სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (24.04.2021)

ჩვენთან არს ღმერთი!

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ბზობა, - ეს არის დიდი ზეიმის, სიხარულის, სიყვარულის დღესასწაული, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს, სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან; ადამიანმა უნდა იფიქროს, რა ელოდება წინ და როგორ შევხვდებით ამ დღეს.

მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი! ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა რომელიც მას მიიყვანს ღვთის სასუფეველში.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები; ნუ შეგეშინდებათ მაცხოვრის, სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს, მაგრამ საჭიროა სინანული.

„ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.

მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

დღეს ვაჯილდოებთ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოებას:

მღვდელმონოზონი სვიმეონი (ბეზიაშვილი) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ლაზარე კაპანაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი წერეთელი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი თეიმურაზ რუხაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!