ლამპრობა – მირქმა-მიგებების დღესასწაულზე სანთლების კურთხევის წესი

ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცულია ლამპართა კურთხევის წესი („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა . .).  ცნობილია ამ კურთხევის სამი რედაქცია; ორი მათგანი X საუკუნის სინურხელნაწერია, მესამე კი XVII-XVIII სს რამდენიმე პოსტათონური ხელნაწერი.

სანთელთა კურთხევის ქვემოთ  წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და  ძირითადად  მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა.

 

სანთელთა კურთხევა

ლოცვის (ან წირვის) დამთავრების შემდეგ ხალხი აუნთებელი სანთლებითა და კელაპტრებით ელოდება სანთლების კურთხევას. ეკლესიაშიც მაგიდაზე დაწყობილია საკურთხებლად გამზადებული კელაპტრები და სანთლები, რომელთა წინაც შანდალზე დამაგრებულია სამი სანთელი (აუნთებლად).

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა; უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაფიმნი და ქერუბიმნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ, რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა და მსგავს კაცთა იქმენ. დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად - ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან  განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ ზედა - მადლი სულისა წმიდისა; განაბრწყინვნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.“

მშვიდობა ყოველთა!

დიაკონნი: თავნი ჩვენნი უფალსა მოვუდრიკნეთ

მღვდელი ხელაპყრობით:

უფალორომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე და გამოუთქმელად  გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაითა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ; დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა  შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილივიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალიხოლო გიხილა რაჲძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ  უღირსთა მონათა შენთა;

ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სასოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნინათლითა ღმრთეებისა შენისაითა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი ანთებს შანდალზე დამაგრებულ სამ სანთელს და ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ:“

გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

დიაკონი:  უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი წინ დადებული საკურთხებელი სანთლებიდან იღებს ერთ სანთელს, სამი ანთებული სანთლიდან უკიდებს მას და ამბობს:

აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ

(შევნიშნავთ, რომ ეს ლოცვა ასევე იკითხება სხვა ნებისმიერ დროსაც სანთლის კურთხევისას). მღვდელი მარცხენა ხელში გადაიტანს სანთელს, მარჯვენათი კი ნაკურთხ წყალს ასხურებს სანთლებს, როგორც მაგიდაზე დადებულს, ისე ხალხისას.

გუნდი(ან ერი) გალობს:

აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

მღვდელი დადებს უსუპს, მარჯვენა ხელში გადმოიტანს ანთებულ სანთელს და დიაკონსა  და მრევლს გადაუკიდებს და მთელი ტაძარი ანთებული ნაკურთხი სანთლებით გაბრწყინდება.

შემდეგ მღვდელი სანთლით და ნაკურთხი წყლის სხურებით, დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით,  მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და  ლიტანიობითა და გალობით უვლიან ტაძარს.

ტაძარში შესვლისას:

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

ამით  მთავრდება  მსახურება.

მორწმუნეებს ნაკურთხი სანთელი მიაქვთ სახლში  და მას  მთელი წლის განმავლობაში ანთებენ როგორც დიდ დღესასწაულებზე, ისე განსაუთრებულ შემთხვევებში და სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.

ნაკურთხი წყლის მსგავსად სახლში ნაკურთხი სანთელიც უნდა გვქონდეს.

 

სასულიერო პირთა საყურადღებოდ:

საერთოდ, როგორც წყლის ისე სანთლის კურთხევა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ როგორც ნათლისღებას ნაკურთხი წყალი არის გამორჩეული, ისე მირქმის მირქმის დღესასწაულზე - ნაკურთხი სანთელი.

სასურველია, ძველი ტრადიციისამებრ, მირქმა-მიგებების სადღესასწაულო წირვაზე მრჩობლ კვერექსში მოხდეს შემდეგი  მუხლების დამატება:

 

1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან  ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

და მრჩობლი კვერექსი წაიკითხოს შემდეგი სახით:

დიაკონი:

ვთქვათ ყოველთა  ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვთქვათ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა  ერისა ჩვენისა, და ღმრთივგანგებულისა მთავრობისა, მხედრობისა, ხელმწიფებისა და მეუფებისა მისისათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, (და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისა შიოსათვის, ან/და ადგილობრივი ეპისკოპოსი, ყოველთა მიტროპოლიტთა მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) აქა  მოხსენებულთა და შევედრებულთა და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთა ერთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

მერმეცა გევედრებით: წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ძმათა წმინდისა ამის ტაძრისათა(მონასტრისათა).

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

მერმეცა გევედრებით: ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ასამაღელბელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.