ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა ჩატარდა (30.09.2023)

ა.წ. 30 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წიგნის - ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სამღვდელო და სამოზოვნო დასი,  სხვა დაინტერესებული პირები.

დამსწრე საზოგადოებას თავდაპირველად მიესალმნენ და ნაშრომი წარუდგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). შემდეგ ღირსი ალექსი შუშანიას მოღვაწეობისა და მისი სულიერი შვილების შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). ბოლოს კი შეკრებილთ სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) 1852-1923 წლებში ცხოვრობდა. ასკეტური ღვაწლით გამორჩეულმა ბერმა მისიონერული და აპოლოგეტური მოღვაწეობითა და მოყვასისადმი თავდადებული და უანგარო მსახურებით  უდიდესი წვლილი შეიტანა XIX-XX საუკუნეებში ცარიზმისაგან დევნილი ქართული ენისა და საერთოდ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვის საქმეში. მის მიერ აღზრდილმა მოძღვრებმაც ღირსეულად გააგრძელეს მამა ალექსის გზა და საქართველოს სულიერი ცხოვრების გადარჩენაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ღირსი ალექსი შუშანია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ  მისი გარდაცვალების დღე - 18(31) იანვარი დააწესა.

წელს ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა და მეუფე შიოს მიერ გამოცემული წიგნიც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა.