ილიაობის დღესასწაული (02.08.2020)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 

ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულს, წმინდა ილია მართლის დღეს. გილოცავთ ილიაობას. ეს ტრადიციული დღესასწაულია. 

ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს მე ვუსურვებ რომ პატივი სცენ მამასა თვისსა და დედასა თვისსა, უფროს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით, ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მთელი მსოფლიოს მფარველი. ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”

მინდა მადლობა გადავუხადო და დიდი სიყვარულით დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წლების მანძილზე ააგო ან შესაძლებლობისამებრ წვლილი შეიტანა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში.

ვინც თავისი საქველმოქმედო საქმიანობით გვერდში ედგა დედა-ეკლესიას.

ვინც ქვეყნის აღმშენებლობას უანგაროდ ემსახურა და ემსახურება.

მინდა დავლოცო ჩვენი ახალგაზრდები, ჯარისკაცები, ასაკოვანნი და მოზარდები, პედაგოგები, მეცნიერები, ექიმები, მათ შორის აქ მყოფი მედიცინის სფეროს წარმომადგენლები (საზოგადოება ,,გზა უფლისაკენ” ), რომელნიც უკვე 20 წელია უანგაროდ სთესენ ხალხში სიკეთეს.  

მინდა დავლოცო ყველა ოჯახი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მძიმე განსაცდელი შეემთხვათ. ღმერთმა მოგმადლოთ ჭირსა შიგან სასოება.

ვლოცავ იმქვეყნად წასულ ჩვენს წინაპრებს და ახლობლებს; ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულნი და სავანესა მართალთასა დააწესოს.

ვლოცავ ყველა აქ მყოფს, საქართველოს ეკლესიის ყველა  ერთგულ წევრს, ვლოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მკვიდრთ,  ვლოცავ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ.

ღმერთმა მშვიდობა მოგვმადლოს და თვისი მოწყალებით დაიცვას საქართველო და მსოფლიო.

წმინდა ილიას მეოხებით უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!

დღეს მობრძანებული არიან დასალოცად შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ზივზივაძეები, დარახველიძეები, ვეფხიშვილები და ჭიქაბერიძეები.

გაგახაროთ მამაზეციერმა, ძემ, - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და სულმა წმინდამ. ამინ!

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო სულიერო მამავ!

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენებას აღნიშნავს.

ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღესასწაული – თქვენი ანგელოზის დღე.

 შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი!

ჩვენი ეკლესიის დიდი სიწმინდე, რომელიც მცხეთაში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის სიახლოვეს არის დავანებული, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენია (მოსასხამი). ილია „ღმრთის ძალას“ ნიშნავს და სწორედ ამ დიდი წმინდანის სახელი გეწოდათ თქვენ 1957 წელს მონაზვნად აღკვეცისას.

„მუდამ ვგრძნობდი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სულიერ ძალასა და მის დახმარებას“, – ბრძანებთ თქვენ და, მართლაც, წმინდა ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული შემწე და მეოხია იმ უმძიმესი ჯვრის ტარებაში, რასაც პატრიარქობის ჯვარი ჰქვია და რომელსაც თქვენ უკვე ორმოცდასამი წელია, დიდი მოთმინებითა და მორჩილებით ატარებთ.

მცველი და მფარველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა ილია წინასწარმეტყველი კერპთა დამამხობელი და ადამიანთა ჭეშმარიტ სარწმუნოებას მაზიარებელი იყო. თქვენც თქვენი ლოცვითა და ქადაგებით ჩვენს ქვეყანაში მრავალი სულიერი კერპი და ცრუ სწავლება განაქარვეთ. საბჭოთა იდეოლოგიის მიერ შექმნილი ცრუ იდეალები ხომ არსობრივად კერპები იყო და იმ პერიოდის საზოგადოებაში ადამიანთა გულების ეკლესიისაკენ შემობრუნება თქვენს ურთულეს სულიერ ძალისხმევას მოითხოვდა.

შეუძლებელია, ადამიანმა ვერ დაინახოს თქვენი მსახურების მრავალნაყოფიერება, რომელიც გაცხადებულია თვალნათლივ, თუმცა გაცილებით მეტი ღვაწლი თქვენ უხილავად გასწიეთ მრავალი ადამიანის სულის სახსნელად და იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვით ქრისტიანული სიმართლე და ჭეშმარიტების ნათელი დღეს მომძლავრებულ ცრუ იდეალებსაც ამხელს, გადაგვალახინებს განსაცდელებს და ადამიანების გულში შეღწეულ უკეთურებებს საღვთო სათნოებები შეცვლის.

რთულია, სათანადოდ შეაფასო ეკლესიისა და ერის წინაშე თქვენ მიერ გაწეული ღვაწლი, რომელმაც უმნიშვნელოვანეს ეპოქალურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი.

„პატრიარქის მსახურება მუდმივი მოწამეობაა!“ – ბრძანებთ თქვენ და ალბათ მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი დარდი, ტკივილი და განსაცდელი დაითმინეთ თქვენი პატრიარქობის ეკლიან გზაზე. თუმცა „სულგრძელ და დიდად მოწყალე“ უფალს სულიწმინდის მადლიც უხვად უბოძებია თქვენთვის.

არაერთხელ დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რით დავიმსახურეთ ღვთის ასეთი დიდი წყალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს გასაჭირის და ავბედობის ჟამს ასე უხვად ეწევა? რა გვაძლევს ძალასა და შემართებას, გადავიტანოთ და დავძლიოთ მრავალი სირთულე და გამოწვევა?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უფლის მადლია, მაგრამ ამავე დროს – თავგანწირული მამობრივი სიყვარული და სიბრძნე თქვენნაირი სულიერი წინამძღოლისა. მრავალჯერ გვიგრძვნია თქვენი ტვირთი საჭეთმპყრობელის უდიდესი პასუხისმგებლობისა. თქვენმა დიდმა სიყვარულმა, მოწყალებამ, სულგრძელებამ და სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მძიმე განსაცდელს. ჩვენ საკუთარი თვალით არაერთგზის ვიხილეთ, თუ როგორ შეძლო ეკლესიამ, თქვენი წინამძღოლობით, ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ფუნქციის შესრულება.

