მირქმის დღესასწაულზე საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

2 თებერვალი (15 თებერვალი), 2018
მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ლამპრობა.
წირვაზე – ებრ. 7:7-17; ლკ. 2:22-40.
წმინდა პავლე მოციქულის
ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 7:7-17





7
ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.
7
ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის.


8
აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი – ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია.
8
და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს.


9
და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი.
9
და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს;


10
ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი.
10
რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ.


11
ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?
11
რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, – რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, – რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?


12
ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც.
12
რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების,


13
რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს.
13
რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო.


14
ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.
14
წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე.


15
და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი,
15
და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი,


16
რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.
16
რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა.


17
რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.
17
რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.





მოციქულმა თქვა, რომ მელქისედეკმა აკურთხა ესოდენ დიდი აბრაამი. ჩვენ ყველანი უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ მაკურთხებელი მეტია მასზე, ვისაც აკურთხებს. შესაბამისად, ქრისტეს წინასახე, მელქისედეკი, მეტია მამამთავარზე.



ახლა მოციქული სხვა მსჯელობას წარმოადგენს, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მელქისედეკი რჯულის მღვდლებზე აღმატებულია. აქ, ანუ რჯულში, მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი; იქ კი, ანუ მელქისედეკის შემთხვევაში, მეათედი იმან მიიღო, ვის შესახებაც წმინდა წერილი მოწმობს, რომ ცოცხალია, რადგან ნათქვამია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით“ (ფს. 109:4). რაც შეეხება იმას, რომ მელქისედეკი მარადის ცოცხალია, ეს ისე გაიგე, როგორც ზემოთ ითქვა, კერძოდ, წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი მისი სიკვდილზე. ლევიტელები კვდებიან, ხოლო მელქისედეკი ცოცხალია – ზოგიერთთა აზრით ეს ნიშნავს, რომ ლევიტელთა მღვდლობის სახე მოკვდა, რადგან უმოქმედო გახდა, ხოლო მელქისედეკის მღვდლობა ანუ ქრისტესმიერი ცხოვრება, ცოცხლობს და არსებობს, და მარადის იარსებებს.



რჯულის მღვდლებს რომ არ ეთქვათ: ჩვენთან რა კავშირი აქვს იმას, რომ აბრაამმა მეათედი შესწირა? – ამბობს, აბრაამმა და ლევიმ, ჩვენი მღვდლობის მამამთავარმა, რომელიც მეათედს იღებდა, ახლა თავად გასცა მეათედი. ასე რომ, განა მელქისედეკი ლევიზე მეტი არ არის, როცა ნათელია, რომ მან მისგანაც მიიღო მეათედი აბრაამის მეშვეობით? გამოთქმა: ასე ვთქვათ, ნიშნავს ან: „მოკლედ ვთქვათ“, ან: „ასე ვიტყვი“, რადგანაც ძალიან გაბედული იქნებოდა პირდაპირ ეთქვა, რომ ლევიმ, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო, მელქისედეკს მეათედი შესწირა, ამიტომ შეარბილა ნათქვამი [და გამოიყენა ფრაზა: „ასე ვთქვათ“].

მოციქული აჩვენებს, თუ რა გზით შესწირა ლევიმ მეათედი, კერძოდ, რაკი მამამთავარმა აბრაამმა მელქისედეკს მეათედი მისცა, ამის გამო მანაც მისცა მეათედი, რადგან უკვე აბრაამის წიაღში იმყოფებოდა და მისი თესლიდან უნდა დაბადებულიყო, თუმცა ჯერ არ იყო დაბადებული. და არ უთქვამს: „ლევიტი“, არამედ: „ლევი“, რათა აღმატებულება წარმოეჩინა. აი, როგორი გამბედაობა გამოიჩინა! მან სრულიად უარყო ყოველგვარი იუდაური. მანამდე იმიტომ უთხრა: „სმენის თავი აღარა გაქვთ“ (ებრ. 5:11), რომ განზრახული ჰქონდა ეს ჭეშმარიტებები შეეთავაზებიანა და მოუწოდებდა, მისთვის ყური ეგდოთ. ამგვარად, ჯერ განაწყო და მოამზადა, ახლა კი სათქმელს ეუბნება. ასე იმიტომ მოქმედებს, რომ სული სიტყვას იმგვარად არ იღებს და აბრუნებს, როგორც მიწა, რომელიც თესლს მიიღებს და მერე უკან მწიფე ნაყოფად დააბრუნებს. იქ ბუნებაა, მდგრადობით რომ გამოირჩევა, აქ კი თავისუფალი ნებელობაა, რაც ადვილად იცვლება და უაღრესად მრვალფეროვანია. ამიტომ აუცილებელია, რომ მოძღვარმა წინასწარ შეამზადოს მსმენელი.



მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ სამღვდელო წესით მელქისედეკი გაცილებით აღემატებოდა აბრაამსა და ლევის, მოციქულს ახლა ამის სხვა მტკიცებულება მოჰყავს და აჩვენებს, რომ ქრისტეს სამღვდელო წესი გაცილებით მეტია, ვიდრე ლევიტელთა, და რომ ქრისტეს მღვდელმოქმედება სრულყოფილია, ის კი არასრულყოფილი იყო. რჯულის სამღდელოება რომ სრულყოფილი ყოფილიყო, მაშინ ახალი მღვდელი აარონის წესით უნდა აღდგენილიყო, რადგან აარონი ლევის ტომიდან იყო. მაგრამ ნათქვამია, რომ აღდგება არა აარონის, არამედ მელქისედეკის წესით, ე. ი. რაკი ის სამღვდელო წესი არ იყო სრულყოფილი, ამიტომ მის ნაცვლად სხვა შემოდის. გამოთქმა „რა საჭირო იქნებოდა“, დიდი მნიშვნელობის შემცველია და ნიშნავს: ქრისტე რომ მელქისედეკის წესით რჯულამდე ყოფილიყო, მაშინ მთელი სამართლიანობით შეგვეძლო, გვეთქვა, რომ სამღვდელოება რჯულით, ანუ აარონის წესით მოცემულ იქნა იმიტომ, რომ მელქისედეკის სამღვდელო წესი არასრულყოფილი იყო. სინამდვილეში კი ქრისტე მერე განკაცდა და მიიღო სხვა სამღვდელო წესი. აქედან ცხადია, რომ რაკი აარონის სამღვდელო წესი სრულყოფილი არ იყო, ამიტომ მის ნაცვლად სხვა შემოდის. რას ნიშნავს გამოთქმა: ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული? ამის საფუძველზე არ შეიძლება ითქვას, რომ აარონის სამღვდელო წესი სრულყოფილია, რომ იგი მოცემულია სხვების და არა ებრაელებისთვის; პირიქით, ის მთლიანად ერთ ერს მიეცა და მასთან იყო მიბმული ამ ერთი ერის რჯული, ანუ განსაზღვრული იყო, რომ ამ ერს მისით ესარგებლა, მისით ეხელმძღვანელა და ყველაფერი მისი მეშვეობით აღესრულებინა. მაშ, რატომ იქნა ის გაუქმებული? – ცხადია, იმიტომ, რომ ის უძლურია.



ახლა აჩვენებს, თუ როგორ უქმდება რჯული თანდათან და მის ადგილს სხვა აღთქმა იკავებს. ეს იმიტომ, რომ თუკი სამღვდელო წესი შეიცვალა, მაშინ აუცილებელია, რჯულისკანონიც სხვა იყოს, ვინაიდან მღვდელი ვერ იქნება აღთქმის, კანონებისა და წეს-განგებათა გარეშე. სამღვდელო წესი არა მხოლოდ ფორმით შეიცვალა, ანუ არა მხოლოდ ისე, რომ აარონის წესის მაგივრად მელქისედეკის წესი შემოვიდა, არამედ ტომითაც – აარონის სამღვდელო ტომიდან იუდას სამეფო ტომში გადავიდა. ყურადღება მიაქციე ამ საიდუმლოს. თავიდან არსებობდა სამეფო ტომი, მერე – სამღვდელო; ასევე ქრისტეც ყოველთვის მეფე იყო, ბოლოს კი მღვდელთმთავარი გახდა, – როცა ხორცნი შეისხა და როცა მსხვერპლი გაიღო.



