საკვირაო ქადაგება (9 სექტემბერი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 9 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ძალიან ხშირად საუბრობს გულის სიწმიდის
შესახებ. ხალხშიც არის ასეთი გამოთქმა: ეს ადამიანი ერთგულია, ე.ი. ორგული არ არის,
არ გიღალატებსო. მაგრამ ჩვენში მრავლად არიან ისეთებიც, რომლებიც ერთს ამბობენ,
მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ბიბლიაში წერია: ადამიანი ხედავს სახეს
კაცისას, ღმერთი – გულს. ზოგიერთ ადამიანს ავიწყდება, რომ ღმერთი გულთამხილავია.
კაცს მოატყუებ, ღმერთს – ვერა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, წმიდად დავიცვათ გული
და დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, ხშირად მივმარტოთ უფალს სიტყვებით: „გული
წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ადამიანის
გული სიკეთის ქმნისათვის მარად მზად უნდა იყოს.
დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა პიმენი დიდისა. იგი 340 წელს,
ეგვიპტეში, მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა. იმდენად მაღალი სულიერებით გამოირჩეოდნენ
მისი ოჯახის წევრები, რომ ის და მისი ორი ძმა უდაბნოში წავიდნენ და ბერად
აღიკვეცნენ. დედა, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე იყო, ძალიან განიცდიდა შვილებთან
განშორებას. ერთხელ იგი მონასტერში წავიდა, სადაც მისი ვაჟები იმყოფებოდნენ, რათა
ისინი მოენახულებინა. ძველ დროს ასეთი წესი იყო, მამათა მონასტერში უცხო ადამიანის
შესვლა იკრძალებოდა, მითუმეტეს ქალისა. იგი კართან შეჩერდა და თავის შვილებს
სთხოვა, გამოსულიყვნენ, რათა ეხილა ისინი. პიმენი დიდი, ისე დაელპარაკა დედას, რომ
დედა ვერ ხედავდა მას. მიესალმა და უთხრა: დედა, თუ გინდა, რომ იმქვეყნად ერთმანეთს
შევხვდეთ და ერთად ვიყოთ, ახლა ვერ გამოვალო. ამით დაკმაყოფილდა მშობელი დედა და
შინ წავიდა. აი, ასეთი მაღალი სულის პატრონები იყვნენ ისინი. ძველი დრო ახლისაგან
იმით განსხვავდებოდა, რომ მაშინ ამგვარად ზრდიდნენ შვილებს.
ერთხელ მთავრობის წარმომადგენელმა პიმენი დიდს სთხოვა მიეღო და მისთვის
რჩევა-დარიგება მიეცა. თითქოს კარგიც იქნებოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ დაფიქრდა
პიმენი დიდი და უარი შეუთვალა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ თუ მასთან მთავრობის
წარმომადგენელი მივიდოდა, ხალხი შეიტყობდა, სად მოღვაწეობდა იგი, მოისურვებდნენ
მასთან მისვლას და სულიერი მოღვაწეობა გაუჭირდებოდა. ის, თავის მოწაფეებთან ერთად,
სულ სხვადასხვა ადგილზე მოსაგრეობდა, რათა მისი ადგილსამყოფელი არავის შეეტყო.
ერთხელ იგი უდაბნოში, ერთ წმიდა ადგილზე დამკვიდრდა, სადაც სხვა, ძალიან წმიდა
ბერი მოღვაწეობდა. პიმენი დიდმა გაიგო, რომ ამ ბერს მისი აქ მისვლა არ ესიამოვნა და
გადაწყვიტა პატიება ეთხოვა. მივიდა მასთან და უთხრა, რომ მანამდე იჯდებოდა ეგვიპტის
მცხუნვარე მზის გულზე, სანამ შენდობას არ მიიღებდა. ბერმა შეუნდო, თაყვანი სცეს
ერთმანეთს და ისაუბრეს.
პიმენი დიდთან ერთი ბერი მივიდა და საღვთისმეტყველო საკითხებზე საუბარი გაუბა.
იგი არ უსმენდა მას, მიბრუნდა და ლოცულობდა. შემდეგ ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა
სტუმარს, რომ პიმენი დიდს არ უყვარდა ასეთ დიდ საღვთისმეტყველო თემებზე საუბარი,
მას სულის ცხონების შესახებ საუბარი მოსწონსო, ჯერთო, თუ როგორ უნდა დაძლიო
ცოდვები, ებრძოლო ბოროტს და სხვა. როდესაც მოსულმა ბერმა ამგვარ საკითხებზე დაიწყო
მსჯელობა, მიუბრუნდა მას პიმენი დიდი, დიდხანს ესაუბრა და რჩევა-დარიგებები მისცა.
პიმენი დიდი დიდხანს მოღვაწეობდა, მან 110 წელი იცოცხლა და 550 წელს
გარდაიცვალა. იგი მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მნათობია. ჩვენ მის მსგავს
მოღვაწეობას ვერ გავწევთ, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ ბევრი რამ ვისწავლოთ
მისგან, ლოცვა, სიმდაბლე, „განცდაი თვისთა ცოდვათა“.
ღმერთმა მოგვანიჭოს სულიერი სიმხნევე!
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37, 2001 წ.