სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (11.08.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის ევსტათი მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ!
მინდა დღეს ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე ვთქვა ორიოდ სიტყვა. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, მის საფუძველზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არა.
ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამიტომაც ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთის წყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ მას.
მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ჭკვიანები, ბრძენნი არიან, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ახალი თაობა გამოსტაცოს ღმერთს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგზარდები გაუძლებენ განსაცდელს, და სათანადო პასუხს გასცემენ დღევანდელ გამოწვევებს.
ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისეთი წარსული და გამოცდილება გვაქვს, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისაგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდების ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ისინი დასძლევენ პრობლემებს.
შევთხოვთ უფალს, რომ ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. ძალა და მშვიდობა ეს ღვთისაგან მონიჭებული მადლია, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ მოცულნი.
მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს.
კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთი ჩვენთანაა!