აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში (28.09.2023)

ა.წ 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი შედგა. სტუმრად იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი მუბარიზ გურბანლი,  საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ბ-ნი ფაიგ გულიევი, კავ­კა­სი­ის მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ­ი ლი­დერ­ის, შეიხ ულ ის­ლამ ალაჰ შუ­ქურ ფაშა-ზა­დეს პირველი მოადგილე ჰაჯი სალმან მუსაევი და დელეგაციის სხვა წევრები. საქართველოს საპატრიარქოს წარმოადგენდნენ: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ისტორიულ ჰერეთში მოღვაწე დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.  ჩამობრძანებულები იყვნენ კახის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს თავმჯდომარე იაგო კაციაშვილი და სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სამრევლოს თავმჯდომარე თეიმურაზ ბარიხაშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს თანამშრომლებით.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებიც, ასევე ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.  ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და ხალხთა შორის მეგობრობის მნიშვნელობას.

მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართველებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ეს საკითხი და მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.

მადლიერებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დაახლოებითა და კოორდინაციით სასიკეთო ცვლილებებია ჰერეთში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის. აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად ხელი შეუწყოს იქ არსებულ სამრევლოებს.

ამავე შეხვედრაზე თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეთა მიერ გამოითქვა დიალოგის გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი, რაც ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას.