საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (29.09.2023)

2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა  თემაზე:  აფხაზეთი, - თანამედროვე რეალობა და გამოწვევები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს,  აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას.

სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს საერთაშორისო დონეზე სათანადოდ უზრუნველყოს კონფლიქტის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას ემატება ქართულ სივრცეშიც ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, რომელიც ზიანს აყენებს ეროვნულ და  სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ქართველი ხალხის სამართლიანი მისწრაფების - მშვიდობით აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, - განხორციელებისთვის.