მოციქული აქ აჩვენებს, როგორ შეიცვალა სამღვდელოება ტომით, და ამბობს, რომ ქრისტე, ვისზედაც ეს ითქვა, ანუ ვისზედაც სამღვდელოება გადავიდა, სხვა – იუდას – ტომიდანაა. საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს, ანუ იუდას ტომიდან არავინ მდგარა სამსხვერპლოს წინაშე და არ აღუსრულებია სამღვდელო მსახურება.



საგულისხმოა გამოთქმა: „ამობრწყინდა“, რომელიც ბალაამის წინასწარმეტყველებიდანაა აღებული: „ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან“ (რიცხ. 24:17), ასევე – მალაქიას წინასწარმეტყველებიდან, – იგი მას „სიმართლის მზეს“ უწოდებს (მალ. 4:2). ამით ჩანს, რომ უფალი ამაქვეყნის გასანათლებლად მოვიდა.

რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. ყველაფერი, რაც სამღვდელოებას ეხება, მოსემ ლევიტელთა ტომს მიაკუთვნა, იუდას ტომს კი ყველაფერი ის, რაც ომში მეთაურობას ეხება.


რა არის მით უფრო ცხადი? სამღვდელო წესისა და აღთქმის შეცვლა ცხადდება არა იმდენად იმით, რომ მღვდელი სხვა ტომიდან და არა ლევიტელთაგან აღდგება, არამედ უფრო იმით, რომ – მელქისედეკის მსგავსად. ეს ნიშნავს: მღვდელი მელქისედეკის წესით დგება.



მელქისდეკი არ არის რჯულს დაქვემდებარებული მღვდლების მსგავსი; მათ მღვდლობა რჯულისგან მიიღეს, რომელიც ხორციელ მცნებებს შეიცავდა: წინადაცვეთას, სხეულის განბანვას, ხორციელ დასვენებასა და ამქვეყნიურ სიკეთეებს; ხოლო მელქისედეკმა – ღმრთის ძალით, ამიტომაც მისი მღვდლობა მარადიული და ურღვევია. „წარუვალი სიცოცხლე“ კი გაიგე ისე, როგორც ზემოთ ითქვა, კერძოდ, მისი სიკვდილი უცნობია. მღვდლის შესახებ სიტყვა ასეც შეგიძლია გაიგო: სხვა მღვდელმა, ანუ ქრისტემ, მღვდლობა მიიღო არა ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ, არამედ მამის ძალით, ე. ი. თავისი საკუთარით, და მისი მღვდლობა ურღვევია. „ხორციელის“ საპირისპიროდ უფრო შესაფერისი იქნებოდა ეთქვა „სულიერი“ (სიცოცხლის ძალით). მაშ, რატომ ამბობს: „წარუვალი სიცოცხლის ძალით“? იმიტომ, რომ „ხორციელით“ დროებითი აღნიშნა, და სწორედ დროებითს დაუპირისპირა გამოთქმა: „წარუვალი“. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე საკუთარი ძალით (წარუვალი სიცოცხლის ძალით) ცოცხლობს.



მოციქული აქ აზუსტებს, თუ რატომ თქვა: წარუვალი სიცოცხლის ძალით, და ამბობს, რომ წმინდა წერილის მოწმობით, იგი მღვდელია უკუნისამდე. თუმცა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ის ამას კი არ აზუსტებს, არამედ იმას, რომ იგი მღვდელია არა ხორციელი აღთქმის რჯულისამერ. რადგანო, – ამბობენ, – რჯულისამებრ მღვდელი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად უნდა გაესვა ხაზი, რომ იგი მღვდელია აარონის წესით. ახლა კი, რაკი წერია: წესისამებრ მელქისედეკისა, ცხადია, რომ არა რჯულისამებრ, არამედ სხვა რამ განსაკუთრებული ღვთაებრივი წესით.


ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი




წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებელისაგან – 2:22-40





22
ხოლო, როცა გასრულდა მისი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, აიყვანეს იგი იერუსალიმში, რათა წარედგინათ უფლისადმი,
22
რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,


23
როგორც დაწერილია უფლის რჯულში, რომ: “ყოველი წული საშოს გადამხსნელი წმინდად უფლისა იწოდოს”;
23
ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;


24
და რათა მიეცათ შესაწირავი, თანახმად რჯულში ნათქვამისა: გვრიტების წყვილი, ანდა ორი მართვე მტრედისა.
24
და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.


25
და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, რომლის სახელია სვიმეონი, და ეს კაცი – მართალი და კეთილმიმღები, მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე.
25
და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.


26
და იყო ის უწყებული სულიგან წმიდისა – არ ენახა სიკვდილი, მანამ არ იხილავდა უფლის ცხებულს.
26
და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.


27
და მივიდა სულით ტაძრად; და მშობლების მიერ ყრმა იესოს მიყვანისას, აღსასრულებლად მათგან თანახმად სჯულში დაწესებულისა მის შესახებ,
27
და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ,


28




და მან მიირქვა იგი მის მკლავებში, აკურთხა ღმერთი და თქვა:




28
და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:


29
აწ განუტევებ შენს მონას, მბრძანებელო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.
29
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,


30
რადგან იხილეს ჩემთ თვალებმა ხსნა შენი
30
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,


31
რომელიც გაამზადე ყველა ხალხის წინაშე,
31
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,


32
ნათელი წარმართთათვის გამოსაჩენად და შენი ერის, ისრაელის სადიდებლად.
32
ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.


33




ხოლო იოსები და იესოს დედა გაოცებულები იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.




33
და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.


34
და აკურთხა ისინი სვიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: აჰა, გაწოლილია იგი მრავალთა წასაქცევად და აღსადგენად ისრაელთა შორის, და ნიშად ცილობისა.
34
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად.


35




და თვით შენს სულშიც კი გაივლის მახვილი, რათა განცხადდეს მრავალთა გულის ზრახვანი.




35
და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.


36
და იყო , წინასწარმეტყველი ანაც, ფანუელის ასული, ტომით ასერი; მრავალ წელს მიღწეულს, შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, მისი სიქალწულიდან;
36
და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.


37
და ეს ქვრივი ოთხმოცდა ოთხი წლისაც, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა, დღე და ღამ მარხვითა და ვედრებით მსახურებდა.
37
და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე.


38
და ის, სწორედ იმ დროს მოვიდა, აღურებდა უფალს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.
38
ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.


39
და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეაში დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
39
და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.


40
ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და მადლი ღმრთისა იყო მასზე.
40
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.






მოსეს რჯულის თანახმად, ორმოცი დღის განმავლობაში მშობლებს არ ჰქონდათ უფლება, ღმრთის ტაძარში გამოჩენილიყვნენ, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი ვალდებულნი იყვნენ, ტაძარში მისულყვნენ, სადაც მღვდელი მათ განსაწმედელ ლოცვას წაუკითხავდა. ამ კანონს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალწული მარიამიც ემორჩილება, – თუმცა არა იმიტომ, რომ განწმედას საჭიროებდა სიწმიდისა და სისუფთავის უთესლო წყაროს მშობელი, არამედ – შეესრულებინა საღმრთო რჯული და ამით ღმრთის ნებისადმი კეთილმსახური და თავმდაბლური მორჩილების სრულყოფილი ნიმუში ეჩვენებინა. ამიტომ, მსგავსად სხვა ისრაელი დედაკაცებისა, თავის დამწინდველ იოსებთან ერთად მასაც მიჰყავს ყოვლადმარადიული ჩვილი იესო იერუსალიმის ტაძარში, რათა უფალს წარუდგინოს: საღმრთო რჯულის თანახმად, მამრობითი სქესის ყოველი პირმშო ეწირებოდა ღმერთს, როგორც მისი, ერთადერთის, კუთვნილი.

