საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით და ორგანიზებით საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის,  გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ებერტის ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, კონრად ადენაუერის ფონდის და ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან.   

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა    შიომ (მუჯირი), პატრიარქის სრულუფლებიანმა    წარმომადგენელმა    ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელმა    მთავარეპისკოპოსმა    იაკობმა (იაკობიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა  პროტოპრესვიტერმა   გიორგი   ზვიადაძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა    დეკანოზმა    ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის    რექტორმა    პროფესორმა    სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს საპატრიაქროს წარმომადგენელმა    ინტერრელიგიურ საბჭოში, პროფესორმა   თეა გოგოტიშვილმა,  არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბ-ნმა    პაატა გაჩეჩილაძემ.

განხილული იქნა სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობებისა   და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხები.

მომხსენებლებმა სტუმრებს  გაუზიარეს ხედვები რელიგიური გაერთიანებების სტატუსის, რესტიტუციის, სახელმწიფოსა და  რელიგიურ გაერთიანებებს შორის ფინანსური ურთიერთობების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: გერმანიის ელჩმა    ბ-ნმა   ჰუბერტ ქნირშმა, საბერძნეთის ელჩმა    ბ-ნმა    დიმიტრიოს კარაბალისმა, შვეიცარიის ელჩმა ბ-ნმა    პატრიკ ფრანცენმა, საფრანგეთის ელჩმა    ბ-ნმა    დიეგო კოლასმა და იტალიის ელჩმა   ბ-ნმა ანტონიო ენრიკო ვალვომ.

დადებითად შეფასდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რესტიტუციის განხორციელებას ყველა დაზარალებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

მხარეთა მიერ გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად დაისახა გზები.