პეტრიწონის მონასტერში მონასტრის ისტორიის ამსახველი სტელა გაიხსნა (02.07.2023)

ა.წ. 2 ივლისს ბულგარეთში, პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერში, საზეიმო წირვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მონასტრის წინამძღვარი, ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბელშისკის ეპისკოპოსი ისააკი და  ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები.

საღვთო ლიტურღიას ბულგარეთში მცხოვრებ ქართველებთან და ჩვენს მომლოცველებთან ერთად დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ბ-ნი  ოთარ ბერძენიშვილი.

სასიხარულოა, რომ წირვის დროს საგალობლები შესრულდა ქართულადაც.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა პეტრიწონის მონასტრის ისტორიის ამსახველი სტელა და წაკითხულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი წერილი.

ამავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა ქართული საეკლესიო საგანძურის ფოტოგამოფენა.  

სამომავლოდ ქართული დიასპორის მონაწილეობით იგეგმება ქართული დარბაზის მოწყობაც.

 

გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილს:

მინდა გულითადად მოგესალმოთ  პეტრიწონის მონასტერში დღეს შეკრებილთ და გამოვხატო მადლიერება ბულგარეთის, საქართველოს და, საერთოდ, ქრისტიანული სამყაროს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ისტორიის ამსახველი სტელის დადგმისთვის.

ბაჩკოვოს კომპლექსის ფუძემდებელმა, ბიზანტიის იმპერიის დასავლეთ ნაწილის დიდმა დომესტიკოსმა და სევასტოსმა, ქართველმა დიდგვაროვანმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, მოგეხსენებათ,  ეს სავანე ქართველთათვის აღაშენა; ბიბლიოთეკით, ხატებით,  ადგილ-მამულებით, შენობა-ნაგებობებით და სხვა საჭიროებებით  ყოველმხრივ უზრუნველყო და ტიპიკონიც განუწესა.

აღსანიშნავია, რომ აქვე ფუნქციონირებდა სემინარია, რომელსაც 20 წლის მანძილზე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, იოანე პეტრიწი ხელმძღვანელობდა და მწიგნობრულ  საქმიანობას ეწეოდა; მაგრამ ჟამთა ავბედობამ ტაძრებიც და მიმდებარე ნაგებობებიც იავარყო. თავდაპირველი მდგომარეობით მხოლოდ საძვალეღა შემორჩა, სადაც მონასტრის დამაარსებელი, გრიგოლ ბაკურიანის ძე და მისი ძმა, აბაზი, განისვენებენ. მათი ნაღვაწი კი აღდგენილი და განახლებული დღეს ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების მეგობრობის ყველაზე ნათელი დადასტურებაა.

ამ ერთობას აკურთხებს უძველესი რელიკვიაც, პეტრიწონის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ქართული ხატი და მთელი ეს გარემო.

ამ მიმართვაში მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, სოფიისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს მიმართ, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიცაა ბაჩკოვოს მონასტერი, ასევე ამ სავანის წინამძღვრის, ველიჩკის ეპისკოპოს სიონისადმი გაწეული მზრუნველობისათვის და აქ მოღვაწე მამებისადმი.

დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმ. იოანე ნათლისმცემლის, წმ. გიორგის და სხვა წმინდანთა მეოხებით ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ბულგარეთი და საქართველო, ჩვენი ეკლესიები და მთელი მსოფლიო;

ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი გზით სვლა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი