სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

21 მაისი (3 ივნისი), 2018
სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირიაკე
წირვაზე – ებრ. 11:33-12, 2; მთ. 10:32-33, 37-38; 19:27-30.





წმინდა პავლე მოციქულის
ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 11:33-12, 2
რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს.

რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს (მსაჯ. თავ.7), გედეონის თანამებრძოლები
აღასრულებდნენ სიმართლეს. ვინ? იგივენი და სამსონი. მათ მოიგერიეს თავიანთი ნათესავებისა და თანატომელების მტრები. ერთი მხრივ, კაცთმოყვარეობა გამოავლინეს თავისიანებთან მიმართებით; მეორე მხრივ, გაილაშქრეს მათი მჩაგვრელი მტრების წინააღმდეგ. ამაში მდგომარეობს სიმართლის თვისება – თითოეულს დამსახურებისამებრ მიაგო.
იღებდნენ აღთქმას. როგორც, მაგალითად დავითი, რამეთუ ამბობს: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა, დავსუა საყდართა შენთა“ (ფს. 131:11). ხორციელად ეს აღსრულდა სოლომონზე, სულიერად – უფალ იესოზე, ჭეშმარიტ სოლომონზე, მშვიდობიანზე, თავად მშვიდობაზე.
პირს უკრავდნენ ლომებს დანიელი (დან. თავ. 6 და 14) და სამსონი.
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.

შრეტდნენ ცეცხლის ძალას. სამი ყრმა (დან. 3:10-22). არ უთქვამს: „შრეტდნენ ცეცხლს“, არამედ – „ცეცხლის ძალას“, რაც უფრო ძნელია. ისინი ცეცხლით იყვნენ გარემოცულნი, მაგრამ მათი დაწვის ძალა ცეცხლს არ გააჩნდა.
თავს აღწევდნენ მახვილის პირს. იგივე სამი ყრმა, ან უფრო სწორი იქნება, ვთქვათ: ელია – იაზაბელის მახვილს (3 მეფ. თავ. 19) და თავად დავითი – საულის მახვილს.
ძლიერდებოდნენ უძლურებისგან ბაბილონის ტყვეობისგან დაბრუნებულნი, რადგან არაფრით განსხვავდებოდნენ ისინი გარდაცვლილთა ძვლებისგან, როგორც ეზეკიელთან ვკითხულობთ (ეზეკ. 37:11-14), მაგრამ უძლურმა ეზეკიამაც მიიღო დამატებით სიცოცხლის წლები (4 მეფ. 20:1-11).
მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. ეს ასევე ეხება ბაბილონიდან დაბრუნებულთ, რადგან მეზობელი ხალხი, რომელსაც ყოველთვის შურდა მათი, ამის შემდეგ უფრო მეტად ესხმოდა თავს. ისინი კი ღმერთზე ამყარებდნენ იმედს და მტრებს რწმენით ამარცხებდნენ (1 მაკაბ. 6:28-42; 2 მაკაბ. 8:1-6 და სხვ.). თუმცა ყველაზე მეტად ეს სამსონს მიესადაგება.
ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები სარეფთელ დედაკაცს ელიას მეშვეობით (3 მეფ. 17:20-23) და სომანიტელ დედაკაცს ელისეს მეშვეობით (4 მეფ. 4:32-37).
სხვები კი ეწამებოდნენ, ანუ თავი მოჰკვეთეს, როგორც იოანე ნათლისმცემელს (მთ. 14:3-11), როგორც იაკობს – ზებედეს ძეს (საქმ. 12:2). თუმცა წამებაში ზოგიერთები გაროზგვას მოიაზრებენ.
უარს ამბობდნენ გამოხსნაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ შეეძლოთ, არ ემხილებინათ ისინი, ვისაც ამხელდნენ და ამით სასჯელი თავიდან აეცილებინათ, მაგრამ ეს არ ისურვეს.
რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. უკეთესი – არა ისეთი, როგორიც იმ დედაკაცების შვილებს მიეცათ; ან უკეთესი სხვა ადამიანებთან შედარებით, რადგან წმინდანები გაბრწყინებულ მდგომარეობაში ღრუბლებით აღიტაცებიან უფალთან შესახვედრად – რასაც სხვა ადგილას (ფილიპ. 3:11) აღდგომა ეწოდება – და მარადიულ ცხოვრებაში შევლენ. დანარჩენები კი ქვემოთ დარჩებიან და საუკუნო სასჯელისთვის აღდგებიან.
სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი.

სხვებმა დაითმინეს გმობა. მაგალითად, ელისე დაცინვის საგანი გახდა ყრმებისთვის (4 მეფ. 2:23), სამსონი – უცხოტომელთათვის, მას შემდეგ, რაც მას თვალები დასთხარეს (მსაჯ. 16:25).
და გვემა ბევრმა წინასწარმეტყველმა, შემდგომში – პეტრემ და იოანემ (საქმ. 5:40-41).
სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. მაგალითად, იერემიამ (იერ. 33:1) და მიქიამ (3 მეფ. 22:26), შემდგომში კი – მოციქულებმა (მაგალითად, პეტრემ და იოანემ – საქმ. 5:18 და სხვ.).
იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი,
იყვნენ ჩაქოლილნი. მაგალითდ, ნაბუთე (3 მეფ. 21:1-15), მერე კი – სტეფანე (საქმ. 6:8-15; 7:1-60).
შუაზე გადახერხილნი. მაგალითად, მანასეს მიერ ესაია, რომელიც, როგორც ამბობენ, ხის ხერხით გადახერხეს, რათა ეს მისთვის მძიმე სასჯელი ყოფილიყო, თუმცა მას ამის გარეშეც უზომოდ ტანჯავდნენ.
ხმლით განგმირულნი. მაგალითად, მიქია და ზაქარია, იოანე ნათლისმცემელი და იაკობი. იხილე, ერთნი რწმენით ირიდებდნენ მახვილს, მეორენი პირიქით – რწმენის გამო მახვილით იგმირებოდნენ. ასეთია რწმენის თვისება; მორწმუნე დიდ გმირობას სჩადის და დიდ ტანჯვას ითმენს, ამასთან, ოდნავადაც არ მიაჩნია, რომ იტანჯება. ასე რომ, თქვენ, რომლებსაც არასდროს განგიცდიათ რამე მსგავსი, რატომ წუწუნებთ?
ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი. მაგალითად, ელიას მოწაფენი. ასეთი უპოვარნი იყვნენ ისინი. ვინაიდან ებრაელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამგვარი წარმოდგენა მოციქულებზე, ამიტომ მათი ხსენების შემდეგ გადადიან ცად აყვანილ დიდებულ წინასწარმეტყველთან. გამოთქმა მოარულნი, ნიშნავს, რომ ისინი დევნას განიცდიდნენ და ამიტომ ერთ ადგილას არ ჩერდებოდნენ.
გაჭირვებულნი. მაგალითად, იგივე ელია და ელისე, რომლებსაც ქალები კვებავდნენ.
ურვილნი, ძვირხილულნი. არცთუნ მცირე მწუხარება დაითმენა ელიამ თავისი მდევნელი იაზაბელისგან.

რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტიალენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.

რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა. ვერ იტყვით, – ამბობს, – რომ ეს ცოდვილებმა დაითმინეს, არამედ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მთელ ქვეყანაზე უფრო ძვირად ფასობდნენ. ქვეყანას წმინდა წერილი ხალხის სიმრავლესაც უწოდებს და თვით შექმნილ სამყაროსაც. აქ ერთიც შეიძლება ვიგულისხმოთ და მეორეც. ამბობს, რომ მთელი სოფელი და მასში მცხოვრები ყველა ადამიანი რომ დაუპირისპირო მათ, ღირსებით მათ თანასწორს მაინც ვერ იპოვი. აქ მსმენელთა გულებს აღძრავს იმად, რომ ამსოფლიურზე არ იფიქრონ, რაკი სოფელი წმინდანების ღირსი არ არის. შენთვის სირცხვილი უნდა იყოს, თუ ამქვეყნად ჯილდოს იღებ, რადგან ამით აჩვენებ, რომ არაფერს წარმოადგენ. თუკი მთელი ქვეყანა ერთი წმინდანის ღირსიც არ არის, მაშ რატომ ზრუნავ, რომ ამ სოფლის პატივში წილი იქონიო?
უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტიალენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. მაგალითად, ელია, ასევე, სხვა წინასწარმეტყველები, რომლებსაც ფარულად კვებავდა აბდია მღვიმეში (3 მეფ. 18:4). ამბობს, რომ მათთვის უდაბნოში ცხოვრებაც კი არ იყო უსაფრთხო, ამიტომ გადადიოდნენ ადგილიდან ადგილზე, მაგრამ სწამდათ, რომ ღმერთისგან საუკუნო ნუგეშს მიიღებდნენ და ამის გამო ყველაფერს ითმენდნენ.

ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული.
იმიტომ სულმოკლეობთ, – ეკითხება, – რომ იღვწით და ჯილდოს ვერ იღებთ? არცერთ ზემოთ მოხსენებულ წმინდანს, მიუხედავად იმისა, რომ რწმენით სათნო ეყვნენ ღმერთს, და ეს დამოწმებულია, ჯერ კიდევ არ მიუღია ზეციური აღთქმა. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა, როგორც დავითმა, მიწიერი აღთქმა მიიღო, მაგრამ ეს არ იყო მათი ძიების საგანი. ნამდვილი აღთქმა ის არის, რაც ზეცაშია.
რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
უმეტეს სიკეთეს იმას უწოდებს, რაც ჩვენს პატივს ეხება. იმისათვის, რომ არ მოგვეჩვენოს, თითქოს ჩვენ წინაშე მათ უპირატესობა აქვთ იმით, რომ პირველები ჯილდოვდებიან, ამიტომ ღმერთმა ერთი დრო დააწესა ყველას დასაჯილდოებლად. მახარებელს არ უთქვამს: „რათა ისინი უჩვენოდ ვერ დაჯილდოებულიყვნენ“, არამედ თქვა: რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. ამიტომ ისინიც ჩვენთან ერთად აღმოჩნდებიან სრულქმნილნი, ახლა კი პატივის საწინდარი აქვთ მიღებული და სწორედ აქედან აქვთ ძალა იმისა, რომ გამოეცხადონ დახმარების მთხოვნელთ; აქედან აქვთ კადნიერება, გვიშუამდგომლონ ღვთის წინაშე. სრულყოფილებას კი შემდეგ მიიღებენ, ჩვენთან ერთად. ამრიგად, სამართლიანია თუ არა ღმერთი მათთან მიმართებით, თუკი ღვაწლი ჩვენზე ადრე აღასრულეს, გვირგვინების მისაღებად კი ჩვენ უნდა დაგველოდონ? რა თქმა უნდა, და ეს მათთვისაც სასურველია: ძმებთან ერთად მიაღწიონ სრულქმნილებას. ჩვენ, ყველანი, ერთ სხეულს შევადგენთ; დიდი სიამოვნებაა სხეულისთვის, როდესაც ის ერთიანად გვირგვინდება. ღმერთი შვილთმოყვარე მამაა და მრავალი შვილი ჰყავს. ზოგმა მათგანმა საქმე მოილია და მინდვრიდან სახლში დაბრუნდა, სხვები იქ დარჩნენ და ჯერაც შრომით არიან დაკავებულნი. ვინც სამუშაო ადრე დაასრულა, მამამ მათ ზოგიერთი სიკეთეები წინასწარ აგემა, თუმცა ამცნო, რომ საბოლოო ნადიმისთვის ძმებს უნდა დაელოდნონ; და აი, ისინიც, როგორც კაცთმოყვარენი, სიხარულით ელოდებიან, რათა ერთობლივად დატკბნენ საერთო ზეიმით.
ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელფეხშემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი.

ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე. არ უთქვამს: ჩვენს თავზემოთაა ღრუბლები, არამედ: გარს გვახვევია, ანუ ყოველი მხრიდან მოგვიცავს. მოწმეებში იგულისხმება როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის მოღვაწენი. ამ უკანასკნელებმა დაამოწმეს ღვთის დიდება – სამმა ყრმამ, დანიელმა და ყველა წინასწარმეტყველმა. მოწმეთა სიმრავლე მოციქულმა აქ ღრუბელს შეადარა, რაც ამ შემთხვევას უფრო შეეფერება, ვიდრე უბრალოდ ეთქვა: მოწმეთა მთელი სიმრავლე, რადგან ვისაც მოციქული მიმართავდა, მწუხარებათა ცეცხლით იყვნენ გარემოცულნი. ამიტომ ღვთის დიდების მოწმეთა გახსენება ღრუბელივით გარს ეხვევოდა მათ და აგრილებდა.
ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე. სიმძიმე მიწიერი საქმეებისა და მათზე ზრუნვა. ამბობს, რომ ეს ამაო ტვირთია. მაშ რატომ სწუხართ, როც ამისგან თავისუფლდებით?
ხელფეხშემკვრელი ცოდვა. ეს ის ცოდვებია, რომლებიც ადვილად გვიპყრობენ ან ადვილად გვხვევენ უბედურებაში, რადგან თუ საკუთარ სურვილებს ავყვებით, მაშინ ცოდვებსაც იოლად დავექვემდებარებით; ან ცოდვების მეშვეობით მალე აღმოვჩნდებით უბედურებაში, ვინაიდან არაფერია ისეთი სახიფათო, როგორც ცოდვის ჩადენა.
და მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი. მოციქული აქ არ ამბობს: ვიბრძოლოთ, არამედ ისეთ რამეს გვირჩევს, რაც ყველაზე ადვილია ღვაწლში. არ უთქვამს: ღვაწლი გავაძლიეროთ, არამედ: დავრჩეთ იმავე ღვაწლში. ზოგმა თავშეკავების გზით უნდა იღვაწოს, ზოგმა – მოწყალების გაღებით, სხვამ კიდევ სხვა რამ სათნოებით, თქვენ კი, – ეუბნება, – მოთმინებით, რადგან ეს აუცილებლად გჭირდებათ, როგორც ზემოთ ითქვა ამის შესახებ.

თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს. ეს ნიშნავს, რომ თუ გვსურს, მოთმინება ვისწავლოთ, ამისთვის ქრისტეს უნდა ვუმზიროთ, ხელოვნებაში განსწავლის მსურველი უმზერს თავის მასწავლებელს. ამის შესახებ უფალმა თავად გვითხრა: „ისწავლეთ ჩემგან“ (მთ. 11:29), და კვლავ: „თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას… არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი“ (მთ. 10:25, 24). რას ნიშნავს სიტყვები: წინამძღვარი და სრულმყოფი? მან თავად და თავიდანვე ჩანერგა ჩვენში რწმენა: „თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ“ (ინ. 15:16), და თავადვე სრულგვყოფს, რათა სრულყოფილი რწმენა გვქონდეს.
მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი.
მას შეეძლო, არ ევნო და არ მომკვდარიყო, რადგან, როგორც უცოდველი, სიკვდილს არ ექვემდებარებოდა. ამის შესახებ უფალმა თავად ბრძანა: „მოდის ამ ქვეყნის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში“ (ინ. 14:30). ასე რომ, სურვილი რომ არ ჰქონოდა, ჯვარზე მას ვერავინ გააკრავდა: „ხელმეწიფება მისი (ჩემი სიცოცხლის) დადება“ (ინ. 10:18). მაგრამ მან დაითმინა ჯვარი, ანუ არა უბრალო სიკვდილი, არამედ სასირცხვილო სიკვდილი – უგულებელყო სირცხვილი. არ ამბობს მოციქული: „უგულებელყო მწუხარება“, ვინაიდან ყოველივე ეს მწუხარების გარეშე დაითმინა.
და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. ხომ ხედავ, ბოლომდე დათმენას სად მივყავართ, რაც სხვა ადგილასაც აღნიშნა მოციქულმა: „ამიტომაც აღამაღლა (ხორცით) იგი ღმერთმა“ (ფილიპ. 2:9). ამრიგად, ქრისტეს ძალუძს, თქვენც მოგაგოთ მისთვის დათმენილი შეჭირვებისათვის, რადგან მარჯვენით ჯდომა მამასთან მის თანასწორობას აჩვენებს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი



წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 10:32-33, 37-38; 19:27-30.
ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე, რომ ეს ადამიანი არის ჩემი ჩემი ერთგული და ჭეშმარიტი მოწაფე. რატომ სურს უფალს, რომ იგი კაცთა წინაშე აღიარონ? თუკი გულით გვწამს, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, მაშინ რაღა საჭიროა მისი აღიარება კაცთა წინაშე, მით უმეტეს, თუ ეს აღიარება სასიკვდილო საფრთხის შემცველია? რადგანაც ადამიანი სულისა და სხეულისგან შედგება და მკვდრეთით აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ განიდიდება არა მხოლოდ სული, არამედ სხეულიც, ამიტომ ყოველგვარ სათნოებაში საჭიროა როგორც სულის, ისე სხეულის მონაწილეობა. მორწმუნე სულს ჭეშმარიტი სიყვარული ძალუძს და მართალი წარსდგება ღვთის წინაშე, როგორც უარმყოფელი ყოველგვარი სიცრუისა და შემყვარებელი ჭეშმარიტებისა. ღვთაებრივი მოციქული ამბობს: „გულით სწამთ სიმართლისათვის…“ (რომ. 10:10), ხოლო ბაგებით, ანუ პირით, ენით აღიარებენ იმას, რაც გულით სწამთ. ამის საფუძველზე ადამიანი ეზიარება მარადიულ ცხოვრებას: „..ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის“ (რომ. 10:10). ამგვარად იქმნება რწმენის სრულყოფილი სათნოება, რომელიც შუამდგომელი ხდება ცხონებისათვის: „რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, ცხონდები“ (რომ. 10:9). რწმენა აღმსარებლობის გარეშე არის დამალული, არასრულყოფილი და მოჩვენებითი. როდესაც გულით ერთი გვწამს, ბაგეებით კი სხვას ვაღიარებთ, ეს ნიშნავს, რომ მატყუარები ვართ. როდესაც გულით გვწამს, მაგრამ შიშის ან სხვა რამ ამქვეყნიური მიზეზით ბაგეებით არ ვაღიარებთ კაცთა წინაშე იმას, ვინც გვწამს, მაშინ სულმოკლენი და ამსოფლიური სიცოცხლის მოყვარენი ვართ. ადამიანური შიში ასეთ შემთხვევაში ჩვენს რწმენაზე მეტია და სიცოცხლისმოყვარეობა – ღვთისმოყვარეობაზე. აღმსარებლობითი რწმენა კი არის აშკარა, სრულყოფილი და მართალი. ვისაც გულით სწამს და ბაგეებით აღიარებს, მას სრულყოფილი, სრული და ჭეშმარიტი რწმენა აქვს. ასეთი ადამიანის რწმენა ადამიანურ შიშზე წინ დგას და მისთვის ღვთის სიყვარული საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია. მაგრამ ნუთუ მართლა იმდენად საჭიროა ასეთი აღმსარებლობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ცხონება დაკარგოს? დიახ, ნამდვილად ასეა.

ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.


უფლის გამონათქვამი საშინელი და სამართლიანია. თუ უარმყოფ, – ამბობს, – კაცთა წინაშე, მეც უარგყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე, რომ ჩემი მოწაფე ხარ. სწორედ ამის გამო ყოვლადქებული მოწამენი პირს როგორ გააღებდნენ ქრისტეს უარსაყოფად? მათ ყველა საშინელი წამება და მრავალგვარი სასჯელი დაითმინეს, სისხლი დათხიეს და სიკვდილს სიხარულით შეეგებნენ, ბოლო ამოსუნთქვამდე აღიარებდნენ მეფეებისა და თავიანთი მტანჯველების წინაშე, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მსოფლიოს მაცხოვარი. ვაი, იმ უბედურ ადამიანს, ვინც სიმდიდრისა და დიდების, ხორციელი სიამოვნებისათვის, ვნებების დასაკმაყოფლებლად ან სიკვდილის შიშით უარყო იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სახელი! ასეთი ადამიანი უარყოფილია ღმერთისგან, ასეთმა ადამიანმა დაკარგა ცათა სასუფეველი. მაშ პეტრე, რომელმაც ფიცით უარყო ქრისტე, როგორ დარჩა მოციქულად, უფლის მეგობრად და წმინდად? საქმე ისაა, რომ უფალი მასთან მისულს არასოდეს განაძევებს (ინ. 6:37). მართალია, პეტრემ იგი უარყო, მაგრამ მაშინვე ატირდა, აღდგომის შემდეგ კი სამჯერ აღიარა, რომ უყვარს ქრისტე, და ვინც უარყო მავანი მღვდელთმთავრის ეზოში, ის ღმერთად უქადაგა ქალაქებსა და სოფლებს, მისი სახელისთვის საკუთარი სისხლი დაღვარა და ჯვარზე სიკვდილი დაითმინა. ამგვარად, ცრემლითა და სამგზის აღიარებით გამოისყიდა პეტრემ ქრისტეს უარყოფის ცოდვა და შემდგომში მოციქულის წოდების ღირსი შეიქმნა. სარწმუნოების ქადაგება და უფლისთვის სიკვდილი მისი სრულყოფილი სიწმინდის მიზეზი გახდა. ეს დააკანონა ქრისტემ, როგორც მისდამი ჩვენი რწმენისა და სიყვარულის შედეგი, შემდეგ კი ასეთი მცნება მოგვცა:
