გარდაიცვალა მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი)

საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ღირსი ლაზარე გალისიელის ხსენების დღეს, ღვთივგანისვენა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი).

იგი გარდაიცვალა covid-19-ით, რომელიც მძიმე ავადმყოფობებს დაერთო.

მეუფე ლაზარე დასვენებული იქნება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.

კვირას, 22 ნოემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება წირვა, შემდეგ მოხდება წესის აგება, 15:00 სააათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის მიმდებარედ.

ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს.