საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო (12.07.2023)

ა.წ. 11 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში,  მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები; ასევე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლექსების კრებული და სიმღერების ალბომი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), საპატრიარქოს თანამშრომლები, სახელმწიფოს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და  სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხეზე კვეთის სახელოსნოები უკვე წლებია ფუნქციონირებს. მსჯავრდებულები პროფესიონალ პედაგოგთან ერთად სწავლობენ ხატწერასაც, რაც მათ არა მხოლოდ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების, არამედ გათავისუფლების შემდგომ დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს.

წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების გაოცება და დიდი მოწონება დაიმსახურა.