სვეტიცხოვლობის დღესასწაული 2020წ

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

თქვენო აღატებულებავ, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“

ჩვენ ღვთისაგან დაჯილდოებულნი ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევითი არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, აქ ჩამოტანილ იქნა კვართი მაცხოვრისა.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება.

დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს და განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა უფალმა.

 იმედია საქართველო და ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს.

მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენ ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ქვეყანას, ეს დღესასწაული.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი გიორგი გახარია

თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული,სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. ამ ერთიანობას რაღა თქმა უნდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა, ყველანი ერთად.  ამ ერთიანობით შეგვიძლია ჩვენ დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, ისეთი როგორიც არის ვირუსი.  ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ. და რა თქმა უნდა ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ერთმანეთს მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და მინდა კიდევ ერთხელ სვეტიცხოვლობა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გისურვოთ წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი არჩილ თალაკვაძე

უწმინდესო და უნეტარესო, თანამოსაყდრე მეუფე შიო, ეპისკოპოსნო, მღვდელმსახურნო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო თანამემამულეებო, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გილოცავთ სვეტიცხოვლობას! სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სიმტკიცის და ძლიერი რწმენის სიმბოლო და დღეს აქ ჩვენ შეკრებილნი ვართ იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ ვილოცოთ, რომ ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ერთიანობით, ძლიერი საზოგადოებით, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობით ჩვენ შევძლოთ ჩვენი რწმენის და იმ სიკეთის დაცვა, რომელიც წილად ხვდა ჩვენს ქვეყანას ღვთისგან. ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს მსურს მივულოცო სვეტიცხოვლობა, მხნეობა, დღეგრძელობა ვუსურვო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა ეს არის საოცარი დღესასწაული, ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლის მიღება. მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი იყოს მფარველი თქვენი, საქართველოს და მთელი მსოფლიოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!

დაფუძნდა ფონდი ,,მოწყალე სამარიტელი“. გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა, თვეში შემოიტანს ამ ფონდში 1 ლარს. მე იმედი მაქვს რომ ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს.

ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ - უნდა გვქონდეს რწმენა და სიყვარული. დალოცვლი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

 

პროტოდიაკონმა მირიანმა (სხირტლაძე) წაიკითხა დალოცვის სიგელის ტექსტი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ერთგულო მოწაფეო და ანდრია პირველწოდებულისა თანამოსაგრეო, წმინდისა ვასილისკოს წამებითა განდიდებულო და დიდისა მამისა იოანე ოქროპირისა ლოცვითა განშვენებულო წმინდაო მოციქულო სვიმეონ კანანელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და შეწევნითა იოანე ნათლისმცემელისათა დაიცვას და გაამთლიანოს მამული ჩვენი და განსასვენებელი შენი რომელსა ვსასოებთ ყოველნი მკვიდრნი ამისა ქვეყანისანი. ღმერთო დალოცე არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), იღუმენი ბარსანოფი, მღვდელმონოზონი ამბროსი, სქიმმღვდელმონოზონი იოაკიმე, ბერი სპირიდონი, ბერი დამიანე, ბერი გიორგი, ბერი კონსტანტინე, მორჩილი სტეფანე, მონა ღვთისა სვიმონი, მონა ღვთისა ბასილი, დეკანოზი დავით კონჯარია, რომელთაც ქვეყნის საზღვართა აღსადგენად ლოცვით განვლეს გზა ფეხით სვეტიცხოვლიდან ენგურამდე.