წმინდა მღვდელთმთავარი ამფილოქე იკონიელი


ამრიგად, ეს სიტყვა და მთელი რჯული, და რჯულის მიზეზი – ყველაფერი მოცემულია საშოს გამხსნელისთვის. არც ერთ პირმშოს, ცხოველებსა თუ ადამიანებს შორის, არასდროს გაუხსნია საშო, არამედ იყვნენ მხოლოდ პირმშონი. ვინ შვა ქალწულმა? – ერთადერთმა მან გახსნა საშო. ასე რომ, გთხოვ, მიაქციო ყურადღება: მთელი რჯული დაწესდა მხოლოდ იმისთვის, ვინც ქალწულისგან უნდა შობილიყო.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

24. და რა მიაქვს მას შესაწირად, როგორც მამრობითი სქესის პირმშოსა და ჩვილს? ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, იმასთან შესაბამისობაში, რაც რჯულით იყო განსაზღვრული (ლევ. 12:8). მაგრამ რაზე მიანიშნებს გვრიტი ან სხვა – მტრედის ხუნდი? მოდით, ეს ყურადღებით განვიხილოთ. ერთი ყველაზე მოლაპარაკეა მინდვრის ჩიტებს შორის, მეორე – მშვიდი და წყნარი; ასეთი გახდა ჩვენთვის ყოველთა მხსნელი: უაღრესი სიმშვიდის მქონემ, თავისი ხმით აავსო მთელი ცისქვეშეთი და კეთილხმოვანი ქადაგებით დაატკბო თავისი ვენახი, ანუ ჩვენ, მორწმუნე ერი. მართლაც, „ქებათა ქებაში“ ვკითხულობთ: „ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. … ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს“ (2:12-13), – გვიქადაგა მან ღვთაებრივი და მაცხოვნებელი სახარება. ამრიგად, გვრიტები თუ მტრედის ხუნდები დაკლეს, რაც მინიშნებაა იმაზე, რომ მასაც უნდა განეცადა ხორციელი სიკვდილი მთელი მსოფლიოს სიცოცხლისათვის (ინ. 6:51), რადგან ის თავადაა კეთილხმოვანი გვრიტი; ის თავადაა უმანკო ხუნდი. ამრიგად, შესაწირად მიიტანეს გვრიტები ან მტრედის ხუნდები, როდესაც იგი წარსდგა უფლის წინაშე, და ამ დროს შეიძლება ერთდროულად და ერთად დაგვენახა ჭეშმარიტება და მისი სახე-ნიმუშები. შეიძლება ითქვას, რომ „ქრისტემ კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი“ (ეფ. 5:2), რათა თავისი მეშვეობით და თავის თავში მივეყვანეთ ჩვენ ღმერთთან და მამასთან, და ამით გამოესწორებინა ჩვენი განვარდნა, ადამის დანაშაულითა და ყველა ჩვენგანზე ცოდვის გამეფებით რომ მოხდა. ჩვენ ხომ ისინი ვართ, ვინც ძველთაგანვე ღაღადებდნენ: მომიხილე და შემიწყალე, – როგორც მეფსალმუნე ამბობს (ფს. 24:16), რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართლებისკენ (ფს. 33:16); უფალი იმათ კი არ მოიხილავს, ვინც ცოდვებთ არიან შეპყრობილნი, არამედ – ვინც მისი ღვთაებრივი სიტყვების წინაშე მდაბლად, მდუმარედ და ძრწოლით დგანან (ეს. 66:2). ასე რომ, თავიდან უნდა გავწმენდილიყავით და ამით დაგვემსახურებინა ღმერთის მზრუნველობა; და ეს ჩვენ მოვიპოვეთ ყოველთა მაცხოვრის იესო ქრისტეს მეშვეობით, „რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს“ (გალ. 4:4).

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი

პ.ს. „რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს“ (გალ. 4:4), – ქალი აქ სქესს აღნიშნავს და არა ცოლს (ნეტარი იერონიმე სტრიდონელი).

