ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში (23.08.2023)

ა.წ. 23 აგვისტოს ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ქ-ნი ჰაჯა ლაბიბი დელეგაციის წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი.

მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა. ასევე ისაუბრეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

მეუფე თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მადლიერება გამოხატა ბელგიის ხელისუფლების მიმართ, ბელგიაში არსებული ქართული სამრევლოებისა და დიასპორის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

ქ-ნმა ჰაჯა ლაბიბმა მღვდელმთავრებს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის ისინი საპასუხო ვიზიტით ბელგიაში მიიწვია.