ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენა გაიმართა (15.03.2024)

ა.წ. 14 მარტს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ,,ქართული გალობა, - ანთოლოგიის“ მრავალტომეულის წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წერილი წაიკითხა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი):

 

ქართული გალობის 29-ტომეულის გამოცემის გამო

 

ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობასა და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, რადგან X ს-ის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკაც იერუსალიმური გვქონდა; ხოლო X-XI საუკუნეებში იგი კონსტანტინეპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა.  ახალი წესის ჩვენთან დამკვიდრება ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს უკავშირდება, რომელთა შორის წმ. გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი გამორჩეულად დიდია. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები შემდგომაც ხდებოდა, მაგრამ სამგალობლო-ლიტურგიკული ტექსტების ცვლილებების ახალი  ტალღა XVIII ს-ის შუა წლებისთვის გამოიწვია სლავური საღვთისმსახურო კრებულების მიხედვით განხორციელებულმა ჩასწორებებმა.

მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად,  იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა.

XIX საუკუნეში მეფის რუსეთის რეჟიმმა,  ქართულ ენასთან ერთად, ქართული გალობის აკრძალვაც მოინდომა, რათა  ეროვნული იდენტობის ეს გამოვლინებანი (და სხვანიც) წაეშალა ჩვენში. შეიქმნა უნიკალური მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე, რაც შემდგომ, ათეისტური რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამან განაპირობა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის აუცილებლობა. ეს პირველად 1842 წელს განხორციელდა (არქიმანდრიტ სოფრონ ერისთავისა და ანდრია მრევლიშვილის მიერ). საგალობელთა უდიდესი რაოდენობა კი, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში და XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს.

ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს წმინდანად შერაცხულებმა: ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსებმა, დიმიტრი ყიფიანმა. შეუფასებელი შრომა გასწიეს: წმინდა ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და ექვთიმე კერესელიძემ; ასევე დიდმა მოღვაწეებმა, - რაჟდენ ხუნდაძემ, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა, დავით ჩიჯავაძემ, დავით მოლოდინაშვილმა, მიხეილ ელიზბარაშვილმა, ანდრია არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ და სხვებმა.  მათი მუშაკობით 10 000-ზე მეტი საგალობელი გადარჩა. XX საუკუნეში კი ქართველი ფოლკლორისტების მიერ მოხდა შესანიშნავი მასალის ჩაწერა არტემ ერქომაიშვილისა და სხვა ოსტატებისაგან.

შემდგომ უკვე  საჭირო იყო ყოველივე ამის გაცოცხლება, მსმენელამდე  მიტანა. ეს მისია ერის წინაშე ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა ანსამბლებმა, - „გორდელამ“ და „რუსთავმა“ იტვირთეს და როგორც ჩვენს ხალხში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. საგალობლების ღვთისმსახურებაში გამოყენებით კი ეს მისია გააგრძელა ეკლესიამ.

მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ანჩისხატის, სიონის, სვეტიცხოვლის,  წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდები, ქ-ნი  ლია სალაყაია და სხვა ლოტბარნი, რომლებიც ქალაქებსა თუ სოფლებში ერთგულად ემსახურებოდნენ ამ საღვთო საქმეს.

მაგრამ ჩვენს დროში ქართული მრავალმხმიანობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“  ხელშეწყობით 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება, 2016 წლიდან კი, -  გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  და, აი, დღეს თქვენს წინაშეა ამ ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6000-ზე მეტ საგალობელს მოიცავს. მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმოსაწვდომი.

ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის  გუნდის ხელმძღვანელის, სვიმონ ჯანგულაშვილის და ჩვენი ცნობილი მგალობლის, ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით, გამორჩეული მუსიკოლოგების, -   ქ-ნ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების, -  ბ-ნ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალვორსონის თანადგომით.

მთელი ამ პროცესის გამორჩეული მონაწილეა, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილებიც  საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ.  დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. 

გამოცემული ტომეულები არა მარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ იგი ასევე დიდად შეუწყობს ხელს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის  ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობასა და შესწავლას. მათ გარდა, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევარისა თუ მოყვარულისათვის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.

და ბოლოს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერისა და ფონდ „ქართული გალობის“ გარეშე დღევანდელი შედეგი ვერ მიიღწეოდა, ქართული გალობა ასე ვერ აღორძინდებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულიც ვერ იქნებოდა.

გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ხელნაწერთა ნახევარზე მეტი დასაბეჭდია და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენი. ამ ნოტებში მოცემულია ყველა დღესასწაულისა და საღვთისმსახურო განგების საგალობლები - 8 ხმის სისტემის თუ სხვა ლიტურგიკული ტრადიციების თანახმად შექმნილი და სისტემატიზირებული ჰიმნები. საჭიროა მათი დაბრუნება ჩვენს ტაძრებში, რაც ქართული ღვთისმსახურების ოდინდელ დიდებულებას აღადგენს.

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ქართული გალობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას და ისინიც, ვინც მის  გადარჩენას, დაცვასა და გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიის მგალობლები, ლოტბარები, დირიჟორები, გალობის მკვლევარნი და ამ საეკლესიო ხელოვნების  გულშემატკივარნი.

ფსალმუნში ვკითხულობთ: „ნეტარ არს ერი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო.“

ღმერთმა ამ ნეტარების ღირსი გახადოს საქართველოც,  ამინ!

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

 

14. 03. 2024.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველო პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ქ-ნი თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბ-ნი გიორგი ამილახვარი,  შინაგან საქმეთა მინისტრი ბ-ნი ვახტანგ გომელაური, ქალაქ თბილისის მერი, ბ-ნი კახი კალაძე,  ფონდ ,,ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბ-ნი ვანო ჩხარტიშვილი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი, ქ-ნი ნანა გოთუა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საპატრიარქოს გალობის ცენტრის ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,  სამღვდელოება, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ბ-ნ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია; ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის და, მეორე მხრივ, ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ, ზოგადად, სამყაროსადმი.

ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა.

დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის, გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა.

უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა.

დღეს, ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.

ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.

დღეს ჩვენ წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც, ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი, - ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა.

ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში.

მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს, - ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები, მადლობა თითოეულ თქვენგანს.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში“.