25-32. სიმეონი ღმრთისმოყვარე ერისკაცი იყო. იგი ელოდებოდა ქრისტეს, და ელოდებოდა როგორც ებრაელთა მანუგეშებელსა და ცოდვების მონობიდან განმათავისუფლებელს, თუმცა, შესაძლოა, რომაელთა მონობისა და ჰეროდეს ბატონობისგან განთავისუფლების იმედსაც ამყარებდა მასზე. რადგან ვინც ქრისტე იწამა, ის ჭეშმარიტად თავისუფალია და პატივშია მეფეებისა და ადამიანებისგან. განა არ იყვნენ ისინი რომაელთა მონები? ახლა კი რომაელი მეფეები მათ პატივსა და თაყვანს სცემენ. ამრიგად, მათთვის, ისრაელიანებისთვის, ქრისტე ნუგეშინისმცემელი გახდა. და აი, სულიწმიდით აღძრული სიმეონი შევიდა ტაძარში, როცა დედაღმრთისამ იქ ჩვილი იესო მიიყვანა; გამოართვა, გულში ჩაიკრა და ღმერთად აღიარა. ვინაიდან ამ სიტყვების გამოთქმა: აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, – მხოლოდ სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფის ამღიარებელს შეეძლო. შეხედე, როგორ მიიჩნევენ წმინდანები სხეულს ბორკილებად. ამიტომაც ეუბნება: „აწ განუტევებ“, ანუ ბორკილებიდან მათავისუფლებ. თანახმად შენი სიტყვისა, – გულისხმობს, მისთვის გაცხადებულ წინასწარმეტყველებას, რომ ქრისტეს ხილვამდე არ მოკვდებოდა. მშვიდობით, – ე.ი. მშვიდად, წყნარად. მართლაც, სანამ ადამიანი ცოცხალია, სულ შფოთავს და ფაციფუცობს (ფს. 38:7), გარდაცვლილი კი განსვენებაშია. მშვიდობით – სხვანაირადაც შეგვიძლია გავიგოთ, კერძოდ, „მოლოდინის აღსრულებით“. ის, თითქოსდა, ასე ამბობს: სანამ უფალს ვიხილავდი, სულ მის მოლოდინში ვიყავი და ფიქრები არ მასვენებდა, ახლა კი, როცა ვიხილე და შევხვდი, დავწყნარდი და განვიტევები. მაცხოვარებას უწოდებს მხოლოდშობილის განხორციელებას, რაც ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა განამზადა, – განამზადა ეს „მაცხოვარება“ ყველა ადამიანის თვალწინ. სწორედ იმიტომ განხორციელდა უფალი, რომ მსოფლიო გადაერჩინა და მისი განკაცება ყველასთვის გაცხადებულიყო. „მაცხოვარება“ – ეს არის ნათელი წარმართთა გასანათლებლად და ისრაელის სადიდებლად, რადგან ქრისტე ჭეშმარიტი დიდებაა ისრაელი ხალხისთვის, რადგან მათ შორის გამობრწყინდა და ყველა კეთილგონიერი ისრაელი მასში თავისი ხალხის დიდებას ხედავს. ასე ამბობს სიმეონი, მე კი ვფიქრობ, რომ ამ სიმეონს შეეფერება დავითის სიტყვები: „დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (ფს. 90:16).