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
ყურადღება მიაქციე, უბრალოდ კი არ უთქვამს: ვისაც მამა ან დედა უყვარს, არამედ დაამატა: ჩემზე მეტად უყვარს. დედ-მამის და შვილების სიყვარულს ბუნებითი კანონის გარდა უფლის მცნებებიც გვავალდებულებს. ჩვენც გვიყვარს და ყოველმხრივ ვზრუნავთ მათზე. მაგრამ საქმე ისაა, რომ ღვთის სიყვარული ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე მეტი უნდა იყოს, რადგან ღმერთი ჩვენგან მოითხოვს როგორც სრულყოფილ რწმენას, ისე სრულყოფილ სიყვარულსაც. მას სურს, რომ სისხლისმიერ ნათესავებზე მეტად გვიყვარდეს იგი. პატივი მიაგე მშობლებს, გიყვარდეს ისინი, ისმინე მათი რჩევა-დარიგება და დაემორჩილე მათ; მაგრამ თუ მამა ან დედა იმდენად გაკადნიერდება, რომ რწმენის უარყოფას გირჩევს, მაშინ ნუ მოუსმენ მას. გიყვარდეს მშობლები და იზრუნე მათზე, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი გაიძულებს, რომ მოიპარო, ამ ვინმეს ცილი დასწამო, ან ღვთის სხვა რომელიმე მცნება დაარღვიო, მაშინ ნუ მოუსმენ, ღმერთზე წინ ნუ დააყენებ მშობლებს, ნუ დაარღვევ ღვთის მცნებებს მშობლების სიყვარულის გამო. გიყვარდეს, რამდენიც გინდა, შენი შვილები, მაგრამ თუ ისინი რწმენაში გაცდუნებენ და ღვთის მცნებების დარღვევას გაიძულებენ, ნუ შეიყვარებ მათ იმდენად, რომ ღვთის მცნებების დარღვევა მოგიხდეს.„თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა. … ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ“ (2 რჯ. 13:6, 8). ვისაც თავისი მშობლები ან შვილები ღმერთზე მეტად უყვარს, ის არ არის ქრისტეს მოწაფეობისა და ცათა სასუფევლის მემკვიდრეობის ღირსი. მაგრამ თუ მე ღმერთი ხორციელ ნათესავებზე მეტად მიყვარს, ნუთუ მხოლოდ ამით ვხდები ცათა სასუფევლის ღირსი? არა! მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი სიყვარული. ღმერთი უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ მშობლებზე მეტად, არამედ საკუთარ თავზე მეტადაც. ამიტომ დასძინა უფალმა:
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
რა არის „თავისი ჯვარი“? ხორციელი ვნებებისა და ამსოფლიური მიდრეკილებების მოკვეთა და მოკვდინება. ღვთაებრივი მოციქული ამბობს: „მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ“ (გალ. 5:24); „ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი – ქვეყნისთვის“ (გალ. 6:14).ასე რომ, ჯვარის აღება ნიშნავს ხორცის დამორჩილებას და ყოფითი ცხოვრების საცდურებისგან გაქცევას. ჯვაროსანი ის არის, ვინც აკვდინებს თავის ხორციელ ვნებებს და ამსოფლიურ სურვილებს. რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა? მის ნაკვალევზე სიარულს, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ის ცხოვრობდა. „ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს“ (1 პეტ. 2:21).მის კვალს ის მისდევს, ვისაც ქრისტეს ცხოვრება თვალწინ უდგას, როგორც ცხოვრების ნიმუში და წესი, და რამდენადაც შეუძლია, ყველა მისი საქმის მოშურნეა. ამიტომაც თქვა ქრისტეს მიმდევარმა პავლემ: „მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). ყურადღება მიაქციე ღვთაებრივ სიტყვათა თანმიმდევრობას. ჯერ თქვა: ვინც არ აიღებს ჯვარს, შემდეგ: და არ გამომყვება. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მოწაფეებმა ჯერ ხორციელი ვნებები და ამსოფლიური სურვილები უნდა მოაკვდინონ და შემდეგ აღასრულონ იესო ქრისტეს სათნოებები. ამიტომ ვინც ამ ორივე მცნებას არ შეასრულებს, ის არ არის ქრისტეს მოწაფეობის და ცათა სასუფევლის ღირსი.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?
