ვანისა და ბაღდათის ეპარქია

ვანისა და ბაღდათის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს – ვანს, ბაღდათსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ვანისა და ბაღდათის ეპარქია 1995 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან _ შემოქმედის, ჩრდილოეთიდან _ ქუთაის-გაენათისა, ტყიბული-თერჯოლისა და ხონი-სამტრედიის, სამხრეთიდან _ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა ეპარქიები.
ისტორიულად ვაკე იმერეთი მეფე ფარნავაზის მიერ გატარებული რეფორმის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მეორე საერისთავოს მიეკუთვნებოდა. ფარნავაზის აგებულ დიმის და შორაპნის ციხეთაგან, დიმის ციხის მდებარეობა სწორედ ამ ეპარქიის ტერიტორიაზეა ნავარაუდევი.
ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო. მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ეს კუთხეც საბოლოოდ გაქრისტიანდა.
ეპარქიის ტერიტორია ისტორიული ლაზიკის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და შესაბამისად ლაზიკის სამეფოს მთელი ისტორია ამ კუთხის ისტორიაცაა.
ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათოლიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა. თუმცა სამეფოს უმნიშვნელოვანესი რეგიონი ცალკე საეპისკოპოსოდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისისა და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XVI საუკუ-ნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა ხონის ეპარქია. იმავე პერიოდში აფხაზეთის კათოლიკოსის რეზიდენცია გელათში გადმოიტანეს და ამის გამო დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა. ვაკე იმერეთის ტერიტორიაც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყსო ტერიტორიას შეადგენდა.
XIX ს.მართალია, საქართველოსათვის საეკლესიო ცხოვრების დაქვეითებით გამოირჩევა, მაგრამ იმერეთის ეპარქიის ცნობილი მღვდელმთავრის წმიდა გაბრიელ ქიქოძის ძალისხმევით ამ კუთხეში მრავალი ეკლესია განახლდა და იკურთხა იმჟამად. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქია ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის საფუძველზე სამი ეპარქია – ხონის, ვანისა და ბაღდათის და ქუთაის-გაენათის ეპარქიები ჩამოყალიბდა. ცალკე სამღვდელმთავროდ გამოყოფილ ვანისა და ბაღდათის ეპარქიას, 1996 წლის ნოემბრიდან მართავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია.
ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები:
ბაღდათის რაიონი
ბაღდათის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი
ბაღდათის იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
სოფ. წითელხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
სოფ. რიკოთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია
სოფ. ობჩის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ქვედა დიმის მთავარანგელოზის ეკლესია
ქვედა დიმის წმიდა გიორგის ეკლესია
ვარციხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ხანის 12 მოციქულის ეკლესია
სოფელ წყალთაშუას ეკლესია
სოფელ როხის ეკლესია
სოფელ საკრაულას ეკლესია
სოფელ პირველ ობჩის ეკლესია
სოფელ ფერსათის ეკლესია
სოფელ წითელხევში (მთაზე) წმიდა გიორგის მონასტერი.
ვანის რაიონი
ყოველთა ქართველთა წმიდათა სამლოცველო _ ვანის სამღვდელმთავრო რეზიდენცია
ქედის წმიდა გიორგის ეკლესია
გორას წმიდა გიორგის ეკლესია
ზედა გორას მაცხოვრის შობის ეკლესია
ბზვანის წმიდა გიორგის ეკლესია
ინაშაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
კუშუბაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია.
ყუმურის წმიდა გიორგის ეკლესია (ახალი ტაძარი)
სალომინაოში ყოვლადმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
საპრასიის ეკლესია
უხუთის ეკლესია
ტობანიერის ეკლესია
ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფელ დიხაშხოს ეკლესია.
ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები:
ვანის წმ. ნინოს სახ. მართლმადიდებლური გიმნაზია, ვანი, სანაპიროს ქ. 25, რექტორი _ მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), პრორექტორი – დეკ. პეტრე გიორგაძე.