პატრიარქის ქადაგება ჯვრისთაყვანისცემის კვირას (03.04.2016)

„ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირას ეწოდება ჯვრისთაყვანისცემის კვირა. ეს არის დიდმარხვის შუა კვირა. დიდი მარხვა შედგება 6 კვირისაგან და ვნების შვიდეულისაგან და ეს არის ნახევარი.
დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთავი, ჯვრის მატარებელი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მას აქვს მძიმე ჯვარი. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთს – ერის სიმძიმის ტვირთვა, დაიწერა საგალობელი „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”. არის შემთხვევები, ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, ეცემა, ვეღარ მიდის, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა, ფიქრობს რომ ამით დამთავრდება მისი ცხოვრება, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და თხოვოს უფალს და უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში.
ადამიანის ცხოვრება შედგება ჯვრისაგან. ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯავარი: ვერტიკალური – სწრაფვა ღმრთისაკენ და ჰორიზონტალური – სწრაფვა ადამიანისაკენ. ეს ორი ხაზი, ორი სწრაფვა შეადგენს ჯვარს და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით შექმნის ამ ჯვარს.
ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
მრავალი მაგალითი არის ჩვენს ცხოვრებაში, დღესაც და წარსულშიც, როგორი მძმე ჯვარი ქონდა ადამიანს, რომელიც ღვთის წყალობით ბოლომდე მიიტანა.
ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ ბოლომდე მივიტანოთ და უფალთან წარვადგინოთ ჩვენი ჯვარი.
დღეს 50 წელი შეუსრულდა მამა ანდრია (ყურაშვილი), რომელიც აფხაზეთში იური ანუასთან ერთად დახვრიტეს. შეგვეწიოს მისი ლოცვა.
დღეს ჩვენთან ბრძანდებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ აუტიზმით ავადმყოფი შვილები (გუშინ იყო აუტიზმის დაძლევის დღე). მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების, ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა, რომ ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე – ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან.
ღმერთმა ძალა მოგცეთ. უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა, შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ადამიანი არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამ ძმიმე ჯვრის წინაშე ეცემიან და თავს იკლავენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს სასწორაკვეთილებაში, ღმერთი აუცილებლად დაეხმარება დასძლევს ამ სიმძიმეს.
დღეს ჩვენთან ბრძანდებიან „სახალხო ექიმები“, მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყო და არის, განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან მას ეწოდებოდა: ხალხური, ანდაც სატაძრო მედიცინა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი საქართველოში.
17 აპრილიდან ტაძრებთან იქნება ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა. რა თქმა უნდა, ეს წამლები შემოწმებულია, რეგისტრირებულია. მე მინდა რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ ხალხური მედიცინა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის დღესასწაულს. ჯვარი არის ძალა ღვთისა, ჯვრის ძალა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვრის ძალამ მოგცეთ მადლი, რომ დაძლიოთ ყოველგვარი წინააღმდეგობა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის ხარების დღესასწაული. ეს ისეთი დღესასწაულია, რომ, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ჩიტი ბუდესაც კიარ აკეთებს ამ დღეს, ყველა უფალს ადიდებს. ამიტომ თქვენც ყოველი მატერიალური ზრუნვა გადადეთ და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა.
ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე, აქ , სამების ტაძარში შესრულდება საღამოს ლოცვა და ხუთშაბათს მცხეთაში, სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა, რომელსაც, ღვთის მადლით, მე თვითონ შევასრულებ.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
3 აპრილი 2016 წელი