ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ისაია
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია
დაიბადა: 1961 წლის 12 აპრილს, ქ. წალენჯიხაში.
ანგელოზის დღე:22 მაისი – ისაია წინასწარმეტყველის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 02. 04. 1994
დიაკვნად კურთხევა: 28. 04. 1994
მღვდლად კურთხევა: 11. 12. 1994
ეპისკოპოსად კურთხევა: 09. 04. 1995
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 11. 2000
მიტროპოლიტობა ებოძა: 30. 04. 2006
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 21. 05. 2017წ.
მისამართი: საქართველო 1417. ნიქოზი, საკათედრო ტაძარი
მობ.: (+995 599) 88 68 80
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის მუნიციპალიტეტები)
კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია, დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს ქ. წალენჯიხაში. როგორც თავის ავტობიოგრაფიაში გვამცნობს: ,,დედა სკოლა-ინტერნატის დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე. იცოდა კერვა, ქარგვა, სახლში მის მიერ შეკერილი ფარდები, მაგიდისა და ტახტის გადასაფარებლები გვქონდა… მამამ გვასწავლა ჭადრაკის თამაში, გამოწერილი ჰქონდა ჭადრაკის ჟურნალები, გვირჩევდა საჭადრაკო ეტიუდებს და ჩვენს შორის იმართებოდა ჩემპიონატი… მე-4 კლასამდე ვსწავლობდი წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში, მე-5 კლასიდან – წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში. დავიწყე პიონერთა სახლში ხატვის წრეზე სიარული. გავიმარჯვე პიონერთა სასახლეში ჩატარებულ ხატვის კონკურსებში. მერვე კლასში დღის წესრიგში დადგა მოსწავლეების კომკავშირში შესვლა. ეს უკვე ისეთი დროა, როდესაც კომკავშირსა და კომუნისტურ პარტიას ჩვენს თვალში აღარ ჰქონდა ავტორიტეტი. ჩვენ ვხვდებოდით, რომ იქ ადამიანები შედიოდნენ უფრო კარიერისა და თბილი, უზრუნველყოფილი სამსახურისათვის. მე ამაში სიყალბეს ვხედავდი და რადგანაც შემოქმედებითი სამყაროთი ვსულდგმულობდი ასეთი სიყალბე სრულებით მიუღებელი იყო ჩემთვის“.
რვა კლასის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭანტურიამ სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში. 1982 წელს აბარებდა სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში… ყველგან გულცივობა დახვდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდას… როგორც მეუფე ისაია იხსენებს:„ახლობელმა სამუშაო გამომიძებნა მულტიპიკაციის სტუდიაში, იმ დროს მულტიპიკაციის სტუდიაში მიმდინარეობდა მულტფილმ „ბაბილინა“-ზე მუშაობა, სადაც დამდგმელი მხატვარი იყო ზაალ მეღვინეთუხუცესი. პირველად სწორედ ამ ფილმზე მომიწია მუშაობა – ნახატებს გრაფიკულად ვამუშავებდი. მულტიპიკაციის სტუდიის მხატვრული ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ახალი სასწავლო წლისათვის თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა მულტიპიკატორების მომზადებას და არჩევდა ახალგაზრდებს მულტიპიკაციის სტუდიისათვის. 1986 წელს შეიძლება ითქვას, ბატონი გელას პირადი მონდომების წყალობით, ჩავირიცხე ინსტიტუტში და გავხდი კინოფაკულტეტის სტუდენტი. ამავე დროს დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა… პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, წალენჯიხაში ყოფნის დროს, თბილისიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი, სახელად ფარნაოზი, მან ჩამოიტანა ხელმოწერებისათვის გამზადებული წერილი, სადაც ხელისუფლებისადმი იყო თხოვნა წალენჯიხის ეკლესიის ამოქმედებისათვის ნებართვის გაცემის შესახებ, ქაღალდზე მხოლოდ ერთი ხელმოწერა იყო, ამ მოთხოვნას ძალმოსილება რომ ჰქონოდა, საჭირო იყო ოცი ადამიანის ხელმოწერა. ამ საქმეში მეც მომიწია მონაწილეობამ. ხელმოწერები შევაგროვეთ და დავგზავნე დანიშნულებისამებრ ერთი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მეორე – მოსკოვში, მესამე – საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან, მეოთხე წალენჯიხის რაიკომში. ერთიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის უნდა გამეგზავნა. რჩევა ჩემს ჯგუფელს პაატას ვკითხე (მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი), რომელიც იმჟამად უკვე ეკლესიის მრევლის წევრი იყო. მან მითხრა, რაღა ფოსტით გავუგზავნოთ წერილი პატრიარქს, წმიდა მეფე თამარის ხსენების დღეს დიდუბეში სწირავს და ეს წერილი იქ მივართვათო. მართლაც