 ავიღოთ თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. წლევანდელი პანდემიის პერიოდი მთელი მსოფლიოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. ღმერთმა ამჯერადაც დიდი წყალობა მოიღო საქართველოზე, ვინაიდან თქვენ განჭვრიტეთ ღმრთის განგებულება ჩვენს ეკლესიაზე და გამოავლინეთ მართებული და სულიერი დამოკიდებულება ამ განსაცდელის მიმართ. ამიტომაც თქვენი ბრძნული ლოცვა-კურთხევით, წელს, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრევლთან ერთად წირვა-ლოცვითა და სიხარულით შევეგებეთ.

„მზიანი ღამე“ – ასე უწოდეთ თქვენ თქვენ მიერ განვლილ სულიერ გზას. მართლაც, თუკი ადამიანი ყურადღებით გადახედავს თქვენი მოღვაწეობის მძიმე გზას, დაეუფლება განცდა იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა, თავისი მადლით მუდამ ახლოს იყო თქვენთან.

დღეს ჩვენ არ გვეყოფა არც დრო და არც სიტყვები იმისთვის, რომ ჩამოვთვალოთ თქვენ მიერ აღსრულებული დიდი საეკლესიო და საქვეყნო საქმეები.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია თქვენი მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისა: ეპარქიების, მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და სამონაზვნო დასის გამრავლება. მღვდელმთავრების რიცხვი 7-იდან 50-მდე გაიზარდა, სამღვდელო და სამონაზვნო დასმა 72-იდან 3500-ს მიაღწია, მოქმედი ტაძარი იყო 42, დღეს 1600-ს შეადგენს, იყო 6 მონასტერი, დღეს კი მოქმედებს 260 მამათა და 180 დედათა სამონაზვნო სავანე.

 განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გახსნა, მრავალი საეკლესიო მოღვაწისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული ადამიანების წმინდანად შერაცხვა, წმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძრის აგება, შვიდგზის ლოცვების დადგინება, სახელმწიფოსთან საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, საპატრიარქოს უნივერსიტეტის, ტელევიზიისა და რადიოს დაარსება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება, შესანიშნავი საგალობლებისა და ხატების შექმნა, თქვენი მზრუნველობა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროსა და საგამომცემლო საქმეზე, სასულიერო და საერო განათლებაზე.

 აღსანიშნავია ასევე თქვენი მისიონერული და სოციალური მსახურება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, ახალგაზრდობასა და დემოგრაფიულ საკითხებზეა გამახვილებული.

თქვენ მიერ მონათლული ბავშვების რიცხვმა ორმოცთაერთ ათასს გადააჭარბა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 თქვენი მუდმივი საზრუნავია სნეულთა, პატიმართა, შვილგარდაცვლილი მშობლების ნუგეში და მათი თანადგომა, გაჭირვებულთა, უსახლკაროთა და უპატრონო ბავშვთა დახმარება და მრავალი სხვა.

 თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მუდმივი სატკივარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დაუვიწყარია 2008 წლის აგვისტო, როდესაც თქვენ ცხინვალის ნაომარ რეგიონში ჩაბრძანდით. არ ყოფილა უცხო ქვეყნებისა თუ ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებთან რომელიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც თქვენ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პრობლემაზე მწვავედ არ გესაუბრათ.

 თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს შვილებრივი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით ქედს ვიხრით თქვენ წინაშე. გამოვითხოვთ რა თქვენს ლოცვა-კურთხევას, მუხლმოდრეკით შევთხოვთ უფალს თქვენს მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!“

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი არჩილ თალაკვაძე

დღე მშვიდობისა თქვენო უწმინდესობავ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, ეპისკოპოსნო, მღვდელმსახურნო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის დღეს, ასევე აღნიშნავს ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეს. ნება მიბოძეთ საქართველოს პარლამენტის  სახელით მივულოცო ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს მფარველი წმინდანის დღე. 

მისი ღვაწლი უდიდესია ჩვენი ერის სულიერი ტაძრის მშენებლობის საქმეში და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ერი არაერთხელ შეკრებილა ამ სულიერ ტაძარში განსაცდელის თუ სიხარულის დროს. ერს, რომელსაც ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, განსაცდელი ვერ მოერევა. 

დღეს იცით, რომ მსოფლიო განსაცდელშია, მსოფლიო შეცვალა ამ განსაცდელმა, არაერთი ადამიანი დაიღუპა, ბევრი სასოწარკვეთილებაშია, თუმცა ჩვენ ღვთის მადლით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის ერთიანობით, შევძელით და საქართველომ შეძლო ამ განსაცდელთან გამკლავება. 

ჩვენ მადლიერი ვართ პატრიარქის, მადლიერი ვართ ეკლესიის ამ თანადგომისათვის. ასევე მსურს თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს დღე და მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მშვიდობით, შრომით და ღვაწლით საქართველო გაერთიანდება და ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და დავიბრუნებთ სამაჩაბლოს; შევძლებთ ჩვენს ძმებთან ხიდების და მშვიდობის აღდგენას და პატრიარქის ლოცვა საქართველოს გამთლიანებისთვის არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 

კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღე, ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია, ღმერთმა დალოცოს საქართველო! გმადლობთ.