ეკლესიაში ვართ, ერთად ერთი კითხვა მწვალებლებისა, რომელიც უპასუხოდ რჩება ესაა – რატომ თქვენ, მართლმადიდებელნი არ ქადაგებთ ისე, როგორც ჩვენ?“ დიახ, ზოგჯერ მწვალებლები ჩვენზე მეტ გულმოდგინებას იჩენენ სამსახურებში, სკოლებსა და სახლებში. თვით საბავშვო ბაღებშიც იჭრებიან და ადამიანთა გადაბირებისათვის ყოველ ღონეს ხმარობენ. დღეს იმასაც კი გაიგონებთ, რომ საქართველოში ყოველ რელიგიას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ჰოი, უგუნურებავ და სირცხვილო ქართველი კაცისა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ჩვენი წმიდა მამების პატივისცემასა და სიყვარულს დაჰკარგავს.

როგორ წარმომიდგენია მე ეპისკოპოსის ღვაწლი? პირველ რიგში, ეპარქიაში მართლმადიდებლობის გავრცელება და ქადაგება, დაუღალავი შრომა. ეკლესიებისა და მონასტრების აღდგენისათვის დანარჩენ ღვთის მსახურებთან ერთად მოთმინებითა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა სამწყოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი უქმად გატარებული დღის გამო უფალი პასუხს მოგვთხოვს. ჩემს დღევანდელ სულიერ მდგომარეობას ყველაზე უკეთ პავლე მოციქულის სიტყვებით გამოვხატავ: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.“ (I კორინთ. 13,11). როგორც ყრმა, რომელიც ხდება მამაკაცი, შემწეობასა და დამოძღვრას ვითხოვ თქვენგან, ვითხოვ თქვენო უწმიდესობავ! მორჩილებით ვხრი თავს და ვიღებ ამ უმძიმეს ჯვარს, თქვენი ლოცვით, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო და ამ წმიდა ტაძარში მვედრებელნო, შემაძლებინოს უფალმა ამ მძიმე ჯვრის ტარება. უფალო, გამაძლიერე, მე უღირსი სერაფიმე. „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ, მე სიმართლენი შენი, ამინ!“

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე სერაფიმეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებანი, სულიერება, მორჩილება, თავმდაბლობა, ის აუცილებელი თვისებები, რომლითაც შემკული უნდა იყოს მღვდელმთავარი: „ხალხმა რომ მიგიღოს, შეგიყვაროს, გამოგყვეს, უნდა იცხოვრო მათი ცხოვრებით, მათი ჭირ-ვარამითა და სიხარულით“, – აღნიშნა მისმა უწმიდესობამ.

მეუფე სერაფიმე შეუდგა ახლადშექმნილ ეპარქიაში საქმიანობას. 2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ მორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას. მისი ინიციატივით 2001 წელს ახალქალაქსა და ნინოწმიდაში დაფუძნდა პირველი საეპისკოპოსო რეზიდენცია, იკურთხა ეკლესიები, ამოქმედდა მონასტრები. „ეპარქიაში რომ ჩამოვედი, – იხსენებს მეუფე სერაფიმე, – აქ დამხვდა სამი სასულიერო პირი და ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესია. იყო კიდევ ერთი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ტიმოთეს უბანში, სადაც მონასტერი ფუნქციონირებდა; წინამძღვარი იყო მამა საბა (მიტროპოლიტი საბა გიგიბერია). ამ წლების მანძილზე აშენდა და განახლდა 35 ეკლესია, სადაც 15 მოძღვარია. ამჟამად შენდება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. იგეგმება წმიდა ბარბარეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ახალ რეზიდენციასთან ერთად ავაშენებთ. გვაქვს სადგურის დედათა მონასტერი, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. ჩითხევის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი – „მწვანე მონასტერი“, ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. ბაკურიანში ვაშენებთ დიდ საკათედრო ტაძარს, სამნავიან ბაზილიკას“.

2000 წელს 28 ნოემბერს, მეუფე სერაფიმე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 18 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)