მივედით, ხალხმრავლობა იყო, პაატამ მნათეს სთხოვა ჩვენი წერილი გადაეცა პატრიარქისათვის, მან კი გვითხრა ცოტა ხანი დავლოდებოდით. როცა მობრუნდა, გადმოგვცა უწმიდესის დანაბარები, თვითონ გადმომცეს წერილიო. პირველად ვიმყოფებოდი პატრიარქის მსახურებაზე. მაშინ მონათლულიც არ ვიყავი და სახელდახელოდ მასწავლეს, თუ როგორ მოვქცეულიყავი: მუხლი უნდა მომეყარა და ხელზე მთხვევით კურთხევა მიმეღო პატრიარქისაგან, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი ყველაფერი ზედმიწევნით შემესრულებინა, მაგრამ როდესაც საკურთხეველში შემიყვანეს, დავიბენი. საკურთხეველში ტახტზე პატრიარქია დაბრძანებული, მრავალი სასულიერო პირი, სტიქაროსნები, მოკლედ, დაბნეული პირდაპირ პატრიარქისაკენ გავემართე. არ ვიცი, სტიქაროსნებს რა მოეჩვენათ და ხმამაღლა შემომძახეს „დაიჩოქე“! მე, ისედაც დაბნეულს, სულ მთლად გული გამისკდა და დაჩოქების ნაცვლად დავემხე პატრიარქის წინაშე. პატრიარქმა წამომაყენა, ჩამიხუტა, მომასულიერა, რაღაცეები გამომკითხა, წერილი გამომართვა და დამლოცა. საკურთხევლიდან ფრთებშესხმული გამოვედი, უსაზღვრო იყო უწმიდესთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული… ჩემი ნათლობა მამა დავითმა (მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი) შეასრულა. მალე მამა დავითი სიონის ტაძრიდან მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და მრევლის წევრებიც წირვებზე დასასწრებად თბილისიდან მცხეთაში დავდიოდით. იქ გავიცანი მამა გაბრიელი (ურგებაძე). ჩემთვის ეს წლები ძვირფასად მოსაგონარია: სამთავროს დედათა მონასტერში წირვები, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩასვლა, ფარავნის ტბიდან წმიდა ნინოს გზაზე მსვლელობა. ფოკაში დედათა მონასტრის დაარსების დროს თვენახევარი ფოკას მამათა მონასტერში დარჩენა, შავნაბადას მონასტერში დროდადრო ასვლა. გამიჩნდა სურვილი, მესწავლა სასულიერო აკადემიაში, ვესწრებოდი ლექციებს როგორც თავისუფალი მსმენელი სასულიერო აკადემიის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე“.
1993 წელს ზურაბ ჭანტურია შეიმოსა მორჩილის კაბით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ სულ მალე იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ომი, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სამღვდელოებასთან, დევნილ მოსახლეობასთან ერთად გადალახა საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 15 სექტემბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად დაემკვიდრა მარტყოფის მონასტერში. 1994 წლის 11 აპრილს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა მორჩილი ზურაბი-ილია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ისაია უწოდა. იმავე წლის 24 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ისაია აკურთხა ბერ-დიაკვნად, მალევე ბერ-დიაკონი ისაია მცხეთის წმიდა ოლღას დედათა მონასტერში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1994-1995 წლებში მღვდელმონაზონი ისაია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას. 1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად. 1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი. 8 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინებისას იღუმენმა ისაიამ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:
„უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ჩემთვის მონიჭებული წყალობისათვის. შემდგომად ღვთისა გმადლობთ თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, იმ მამობრივი ზრუნვისა და სიყვარულისათვის, რომელმაც ჯერ ეკლესიაში მომიყვანა, ხოლო შემდეგ ღვთისმსახურების გზაზე დადგომა შემაძლებინა და დღემდე მომიყვანა.
გმადლობთ მეუფენო. მოძღვარნო და ყოველნო მორწმუნენო ჩემი თანადგომისა და გამხნევებისათვის, რომ არა თქვენი სიყვარული, დღეს ალბათ აქ, თქვენ წინაშე, წარდგომას ვერ შევძლებდი.
მონასტერში ცხოვრების მანძილზე განმარტოვებული ცხოვრების სურვილი დამებადა. ჩემი მომავალი ცხოვრება უფრო მყუდრო ადგილას მესახებოდა, ვიდრე ანტონ მარტყოფელის მონასტერია. განსაკუთრებით ხშირად აფხაზეთზე ვფიქრობდი, მინდოდა იქ როდესაც დაბრუნებას შევძლებდით, რამდენიმე ძმასთან ერთად სადმე სამოღვაწეო – უდაბნო – ადგილას დავმკვიდრებულიყავი, მაგრამ გამოუკვლელ არიან გზანი შენნი. უფალო! მისი ნებით ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა.
მიფიქრია იმაზეც, ბრძოლის ველზე მეთაური ყველაზე ძნელი დავალების შესასრულებლად ვის გაგზავნიდა და ვის სიცოცხლეს დასდებდა სასწორზე. რა თქმა უნდა, იმას, ვისი განსაკუთრებული ნდობაც ექნებოდა. დღეს თქვენი მხრიდან, თქვენო უწმიდესობავ, ჩემს მიმართ სწორედ ამგვარი ნდობა იქნა გამომჟღავნებული, რისთვისაც დიდად გმადლობთ.
დღევანდელი დღე ჩემთვის დასასრულია მყუდრო მონასტრული ცხოვრებისა და იმგვარი გზის დასაწყისია, რომელიც ღვთის წინაშე არა მხოლოდ საკუთარ სულზე, არამედ სხვათა სულებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ამ პასუხისმგებლობაზე დაფიქრებამ არ შეიძლება ადამიანი არ შეაძრწუნოს, მაგრამ ჩემს მღელვარებას თან სიხარულიც ახლავს, თქვენი ნდობით გამოწვეული.
თუმცა ნიქოზისა და ცხინვალის მხარეს კარგად არ ვიცნობ, ეს კი კარგად ვიცი, რომ აქ მსახურება სასულიერო პირისაგან დიდ ძალისხმევას და თავდადებას მოითხოვს… შევეცდები ამ მხარეში ეკლესიური ცხოვრების გაძლიერებას… არსებული კრიზისის დაძლევა ხომ მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოების მეოხებითაა შესაძლებელი.
ბერად აღკვეცისა თუ დიაკვნად და მღვდლად კურთხევისას უწმიდესისაგან სულ ერთსა და იმავე რჩევას ვიღებდი: „ახლა უფრო მეტი თავმდაბლობა და მორჩილება გმართებს, რადგან ეს თვისებები, რომელიც ქრისტიანის ძვირფასი სამკაული და სულიერი წარმატების გვირგვინია, ხარისხის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს“.
თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, სულიერ თანადგომას და ლოცვებში მოხსენიებას ვითხოვ თქვენგან, რათა უფალმა ძალა მომცეს ჩემთვის ბოძებული ჯვრის თავმდაბლობით და მორჩილებით ტარებისათვის“.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ახალ ეპისკოპოსს მღვდელმთავრის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები თავის საქმიანობაში. ეპარქია, რომელიც მეუფე ისაიამ ჩაიბარა ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცხინვალის რეგიონში გარე ძალების წაქეზებით მოხდა დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის. მეუფე ისაიას ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა ნიქოზის ამაღლების, ავნევის ღვთისმშობლის შობის, ქურთის ყოვლადწმიდა სამების, ლარგვისის თეოდორე ტირონის, იკორთას ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი, ავლევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. 2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყეს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, განსაკუთრებით სასტიკად დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები: თამარშენი, კეხვი, აჩაბეთი, ქემერტი, ქურთა, გორის სოფლები: ტყვიავი, ნიქოზი… მეუფე ისაიას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ეპარქია. როგორც იგი იხსენებს: „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. განსაცდელის პირველი ტალღა იყო, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა, როცა გვიშენდნენ ქვემეხებიდან, რაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო… მერე განსაცდელის ახალი ტალღა მოიწია. გამოჩნდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვებიც აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო… ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, წირვის შემდეგ ყველანი ერთად სატრაპეზოში ვისხედით, ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო, მის გვერდით სენაკები გვქონდა. მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოვარდნილი… სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა, სრულიად განადგურდა ბიბლიოთეკა და არქივი, არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა სადმე მოვიძიოთ ის უნიკალური ფოტოები, რომელნიც აქ იყო დაცული“
მეუფე ისაიამ ბოლომდე გაიზიარა ეპარქიის მოსახლეობის მძიმე ხვედრი. ასეთ ვითარებაში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთელ მსოფლიოს უჩვენა გმირობის მაგალითი, იმ დროს, როდესაც გორისა და ცხინვალის რაიონებში რუსული ბომბდამშენები ინტენსიურად ახორციელებდნენ დაბომბვას, ცეცხლის ალში იყო გახვეული სოფლები, პატრიარქი ჯერ გორში, ხოლო შემდეგ ნიქოზში ჩავიდა, გაამხნევა ეპარქიის სამღვდელოება, შეხვდა რუს გენერლებს… მან აღნიშნა: ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს. 24 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თვის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს“. ღრმა ჭრილობები აქვს საქართველოს, ეს ჭრილობები ყველაზე კარგად ჩანს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, მაგრამ გვწამს ჩვენი ხალხის შეუდრეკელობისა და თავდადებისა, მეუფე ისაიამ ამ თავდადების მაგალითი უჩვენა ყველას და ასე დარჩება იგი ისტორიაში.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)