უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში (02.06.2023)

ა.წ. 2 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს უნგრეთის ვიცე პრემიერი ბ-ნი ჟოლტ შემიენი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი ანა მარია შიკო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალცხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

უნგრეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა  უძველესი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანაში სტუმრობა და მეტად მნიშვნელოვანია შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან.  მისივე თქმით, უნგრეთიც, საქართველოს მსგავსად, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე  დაფუძნებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ქრისტიანულ ფასეულობებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

,,უნგრეთში გვაქვს სამი მთავარი ფასეულობა: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი. ამ ღირებულებების ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი ხალხი,“ - დასძინა მან.

ბ-ნმა ჟოლტ შემიენმა ბრძანა ისიც, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა და ევროპას სჭირდება საქართველო, ამასთან დაცული და შენარჩუნებელი უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. მან მწუხარება გამოთქვა გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემის გამო, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და თავისი ქვეყნისა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოგვიცხადა.

მღვდელმთავრებმა მადლიერებით აღნიშნეს უნგრეთის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული თანადგომა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ვიზიტისთვის, დალოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.