33-35. სიმეონმა ორივე აკურთხა, მაგრამ სიტყვით მხოლოდ ჭეშმარიტ მშობელს მიმართა: აჰა, წევს იგი დამამხობლად და აღმადგინებლად მრავალთა ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად, – ურწმუნოთა დასამხობად და მორწმუნეთა აღსადგენად, ან სხვაგვარად: უფალი წევს ჩვენს გულებში ჩაბუდებული ბოროტების დასამხობად და სიკეთის აღსადგენად; ეცემა სიძვა, დგება უბიწოება. კიდევ სხვანაირადაც შეგვიძლია გავიაზროთ: ქრისტე წევს „დამამხობლად“: თავად უნდა ევნოს და სიკვდილი განიცადოს, ხოლო მისი „დამხობით“ მრავალი ადამიანი უნდა აღდგეს. ამიტომ სიტყვის „დამამხობლად“ შემდეგ წერტილი დასვი და მის მერე დაიწყე: „აღმადგინებლად მრავალთა“. ნიშნად – ეს ჯვარია, – დღემდეც მიზეზი ურთიერთდაპირისპირებისა, ვინაიდან ურწმუნონი მას არ აღიარებენ. თუმცა უფლის განხორციელებაც „ნიშნად“ იწოდება – სასწაულებრივ ნიშნად, რამეთუ ღმერთი კაცი გახდა, ქალწული კი დედა; და ამ ნიშანსაც, ანუ ღმერთის განკაცებას, ეწინაღმდეგებიან: ერთნი ამბობენ, რომ სხეული ზეციდან დაეშვა, მეორენი რომ ეს მოჩვენებითია, მესამენი კიდევ სხვა სისულელეებს როშავენ. და თვით შენც სულში (ქალწულს მიმართავს) გაგივლის მახვილი. მახვილს უწოდებს, შესაძლოა, იმ მწუხარებას, რომელიც მას ქრისტეს ჯვარცმისას უნდა განეცადა, ან იმ ცდუნებას (соблазн), რომელიც ეკვეთა მას ჯვარცმული უფლის დანახვისას [რა თქმა უნდა, ეკვეთა გარედან და არა აზრების მიერ], რადგან მას, შესაძლოა, მიეძალა კითხვები – როგორ აცვეს ჯვარს, როგორ მოკლეს და შეურაცხყვეს ის, ვინც უთესლოდ იშვა, ვინც სასწაულებს აღასრულებდა და მკვდრებს აღადგენდა? რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი. ეს ნიშნავს, რომ გამღჟავნდება ცდუნებულთა აზრები და მხილების შემდეგ ისინი კურნებას ჰპოვებენ. მაგალითად, შენც, ქალწულო, გამჟღავნდები შენს ბრძნობაში ქრისტეს შესახებ და მერე განმტკიცდები მის რწმენაში. პეტრე, საერთოდ, მისი უარმყოფელი აღმოჩნდა, მაგრამ მოევლინა ღმრთის ძალა და კვლავ მიიღო იგი სინანულის გზით. სხვაგვარად: გამჟღავნდა მრავალთა გულის ზრახვანი, როდესაც, ერთი მხრივ, გამცემი გამოჩნდა და, მეორე მხრივ, მისი მოსიყვარულენი, როგორებიც იყვნენ იოსები, – პილატესთან რომ მივიდა, ასევე, ჯვართან მდგომი დედები.

36-40. მახარებელი საუბრობს ანნას შესახებ, ასახელებს მის მამასა და ტომს, რათა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. თითქოსდა იმოწმებს ხალხს, ვინც მამამისსა და ტომით მის ნათესავებს იცნობდა. ანნა სხვებთან ერთად ადიდებდა უფალს, ანუ მადლობდა მას, და ყველას უყვებოდა უფლის შესახებ, რომ ის იყო მაცხოვარი და ნუგეშინისმცემელი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გამოხსნას ელოდებოდა.
როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ბეთლემიც მათი ქალაქი იყო, როგორც სამშობლო, ხოლო ნაზარეთი – სამკვიდრებელი. ყრმა იზრდებოდა სხეულით, თუმცა მას შეეძლო, საშოდანვე მოვლენილიყო ქვეყანას სრულყოფილი მამაკაცის ასაკში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი მოჩვენება ეგონებოდათ. ამიტომ ნელ-ნელა იზრდებოდა, ჩვეულებრივი ადამიანივით. ასაკთან ერთად ვლინდებოდა სიტყვა-ღმერთის სიბრძნე, რადგან მას ეს სიბრძნე სწავლით კი არ მიუღია – განაგდე ასეთი აზრი! – არამედ ბუნებითად ფლობდა და თანდათანობით ამჟღავნებდა. ამიტომაცაა ნათქვამი: ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით. მას რომ თავისი სიბრძნე ყრმობაშივე გამოემჟღავნებინა, ყველას თავზარს დაეცემოდა. ახლა კი, ავლენდა რა საკუთარ თავს და სიბრძნეს ასაკთან შესაბამისობაში, ამით საღმრთო განგებულებას აღასრულებდა. აბა რა უნდა ყოფილიყო დასაბამიდანვე სრულყოფილზე უსრულყოფილესი? მაგრამ ის საკუთარ თვისობრივ სიბრძნეს ნელ-ნელა, თანდათან ამჟღავნებდა.





