სამუშაო შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 6 აგვისტოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე  მეუფე შიომ (მუჯირი), სამუშაო შეხვედრა გამართა  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლელა ბაქრაძესთან, საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან ქ-ნ თეა გოგოტიშვილთან და კავშირი ,,21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარესთან,  ბ-ნ პაატა გაჩეჩილაძესთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნული ფონდისა და საპატრიარქოს თანამშრომლობა ოჯახში ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების შესახებ, ანუ განიხილეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც ოჯახი, - როგორც საზოგადოების ძირითადი დასაყრდენი, დგას დღეს საქართველოში.

ხაზი გაესვა იმ დიდ მნიშვნელობას, რაც ამ პრობლემების დასაძლევად რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ შეიტანონ.

ბატონმა პაატა გაჩეჩილაძემ ისაუბრა  ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც კავშირმა ,,21-ესაუკუნემ’’ დაიწყო ივლისის თვიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით და რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და  სამხრეთ   კავკასიის   რეგიონის 6 ქვეყანას, მათ  შორის  საქართველოს, მოიცავს.

შეხვედრაზე  გამოითქვა როგორც პროექტის ფარგლებში, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე  ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა.