სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მსოფლიო პატრიარქს

მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოსს,
კონსტანტინეპოლის, –  ახალი რომის მთავარეპისკოპოსს
და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, 

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს!
    

უკვე ოცდაათი წელია თქვენ ატარებთ ფრიად საპასუხისმგებლო და საპატიო ტვირთს პირველიერარქისა. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის მწყემსმთავრობა ყოველთვის მძიმე და რთული იყო, მაგრამ მან განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა ჩვენს ფრიად რთულ დროში, რადგან მსოფლიოს ტექნიკურ წინსვლას დიდად ჩამორჩება სულიერი განვითარება და ამ სხვაობის დაძლევა ადვილად მისაღწევი არ არის.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი თანადგომა წლების მანძილზე საქართველოს ეკლესიის მიმართ გამოჩენილი და ვიმედოვნებთ, მომავალშიც, ღვთის შეწევნით, ჩვენს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები განმტკიცდება. 
 

ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ბოლომდე ღირსეულად ტარება  უფლის სადიდებლად და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.         
 

გისურვებთ მხნეობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ და საპატიო მსახურებაში. 
    
    ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,                

         სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
    მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და 
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
თბილისი 2021 წელი