სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე  გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს  დასძინა: ,,სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი.“ (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)

ინებოს ღმერთმა, რომ ეს  სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს.