სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა (13.10.2021)

ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი      მიიღო.

შეხვედრას ასევე ეწსრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციას და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა  აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.

მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია.