მსოფლიო პატრიარქის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში (21.06.2023)

ა.წ. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ბიოგრაფიული წიგნის, - „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“ – ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნი მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის მიერ დაიწერა და ქართულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბ-ნ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით გამოიცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები (ბურსის მიტროპოლიტი იოაკიმე (ბილისი), სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია (ჯინჯოლავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, სამღვდელოება, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და დაინტერესებული პირები.

სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის შესახებ, აღნიშნეს მისი ყოვლადუწმინდესობის ძმური დამოკიდებულება და სიყვარული ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და პირადად   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი, ასევე ისაუბრეს ორი უძველესი ეკლესიის მეთაურის მიერ ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევის შესახებ.   ხაზი გაესვა მსოფლიო პატრიარქის პოზიციას, რომ მიუხედავად პოლიტიკური ბარიერებისა, აფხაზეთი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია და დაუშვებელია სეპარატისტული ძალების წახალისება.