ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში (13.09.2023)

ა.წ. 13 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა  ა(ა)იპ ,,დიასპორის სახლი“-ს წარმომადგენლებთან.

მიღებას ესწრებოდნენ აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ინა ასანიძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი), საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და ქართველი ემიგრანტები ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან.

მეუფე საბამ და სამღვდელოებამ შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა, მადლობა გადაუხადეს ქართული სათვისტომოებისათვის გაწეული ღვაწლისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ უცხოეთში არსებულ ქართულ სამრევლოებთან და დიასპორასთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და ისინი წარმატებით შეძლებენ ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას.

ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლი“ 2015 წლიდან აჯილდოებს ემიგრაციაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ქართულ კულტურას, ჩვენს ისტორიას და გამორჩეული გულმოდგინებით უდგანან მხარში უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

დიასპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაიხადეს შეხვედრისთვის, გაიხსენეს მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან შეხვედრა რამდენიმე წლის წინ და დასძინეს, რომ ეკლესიის მოწოდებისამებრ ცდილობენ შეინარჩუნონ ერთობა.