აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 18 ნოემბერს  საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბ-ნ მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის.

ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და ბ-ნ  სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ს თანადგომისთვის და რთულ  პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა  იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.