ხონისა და სამტრედიის ეპარქია

ხონისა და სამტრედიის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი

ხონისა და სამტრედიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს აერთიანებს. ეპარქია რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის ეპარქიები, დასავლეთიდან _ ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან _ ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან _ შემოქმედის ეპარქიები.

ტრადიციულად კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, ისტორიული ვაკე იმერეთი, დასავლეთ საქართველოში ქვეყნის სიძლიერისა და სახელმწიფოებრიობის მტკიცე დასაყრდენი იყო. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დასავლეთ საქართველოში აღსრულებულა, ამ კუთხის ისტორიასაც უკავშირდება. ცალკე სამეფოდ გამოყოფილ იმერეთში ვაკე მძლავრ სადროშოდ ითვლებოდა.

იმერეთის ცენტრალურ საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთ სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI საუკუნეში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.) უკავშირდება. ხონის ახლად ჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი გახლდათ მანოელი (ჩხეტიძე), რომელიც 1529 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ აკურთხა ეპისკოპოსად.

სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იყო. ამიტომ სამღვდელმთავრო ტერიტორია დაარსებიდანვე იმერეთის სამეფოს საკმაოდ ვრცელ სანახებს მოიცავდა. მას 70-მდე დიდი სოფელი ეკუთვნოდა, თითოეულ სოფელში ორი, სამი და მეტი ეკლესია იყო. ეპარქიაში შედიოდა აგრეთვე ვანის, ხონის ქვაყუდისა და მათხოჯის დიდი მონასტრებიც.

ეპარქიის დაფუძნებიდან ცნობილია ხონის შემდეგი მღვდელმთავრები:

მთავარეპისკოპოსი მანოელ ჩხეიძე (1529 წ.)
მთავარეპისკოპოსი ზაქარია ჩხეიძე (1558-1578 წწ.)
მთავარეპისკოპოსი გედეონი (XVI ს. ბოლო _ XVII ს. დასაწ.)
მთავარეპისკოპოსი (კათოლიკოსი) მალაქია გურიელი (1619-20_1639)
მთავარეპისკოპოსი მაქსიმე მაჭუტაძე (1640-1657 წწ.)
მთავარეპისკოპოსი სვიმონ ჩხეიძე (XVII საუკუნის შუა წლები)
მთავარეპისკოპოსი სვიმონ ჩიჯავაძე
მთავარეპისკოპოსი ბასილ ჩხეიძე (XVII ს.)
მთავარეპისკოპოსი რომანოზ ერისთავი (XVIII საუკუნის I მეოთხედი)
მთავარეპისკოპოსი იოსებ მროველყოფილი (1750-1763 წწ.)
მთავარეპისკოპოსი მაქსიმე იაშვილი (1763-1770 წწ.)
მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე (1771-1820 წწ.)

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და 1819-1821 წწ-ის იმერეთის ცნობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1821 წ. ნოემბერში, იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. ხონის ეპარქიის ვრცელი სამწყსო და საეკლესიო გლეხები სახაზინო უწყებაში გადაირიცხა. რუსეთის ეკლესიის უმაღლესი იერარქიის მხრიდან მძლავრი ზეწოლის მიუხედავად, იმერეთის ეპარქიაში გაერთიანებულ ხონის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე საეკლესიო ცხოვრება ბოლომდე არ ჩამკვდარა. განსაკუთრებით გამოირჩევა XIX საუკუნის ბოლო მესამედი, წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის იმერეთის ეპისკოპოსად მოღვაწეობის ხანა. (1860-1896წწ.).

მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი ტრადიციების მქონე ეპარქია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1995 წ. 5 აპრილს კვლავ აღდგა.

1996 წ. ნოემბრიდან ხონის სამღვდელმთავრო კათედრის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი საბა გიგიბერია.

ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები:

ხონის რაიონი:
ხონის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი
მათხოჯის წმიდა ბასილი დიდის ეკლესია
ქუტირის წმიდა გიორგის ეკლესია
ქუტირი წმიდა პანტელეიმონის ეკლესია
პატარა ჯიხაიშის წმიდა გიორგის ეკლესია
გვიშტიბის წმიდა გიორგის ეკლესია
გორდის წმიდა გიორგის ეკლესია
მეურენობის დასახლების ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ნახახულევის წმიდა ბარბარეს ეკლესია
უძლოურის მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერი
მათხოჯის წმიდა ნინოს დედათა მონასტერი
ხონის წმიდა საბა განწმედილის დედათა მონასტერი (აქვე არის მღვდელმთავრის რეზიდენცია)
კუხის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი
ივანდიდის წმიდა გიორგის ტაძარი
ახაშენის წმიდა კვირიკეს და წმიდა ივლიტას ტაძარი
გოჩა ჯიხაიშის წმიდა იოანე ნათლისმცემელის შობის ტაძარი.

სამტრედიის რაიონი:
სამტრედიის წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი და მღვდელმთავრის რეზიდენცია
სამტრედიის წმიდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარი
სამტრედიის მაცხოვრის შობის ეკლესია
სამტრედიის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია
ღანირის წმიდა გიორგის ეკლესია
ჭაგანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
კულაშის ჯვართამაღლების ეკლესია
ხუნჭულაურის მაცხოვრის შობის ეკლესია
ყაზბეგის წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია
ბერძნისწყაროს წმიდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
ნოღის წმიდა გიორგის ეკლესია
იანეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ბაშის ორნავიანი ბაზილიკა (ცენტრალური ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა, მინაშენი წმიდა ნიკოლოზის)
ჭაგანის წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია
ზემო გომის წმიდა ნინოს ეკლესია
ზემო ოფეთის წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია
ქორეისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია.
სამტრედიის ხარების ტაძარი
ახალსოფლის წმიდა ნინოს ტაძარი
დიდი ჯიხაიშის წმიდა გიორგის ტაძარი
ქვემო ოფეთის წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარი
ზანდის წმიდა გიორგის ტაძარი.
ზემო გომის წმიდა გიორგის ტაძარი
ნიგორზღვის წმიდა გიორგის ტაძარი
გორდის წმიდა გიორგის ტაძარი
გორდის წმიდა ნინოს ტაძარი
ძეძილეთის წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარი
გორდის წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარი
პატარა ჯიხაიშის მაცხოვრის ტაძარი
სუხჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი.

საგანმანათლებლო დაწესებულებები:
სამტრედიის წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახ. მართლმადიდებლური სკოლა, გრ. რობაქიძის ქ. 63, რექტორი – მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), დირექტორი _ ნატალია კოპალეიშვილი.