პროექტი ,,წიგნიერი ლიდერი 2023 წელი“ (15.06.2023)

ა.წ. 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზაცია ,,დავითიანნის“ (ხელმძღვანელი კოტე სვანაძე) ყოველწლიური პროექტის, - ,,წიგნიერი ლიდერის” გამოსაშვები საღამო გაიმართა.

პროექტში ჩართული იყო თბილისის 40 სკოლის მეათე კლასელთა გუნდები. ბავშვებმა ,,დავითიანნის“ ხელშეწყობით ერთი წლის განმავლობაში შეისწავლეს ძველი და ახალი აღთქმა, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორია.

აღსანიშნავია, რომ გარდა სწავლებებისა, მოზარდებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ფსიქოლოგების საუბრებს მნიშვნელოვან თემებზე, შეხვედროდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და გაეცნოთ მათი საქმიანობა და უნარ-ჩვევები. ასევე, მოსწავლეებმა ,,დავითიანნთან“ თანამშრომლობით სკოლებში დააფუძნეს კლუბები და ამ კლუბების საშუალებით განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები: კლუბის საზეიმო გახსნის ცერემონია, საქველმოქმედო აქცია, ვიდეორგოლების გადაღება და ,,დავითიანნის“ ახალი თაობის შერჩევა. მთელი წლის განმავლობაში ბავშვები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულები სასწავლო და შემოქმედებით პროცესში და კარგი შედეგებიც აჩვენეს.

წელს ემოციურ და დაძაბულ ფინალში გაიმარჯვა 90-ე საჯარო სკოლის გუნდმა და მოიპოვა ტაო-კლარჯეთის საგზური. გარდა ამისა გამარჯვებულები გამოვლინდნენ ტესტირების მიხედვითაც (ინდივიდუალურად).

მართალია, ექსკურსიით მხოლოდ გამარჯვებულნი დაჯილდოვდნენ,  მაგრამ სასიხარულოა, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, უმეგობრდებიან და სხვისი წარმატება საკუთარივით ახარებთ - სწორედ ეს არის დიდი ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ პროექტი შედგა.

მომავალი პროექტი დაიწყება სექტემბერში და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი“ იწვევს ყველა სკოლის X კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის გუნდებს.