პეტრე მოციქული თითქოსდა განმარტავს მაცხოვრის პასუხს და ამყარებს მას საკუთარი და სხვათა მაგალითებით: აი, მივატოვეთ ჩვენ ყველაფერი და გამოგყევით. მდიდარ ჭაბუკს ეს არ გაუკეთებია, ჩვენ კი გავაკეთეთ. შეწყდა ჩვენი სიყვარული ამსოფლიური საგნებისადმი; დასრულდა ჩვენი კერპთაყვანისმცემლობა, ნივთების თაყვანისცემა, მატერიის გაღმერთება და გამოგყევით შენ. ე. ი. ჩვენ გავიარეთ ნემსის ყუნწში და გამოგყევით, მაგრამ გვითხარი, საით მივდივართ და რას მივიღებთ სანაცვლოდ?
ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.
დიახ, თქვენ დაიმკვიდრებთ მარადიულ ცხოვრებას. ხოლო ის, რაც ჩემ გამო დაუტევეთ, მრავალჯერ აგინაზღაურდებათ. თქვენ დაგეკისრებათ სამყაროს განსჯა, კაცობრიობის განსჯა. რატომ? იმიტომ, რომ ჩემ გამო ყველაფერი დაუტევეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ განვდიდებულვარ, არამედ თქვენი მსახური ვარ, ადამიანის დამცირებულ და შეურაცხყოფილ სხეულში ვიმყოფები და ჯერ კიდევ არ დამიმარცხებია სიკვდილი, არ განმიარაღებია ეშმაკი, არ შემიმუსრავს ჯოჯოხეთი. თქვენ კი ამ პირობებშიც მიწამეთ მე, როგორც ცოდვისგან, სიკვდილისგან და ეშმაკისგან გამომხსნელი; ეს კი იგივეა, რომ აქლემმა ნემსის ყუნწში გაიაროს; ამიტომ ცათა სასუფეველი და მარადიული ცხოვრება, რომლებსაც გაძლევთ მე, როგორც სიკვდილზე გამარჯებული და სამყაროს მაცხოვარი, გეკუთვნით თქვენ.
ამ კეთილუწყებას კიდევ შემდეგს ამატებს:
და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
„ყველა“ ანუ თითოეული, რომელ ხალხსაც უნდა მიეკუთვნებოდეს და რომელ დროშიც უნდა ცხოვრობდეს, თუკი ის ყოველთა და ყველაფრის წინაშე უპირატესობას უფალ იესო ქრისტეს ანიჭებს, ყველაფერს ასმაგად მიიღებს, მიიღებს მარადიულ ცხოვრებასაც. ამის მოწმეა უამრავი წმინდანი: მოწამენი, აღმსარებლები, მოციქულები, უვერცხლონი, ღირსნი, წმინდა მამები, მართლები და დანარჩენი გულმოდგინე ქრისტიანი. ყველა მათგანი ყოვლადმდიდარმა ღმერთკაცმა – უფალმა ქრისტემ გაამდიდრა და გვამდიდრებს მიწაზე განცხადებული ზეციური სახარებით: წარუვალი კეთილუწყებებითა და ნეტარებებით – წმინდა სახარებისეულ საიდუმლოებებსა და წმინდა სახარებისეულ სათნოებებში ჩვენი ცხოვრების მეშვეობით, და ეს იმის გამო, რომ იგი გვწამს და გვიყვარს.
მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი – პირველი.
ღმერთკაცის ამქვეყნად მოსვლით ყველაფერი იცვლება. იცვლება ფასეულებებიც, იცვლება საზომებიც. მთელი სამსჯავრო ღმერთკაცს ეკუთვნის (ინ. 5:22; 9:39): სამსჯავრო ყველაფერ იმის შესახებ, რაც არსებობს ღმერთსა და ადამიანს შორის. და ღმერთკაცი ამ სამსჯავროს უფლებას თავის წმინდა მოწაფეებს გადასცემს (მუხ. 28). ამ სამყაროში პირველი და უაღმატებულესი ფასეულობა არის ღმერთკაცი ქრისტე: ეს არის კაცში განხორციელებული სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი ღმერთში. ეჭვი არ არსებობს, რომ ღმერთკაცის სახით ჩვენ გვყავს ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი; სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი. ღმერთკაცის, უფალ იესო ქრისტეს წყალობით, ჩვენ, ადამიანებმა, ვიცით, რა არის ღმერთი და ვინ არის ღმერთი, რა არის კაცი და ვინ არის კაცი. ყველა ფასეულობა, როგორც ასეთი, განისაზღვრება უფალ ქრისტესთან, როგორც ღმერთკაცთან, დამოკიდებულებით. ის არის უცდომელი საზომი ყოველგვარი ღვთაებრივისა და ყოველგვარი კაცობრივისა; და ყოველგვარი არსებულისა. მასთან დამოკიდებულებით და მის მიერ განისაზღვრება და განისჯება ყველა ადამიანი – ის პირველებიც და ის უკანასკნელებიც, და ყველა დანარჩენიც პირველებსა და უკანასკნელებს შორის. ხალხის თვალში უკანასკნელები როგორც კი იწამებენ უფალ ქრისტეს და მას ყველაზე მეტად შეიყვარებენ, უკვე ამით ხდებიან პირველები, – პირველები ქრისტემდე, ღმერთამდე. ადამიანთა თვალში პირველი კი არცთუ იშვიათად უკანასკნელი გამხდარა: როცა არ სწამს უფალი იესო ქრისტე, როცა არ უარყოფს თავის კერპთაყვანისმცემლობას, იქნება ეს ნივთების, იდეების თუ აზრების თაყვანისცემა. რა სახისაც არ უნდა იყოს კერპთაყვანისმცემლობა, ის ვერაფერ ქრისტესეულს ვერ მიუახლოვდება; ეს კი უკვე ჯოჯოხეთია. წმინდა ოქროპირი ღვთივსულიერად კეთილმაუწყებლობს: უფალმა ბრძანა: „ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“ (მთ. 19:26), მაგრამ ეს იმიტომ კი არ უთქვამს, რომ შენ სულიერად მოდუნდე და ცხონების საქმე დაუტევო, როგორც თითქოსდა შეუძლებელი რამ, არამედ გააცნობიერო საკითხის უდიდესი მნიშვნელობა, სასწრაფოდ შეუდგე ცხონების საქმეს და ღვთის დახმარებით ამ მშვენიერი ღვაწლის გზას დაადგე, რომლის ბოლოც მარადიული ცხოვრებაა. რანაირად შეიძლება, შეუძლებელი შესაძლებელი გახდეს? თუ უარს იტყვი შენს ქონებაზე, დაურიგებ მას გლახაკებს და მიატოვებ ბოროტ სურვილებს. თუკი ამას მუდმივად და დაჟინებით გააკეთებ, მაშინ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება. და ასე ნელ-ნელა და თანდათანობით ზეცაში აღმავალი კიბის სულ უფრო მაღალ საფეხურებს დაიპყრობ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მომხვეჭელობის ვნებას არ ვებრძოლეთ, ის ჩამოყალიბდება იმ საშინელ და განუკურნებელ სენად, რომელსაც ადამიანი ჭკუიდან გადაჰყავს.
ღირსი იუსტინე (პოპოვოჩი)