ქ ა დ ა გ ე ბ ა

შეხვედრა უფალთან

ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს,
ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. – ლუკა 2:26

მირქმის სადღესასწაულო სახარების საკითხავში ნათქვამია, რომ იერუსალიმში ცხოვრობდა ვინმე კაცი, სახელად სიმეონი. მართალია, მასზე ცოტა რამ ვიცით სახარებიდან, მაგრამ რაც ვიცით, სწორედ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი.
კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე. იგი მართალი და კეთილმსახური ადამიანი იყო და მოუთმენლად ელოდებოდა ისრაელის ნუგეშს – დიდი ხნის წინ ღვთივაღთქმულ მესია-გამომსყიდველს, და სულიწმიდა ივანებდა მასზე.
და აი, მისი ღვთისსათნო ცხოვრება ღირსეულად იქნა ღმერთისგან დაფასებული: მას სულიწმიდით აღეთქვა, რომ ქრისტეს ხილვამდე არ მოკვდებოდა.
დიდხანს ელოდა იგი ამ უდიდეს აღთქმას და, როგორც იქნა, ეს დღეც ეღირსა.
როდესაც შობიდან მეორმოცე დღეს ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა და მოხუცმა იოსებმა ჩვილი იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, რათა მასზე რჯულის წესი აღესრულებინათ, სულით აღძრული სიმეონი მათ იქ დახვდა, სულითვე განჭვრიტა, თუ ვინ იყო ეს ჩვილი, ხელში აიტატა იგი, გულზე მიიკონა, აკურთხა ღმერთი და შეჰღაღადა: აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.
აღსრულდა ბერი სიმეონის სანუკვარი ნატვრა – საკუთარი თვალით იხილა ღმერთისგან აღთქმული უფალი იესო ქრისტე, და ამქვეყნად შემდგომმა ცხოვრებამ მისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა.
„ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი – მონაგები“ (ფილიპ. 1:21), – ასე ამბობს პავლე მოციქული. ასე მსჯელობდნენ ეკლესიის დიდი მამებიც, ასე მსჯელობს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი.
მიწიერ ცხოვრებას ქრისტიანისთვის იმდენად აქვს აზრი და ფასი, რამდენადაც საშუალება ეძლევა, იხილოს ქრისტე სულიერი თვალებით და შეუერთდეს მას ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში, რათა იქ, სიკვდლის შემდეგ, ის უკვე პირისპირ იხილოს და – როგორც მან თავად აღუთქვა ყველა თავის ერთგულ შვილს – სამუდამოდ იმეფოს მასთან ერთად, მისი დაუღამებელი სასუფევლის წარუვალ დიდებაში.
მწარე, უმიზნო და ცარიელია ეს მიწიერი ცხოვრება ქრისტეს გარეშე; საშინელი, ბნელი, შემაძრწუნებელი და უსიხარულოა სიკვდილი ადამიანისთვის, რომელიც არ ეძებს ამ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრას და არ მიუღწევია მისი ხილვისა და შეცნობისათვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჯერ კიდევ აქ, სიკვდილის ჟამის დადგომამდე!
ძმებო! გაფიქრებაც კი საშინელებაა, თუ რამდენად უაზროდ, რომ არ ვთქვათ, დანაშაულებრივად, ატარებს ბევრი ადამიანი, მათ შორის ქრისტიანის სახელის მატარებლებიც, ამ თავის ესოდენ მსწრაფწარმავალ და დროებით ცხოვრებას! ისე იქცევიან, თითქოს ამ მიწიერი ცხოვრებით მათთვის ყველაფერი მთავრდებოდეს. რა არის ამის მიზეზი?
ეს არის შედეგი ფსევდოთავისუფლების პროპაგანდისა, როცა სინამდვილეში თავისუფლება კი არა, უღმერთობა და უზნეობა იქადაგება მავანთა მიერ, ხოლო მართალი და კეთილმსახური ცხოვრება, რ?