სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსზე ,,ლეონარდო და ვინჩი“ პირველი ადგილი დაიკავეს

ა.წ. 15 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი ბანკის“ საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.
2018 წელს I ადგილი დაიკავეს ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის (სკოლის ხელმძღვანელი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოსწავლეებმა: მილანა გაგულიამ; მარიამ ბახტაძემ და ანა კალანდარიშვილმა. მათ შექმნეს უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის, რომელიც არის ერთგვარი აფთიაქი და უსინათლოს აწვდის იმ მედიკამენტს, რომელსაც იგი საჭიროებს. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ 5000 ლარი.
გამარჯვებული პროექტების ავტორები აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას
აღსანიშნავია, რომ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეების მეცნიერული კვლევებით დაინეტერესებას.
კონკურსში ჯამში 402 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი, რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.