შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშა ზადეს 90 წლის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

მის უწმინდესობას, ილია II-ს,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 

დიადი შემოქმედის სახელით!

უაღრესად პატივცემულო და ძვირფასო ძმაო!

 

აზერბაიჯანის მუსლიმების და პირადად, ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ - ქართველი ხალხის რელიგიურ წინამძღოლს - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ყოვლისშემძლე შემოქმედის კურთხევას თქვენ და თქვენს ყველა მიმდევარს.

თქვენო უწმინდესობავ! შობა, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდა დღეა, კარგი შესაძლებლობაა გამოვთქვათ ჩვენი კმაყოფილება საქართველოსა და აზერბაიჯანის მოძმე ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის გამო. თქვენმა ვიზიტებმა აზერბაიჯანში და შეხვედრებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბატონ ილჰამ ალიევთან და ჩვენი სახელმწიფოს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ქალბატონ მეჰრიბან ალიევასთან ბაქოსა და თბილისში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს კეთილ აზრს აზერბაიჯანში რელიგიათშორისი ურთიერთგაგების სამაგალითო გარემოზე. ისტორიის განმავლობაში, ჩვენს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, რელიგიური და სულიერი კავშირები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს საერთო სახლში, ყოვლისშემძლე კურთხეულ კავკასიაში. უდაოა, რომ კავკასიის მუსლიმთა გამგეობის - კავკასიის მუსლიმთა რელიგიური ცენტრის თანამშრომლობა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და პირადად თქვენ უწმინდესობასთან ემსახურება ჩვენი რელიგიური და სულიერი კავშირების შემდგომ განვითარებას. ჩვენი მეგობრული და მოძმე ხალხები ყოველთვის ერთად იყვნენ სიხარულში და მწუხარებაში. ყოველთვის, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნების ისტორიული განსაცდელების პერიოდში, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებდით უნიკალური კავკასიური ძმობის ჭეშმარიტ მაგალითს, ჩვენს კეთილშობილურ წეს-ჩვეულებებს და ჰუმანისტურ ტრადიციებს, რომლებმაც საუკუნეების გამოცდა გამოიარეს. ჩემს გონებაში რჩება შთაბეჭდილებები თქვენი უწმინდესობის მოწვევით საქართველოში გასულ ზაფხულს ჩემს ვიზიტზე. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, ძვირფასი და საპატიოა. ძმურ საქართველოში ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობ თქვენს პატივისცემას, ძმურ სიყვარულს, მზრუნველობას და ყურადღებას და ამისთვის თქვენი უწმინდესობის უზომოდ მადლიერი ვარ.

თქვენო უწმინდესობავ! გულითადად გილოცავთ თქვენს მოახლოებულ დიდებულ 90 წლის იუბილეს და თქვენი უწმინდესობის ინტრონიზაციის 45 წლისთავს, და კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა ჩემი მაღალი პატივისცემა და დაფასება თქვენს მიმართ - კავკასიის ბრძენი, უფროსი რელიგიური წინამძღოლის, მართლმადიდებელი სამყაროს გლობალურად გავლენიანი რელიგიური მოღვაწის მიმართ.  თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენი მოღვაწეობა,  როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისა, არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის მაღალი სულიერი მსახურების კეთილშობილური მაგალითი, აგრეთვე მაგალითი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდისათვის მსახურებისა. თქვენი პოზიცია აზერბაიჯანის სამართლიანი ბრძოლის მიმართ არის თქვენი ბრძნული და სამართლიანი მიდგომის გამოკვეთილი  სახე. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხართ ძვირფასი და შეუცვლელი პიროვნება არა მხოლოდ მოძმე საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის. თქვენი სახელი და თქვენი მოღვაწეობა ძვირფასია და მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მადლიერი ხალხისთვის. თქვენი მსახურება მშვიდობისა და ურთიერთგაგებისთვის კავკასიაში დიდი და დაუვიწყარია.

მე ვევედრები ყოვლისშემძლე შემოქმედს, რომ მან მოგცეთ კავკასიური დღეგრძელობა, კარგად ყოფნა და შემდგომი წარმატებები თქვენს სულიერ საქმიანობაში.

თქვენო უწმინდესობავ! კიდევ ერთხელ, მაქვს პატივი გამოვხატო ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები  მომავალ შობა-ახალ წელთან და თქვენს დიდებულ იუბილესთან დაკავშირებით. ყოვლისშემძლე ღმერთი გფარავდეთ!

ერთმა შემოქმედმა მოანიჭოს მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს სამყაროს! ამინ!

 

ღრმა პატივისცემით,

შეიხ ულ ისლამ

ალაჰშუქურ ფაშა ზადე